რამდენიმე დღის წინ კრასნოიარსკში ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი ტურნირი გაიმართა
რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი ტურნირი, რომელსაც ამჯერადაც კრასნოიარსკმა უმასპინძლა. რუსეთის ნაკრებისთვის ესაა ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ თითქმის ბოლომდე გაირკვა ევროპაზე წამსვლელი ჩვენი გუნდის შემადგენლობა - იქ ჩემპიონები იჭიდავებენ (თუმცა ერთი-ორგან ცვლილებაცაა მოსალოდნელი), იარიგინის ტურნირმა კი ევროპაზე წამსვლელი რუსთა გუნდიც გამოავლინა. საინტერესოა, რომ ყველა წონაში მათ იმარჯვეს: ჯამალ ოთარსულთანოვი (55), ოპან სატი (60), ადამ ბატიროვი (66), საბა ხუბეჟტი (74), ანზორ ურიშევი (84), შამილ ახმედოვი (96) და ბახტიარ ახმედოვი (120, აბსოლუტური) ჩემპიონები გახდნენ. შესაბამისად, 29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით დიუსელდორფში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც ესენი იჭიდავებენ, თუ ვინმეს ტრავმა არ შეუშლის ხელს.

რიგით 22-ე ეს ტურნირი ძალიან ძლიერი გამოდგა. მონაწილეთა უმრავლესობას კვლავაც მასპინძლები შეადგენდნენ. მათ გარდა, აშშ-ს, იაპონიის, მონღოლეთის, ირანის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სოლიდური ნაკრებიც გამოდიოდა, ჯამში 55 ნაკრები. მართალია, ამათ შორის რუსეთის რეგიონების გუნდებიც შედიან, თუმცა ეს საერთო სურათს არ ცვლის - ისინიც კი ძალიან ძლიერები არიან, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია - ბოლო წლებში ამაზე ბევრად მეტი მსოფლიოს პირველობაზეც არ გროვდება.

რუსთა წარმატება მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ იქაურთა მთავარმა დამრიგებელმა ჯამბულათ თედეევმა მსოფლიოს ოთხივე მოქმედი ჩემპიონი - ვიქტორ ლებედევი (55), ბესიკ კუდუხოვი (66), დენის ცარგუში (74) და ბილიალ მახოვი (120), აგრეთვე, ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ბოლო პირველობის ვერცხლის პრიზიორი ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) დაასვენა (სავარაუდოდ, ისინი სულ მალე სტამბოლში იჭიდავებენ იაშარ დოგუს სახელობის ასევე "ოქროს დიდ პრიზზე"). ამის მიუხედავად, რუსთა შესუსტებულ გუნდსაც კი არ გასჭირვებია ყველა ოქროს მოპოვება. საინტერესოა, რომ მონაწილეთა შორის არ იყვნენ აზერბაიჯანელები - ეტყობა, ისინი საგანგებოდ ემზადებიან მსოფლიოს პირველობისთვის. არადა, საკითხავია, შეცვლიდა თუ არა მათი ნატურალიზებულებით სავსე ნაკრების იქ ყოფნა რამეს. ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რუსთა ჰეგემონობა თავისუფალ ჭიდაობაში. თან მათ შორის კონკურენციაც საინტერესოდ წარიმართა.

ჩეჩენმა ოთარსულთანოვმა საკმაოდ იოლად გაიმარჯვა. აქ თითქოს ლებედევსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ როგორც ამბობენ, მას ძალიან ბევრი აქვს დასაკლები. ალბათ, ამიტომ, ბოლო დღეებში მისი ჭიდაობა გამოირიცხა. რუსი სპეციალისტები თუ ქომაგები მის არყოფნაში დაღესტანის ნაკრების წევრის, ეროვნებით კუმიკი ევროპის ჩემპიონის - ნარიმან ისრაპილოვის გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ ის მეორე წრეში ამერიკელ ბლანკთან დამარცხდა. არადა, კუმიკმა პირველი პერიოდი 7:0 მოიგო. ფიზიკურად კარგად მომზადებულმა ოთარსულთანოვმა მერვედფინალში შეჯიბრების მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი, იაპონელი იუმოტო შინიჩი, ნახევარფინალში რუსი არტემ გებეკოვი, ფინალში კი ასევე რუსეთის წარმომადგენელი, ბურიატი ალექსანდრ ბოგომაევი დაამარცხა. ის ევროპის 2008 წლის ჩემპიონია, ხოლო მისი დებიუტი ამ შეჯიბრებაზე 2006 წელს შედგა და ბრინჯაოთი დასრულდა. ვნახოთ, რას იზამს ის ამჯერად. იაპონელთან ერთად, აქ ბრინჯაოს რუსი რუსტამ ამპარიც დაეუფლა.

ეროვნებით ტუვინი ოპან სატი ევროპის მოქმედი ჩემპიონია - შარშან ბაქოში ფინალში მალხაზ ზარქუა დაგვიმარცხა. მან საკმაოდ რთული ბრძოლა მოიგო ნახევარფინალში ჩეჩენ ახმედ ჩაკაევთან, ფინალში კი დაღესტნელთა ავარელ რასულ მურთაზალიევს მოუგო. ის ტუვის რესპუბლიკიდან სავარჯიშოდ მეზობელ კრასნოიარსკში გადასახლდა და მეზობლებს მადლობაც გადაუხადა სათანადო პირობების შექმნისთვის. "ადრე მე გაუმართლებლად ვრისკავდი, რაც ხშირად არასახარბიელო მდგომარეობაში მაგდებდა, ახლა კი, განსაკუთრებით ფინალში, აკურატულად ვიჭიდავე. იარიგინის ტურნირზე პირველად გამოვედი ფავორიტის რანგში - ევროპის ჩემპიონობა ბევრს გავალებს" - განაცხადა მან. ამ წონაში ბრინჯაოები ჩაკაევმა და ასევე რუსეთის წარმომადგენელმა ასლან დოხოვმა მოიპოვეს.

66-ში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მავლეტ ბატიროვის უმცროსმა ძმამ - ადამ ბატიროვმა იმარჯვა. კარგა ხანია, ავარელი ძმები ისე აქტიურად აღარ ჩანან საჭიდაო ლეიბზე, ადამმა კი თავისი გამარჯვება ახალ მწვრთნელს - სალიმ ნუცალხანოვს დაუკავშირა. ამ ცნობილმა მწვრთნელმა სახელი ხასავიურტში შამილ უმახანოვის დარბაზში მუშაობით გაითქვა, სადაც იგივე მავლეტ ბატიროვი, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბილიალ მახოვი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მახაჩ მურთაზალიევი და არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა. ადამ ბატიროვმა მასთან ვარჯიში ორი თვის წინ დაიწყო და ფიზიკურად იმდენად მოუმატა, ასე მოკლე დროში პირველი წარმატებაც მოიპოვა. ბატიროვმა ეს გამარჯვება სწორედ კარგი ფიზმომზადებით ახსნა. სხვათა შორის, ნუცალხანოვს სწორედ ფიზიკური კონდიციების დახვეწისთვის ბუვაისა საიტიევიც (74) ემადლიერებოდა, როცა პეკინში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ნუცალხანოვი ორი წლის წინ ხასავიურტიდან კრასნოიარსკში გადაიყვანეს საიტიევის მწვრთნელად. დიმიტრი მინდიაშვილის მეთვალყურეობით მოვარჯიშე ჩეჩენი ფალავანი იმ დროს უკვე ოლიმპიადის ორგზის, ევროპისა და მსოფლიოს 6-6-გზის ჩემპიონი იყო, მაგრამ პეკინისთვის მაინც გაუზარდეს დატვირთვები და დასახმარებლად ნუცალხანოვის მიმართეს. არც შეცდარან - საიტიევმა პეკინში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ის წარმატება ნუცალხანოვის საწვრთნელო მეთოდიკას, ფიზიკური კონდიციების გაძლიერებას მიაწერა: "ადრე შტანგებზე ვარჯიში არასოდეს მიყვარდა, ახლა კი ვგრძნობ, ცხოვრებაში ფიზიკურად ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ მომზადებული" - განაცხადა მან ფინალის წინ.

ნუცალხანოვი ძირითადად ფიზმომზადების სპეციალისტადაა ცნობილი, მაგრამ მის სესახებ ძალიან საყურადრებო რამ განაცხადა ადამ ბატიროვმა: "წლების განმავლობაში თიაქარი მაწუხებდა, წელი საშინლად მტკიოდა. გერმანიაშიც კი ვაპირებდი საოპერაციოდ წასვლას, მაგრამ ნუცალხანოვმა ფიზმომზადების საგანგებო პროგრამა შემიდგინა. შედეგად, ორ კვირაში წელის ტკივილმა გამიარა". ვერ გეტყვით, თიაქარის ამგვარად მორჩენა რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელი მედიცინაშიც კარგად ერკვევა, ამაში კი კიდევ უფრო გვშურს მისი. სამედიცინო საქმე იმდენად სპეციფიურია, ყველას ვერ მოსთხოვ მის საფუძვლიან ცოდნას, მაგრამ დასამალი არაა, ქართველი მწვრთნელები (ეს მხოლოდ მოჭიდავეებს არ ეხება) უმეტესად ვერ ერკვევიან ძალიან მარტივ რამეებშიც კი. არადა, სამწვრთნელო პროცესი მხოლოდ ლეიბზე ვარჯიში არაა.

აქ ბრინჯაოს მედლებს რუსთა ფალავნები - ისრაილ კასუმოვი და მაგომედმურად გაჯიევი დაეუფლნენ. ამ წონასა და ადამ ბატიროვზე საუბარს იმით დავასრულებთ, რომ მას მსოფლიოსთვის მთავარ შესარჩევ ტურნირზე - რუსეთის პირველობაზე საკუთარ ძმასთან მოუწევს დაპირისპირება. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, მავლეტი კი მესამე ოლიმპიური ტრიუმფისთვისთვის ემზადება.

ძმების დაპირისპირება კრასნოიარსკშიც შეიძლებოდა გვეხილა, ოღონდ არა ამ წონაში და არა ბატიროვების მონაწილეობით, არამედ 74-ში, სადაც ფინალში საბა და კახა ხუბეჟტები გავიდნენ, მაგრამ კახამ არ იჭიდავა. ამათგან საბა რუსეთის ნაკრებს წარმოადგენდა (ოსეთის გუნდს), კახა კი სლოვაკეთის სახელით გამოდიოდა. მათი სახელები თავისთავად გვაფიქრებინებს ძმების კავშირზე საქართველოსთან. ეჭვი კიდევ უფრო გაგვიძლიერა ოსურ სპორტულ ფორუმზე გამოქვეყნებულმა ქართულსახელიანი დედის - ნონა ხუბეჟტის მცირე კომენტარმა, სადაც იმაზე საუბრობს, თუ რა ძნელია ერთმანეთის კონკურენტად ქცეული შვილების ქომაგობა. საბოლოოდ მეგობრების (ამისთვის დიდი მადლობა მათ) და იგივე რუსულ-ოსური საიტების დახმარებით დავადგინეთ, რომ ძმები თბილისში დაბადებულან, დედა გვარად ბაგაურია, მამა კი ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანიდანაა წასული, რომელიც ოსური სოფელია. სავარაუდოდ, ძმებმა ჭიდაობაც იქ დაიწყეს, რადგან ქართველმა მწვრთნელებმა მათ შესახებ არაფერი იციან.

ხუბეჟტები ბავშვთა იმ გახმაურებული ტრაგედიით ცნობილი ბესლანიდან არიან და დღეს თუმც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ვარჯიშით კვლავაც ერთად ვარჯიშობენ - ვლადიკავკაზში, ვიაჩესლავ ბაგაევთან. ფინალამდე უფრო რთული გზა კახამ გაიარა - ბულგარელი ოლიმპიური პრიზიორი კირილ ტერზიევი დაამარცხა. ეტყობა, მას მაინც განაღდებული აქვს სლოვაკეთის არცთუ ძლიერ ნაკრებში პირველობა და ახლა ძმას დაეხმარა საევროპო საგზურის მოპოვებაში. იქნებ საბას ისეც მოეგო, მაგრამ რომ წაეგო, დიუსელდორფში გამგზავრების შანსი შეუმცირდებოდა. ამ წონაში ოსებს იმედები გაუცრუა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ირბეკ ფარნიევმა, რომელიც უნგრელ მსოფლიოს პრიზიორ გაბორ ჰატოშთან მოგების შემდეგ მეორე წრეში მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, რუსეთის წარმომადგენელ მუსლიმ დადაევთან დამარცხდა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მეორე ბრინჯაო ასევე რუსეთის გუნდის წევრ ზამირ ამპაჟევს დარჩა.

ყაბარდოელი ანზორ ურიშევი დიუსელდორფში ტიტულის დაცვას და ევროპაზე ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებას შეეცდება. მან ნაადრევი ფინალი ნახევარფინალში იჭიდავა, როცა დაღესტნელთა კიდევ ერთი ავარელი აბდუსალამ გადისოვი დაამარცხა. რაც შეეხება ფინალს, იქ ჩეჩენი ალბერტ სარიტოვი დაჯაბნა. ურიშევმა მეხუთედ იჭიდავა ამ შეჯიბრებაში და თავდაპირველი წარუმატებლობის შემდეგ, ბოლო სამი სეზონი არითმეტიკული პროგრესიით მიიწევდა ოქროსკენ - შარშანწინ ბრინჯაო მოიპოვა, შარშან - ვერცხლი, ახლა - ოქრო. ის კრასნოიარსკში ცხოვრობს და გამარჯვების ერთ-ერთ წინაპირობად ესეც მიიჩნია, არც რამდენიმესაათიანი გადაფრენა დამჭირვებია, არც აკლიმატიზაციას შევუწუხებივარ და მშვიდად ვემზადებოდიო. აკლიმატიზაციის პრობლემას ხაზი გადისოვმაც გაუსვა, ჯერ ფრენამ დამღალა, მერე კი ვერც ღამე დავიძინე და ვერ განვეწყვე საჭიდაოდ, ხოლო ურიშევი და სარიტოვი კრასნოიარსკში ვარჯიშობენ და ამიტომ ეს პრობლემები არ შექმნიათო. ურიშევმა მეორე წრეში ამერიკელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯეიხუნ ვერნერი დაამარცხა, სარიტოვსა და გადისოვზე კი განაცხადა, ორივეს კარგად ვიცნობ და მათთან საჭიდაოდ საგანგებოდ არ მოვმზადებულვარ, ახალ ილეთებს ვერ მოვიგონებდი. უბრალოდ, დაკვირვებით ვიჭიდავეო.

გადისოვმა შარშან სამჯერ მოუგო ურიშევს, მაგრამ ის მაინც ბედისწერად ექცა - შარშან მწვრთნელებმა მომზადება დაუწუნეს და იმის მიხედავად, რომ ეს შეჯიბრება მოიგო, ფინალში კი ურიშევს მოუგო, ევროპაზე მაინც ყაბარდოელი წაიყვანეს; გადისოვმა მერე რუსეთის პირველობაც წააგო და ვეღარც მსოფლიოზე მოხვდა, ახლა კი ევროპაზე წასვლის შანსი რომ თითქმის აღარ დარჩა, თვითონაც აღიარა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან ამერიკელი მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი იაკობ ჰერბერტი დაამარცხა, რითაც რევანში აიღო 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგებისთვის - იქ გადისოვმა პირველად იჭიდავა ეროვნულ ნაკრებში.

ამ წონაში მეორე ნახევარფინალიც ფრიად საინტერესო გამოდგა სარიტოვმა ორ პერიოდში საკმაოდ იოლად გადაურბინა ოსთა ევროპის ჩემპიონ სოსლან კცოევს - პირველი პერიოდი 1:0 მოუგო, მეორე კი 3-ქულიანი გდებით დაუმთავრა. საბოლოოდ კცოევი და გადისოვი მესამეზე გავიდნენ.

კვლავ დამარცხდა ჩვენი თანამემამულე გიორგი კეტოევი (96). ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ნახევარფინალში შამილ ახმედოვთან წააგო, თუმცა პირველი პერიოდის შემდეგ იგებდა. საბოლოოდ ჩვენებურმა ბრინჯაო კი მოიპოვა, მაგრამ ეს მისთვის დიდი შვება არ იქნება. კვარცხლბეკზე მის გვერდით მასპინძელთა კიდევ ერთი ფავორიტი იური ბელონოვსკიმ დადგა, რომლის მარცხიც საკმაოდ მოულოდნელი იყო.

ამ წონის გამარჯვებული ახმედოვი ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ის ეროვნებით კუმიკია დაღესტანიდან და აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეს ტურნირი კუმიკების და ახმედოვების ბენეფისად იქცა - ასევე კუმიკია მძიმესა და აბსოლუტურში გამარჯვებული ბახტიარ ახმედოვი, ხოლო აბსოლუტურში სულაც მოგვარეთა ფინალი გაიმართა.

შამილ ახმედოვმა ფინალში ახალგაზრდა ოსი ვლადისლავ ბაიცაევი დაჯაბნა, რომელსაც კარგად იცნობს ახალგაზრდული ტურნირებიდან - აქამდე ისინი ძირითადი კონკურენტები ახალგაზრდულში იყვნენ და მაშინაც ძირითადად კუმიკი უგებდა. ახმედოვმა განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურად მზადაა უფროსებში საჭიდაოდ, თუმცა არც ის დაუმალავს, ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა ვისწავლო, ვინაიდან გამოცდილებაც მაკლია და ბოლომდე მზად არც ამ შეჯიბრებაზე ვიყავიო. ამ ხარვეზების გარდა, მას წონაც აკლია - მხოლოდ 91 კილოგრამია.

ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ბახტიარ ახმედოვს შანსი ბილიალ მახოვის არყოფნამ მისცა და გამოიყენა კიდეც - სახლში ორი ოქროთი ხელდამშვენებული დაბრუნდა. დაღესტნელთა გასახარად, შამილ ახმედოვის დარად, ფინალში ამანაც ოსი დაამარცხა - ბარსაგ კესაევი. "შარშან იარიგინის ტურნირზე ასპარეზობა ავადმყოფობის გამო ვერ დავამთავრე. ეს ოლიმპიადის წინა სეზონია და მისი გამარჯვებით დაწყება მსურდა. ყველა შეჯიბრებაში უმაღლესი მიზნისთვის საბრძოლველად გავალ. საამისოდ ჩვენ ახალ ილეთებსაც ვამუშავებთ, მაგრამ მწვრთნელთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, ახლა არ გამოგვეყენებინა ისინი - არ გვინდა, კონკურენტებს ყველა კარტი გავუხსნათ. აქ არ გამოდიოდა ჩემი მთავარი მეტოქე მახოვი, ვისთანაც ორჯერ წავაგე რუსეთის პირველობა. ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გამოვდივარ. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, რაც გავაანალიზეთ და სათანადო დასკვნებიც გავაკეთეთ. მე ბოლომდე ენდობი ჩემს მწვრთნელ იმანმურზა ალიევს, რომელიც კომპეტენტურია თავის საქმეში. ის მუდმივად აანალიზებს ჩემს შეხვედრებს მახოვთან, მე კი ბოლომდე ვცდილობ მისი დავალებების შესრულებას. ცუდია, მახოვს მხოლოდ შეკრებებზე რომ ვხვდები - ის სხვა ქალაქში ცხოვრობს. ჩვენს შორის ჯანსაღი კონკურენციაა და ცუდია, ის თუ არ იქნება - უამისოდ ვერ განვვითარდებით" - განაცხადა ახმედოვმა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!