ინტერვიუ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონთან, დიდოსტატ გარი კასპაროვთან

რამდენიმე დღეა, საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი დიდოსტატი გარი კასპაროვი, რომელიც კარგა ხანია, აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდა და მეტწილად პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული - რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციონერია. ჭადრაკისთვის ზურგი მაინც არ შეუქცევია: ამერიკის შეერთებულ შტატებში საჭადრაკო სკოლების ქსელს აფართოებს, ერთი ხანობა მსოფლიოს რეიტინგით #1 მოთამაშეს - მაგნუს კარლსენს ავარჯიშებდა, გამოსცემს წიგნებს და ზოგჯერ ორთაბრძოლებშიც ებმება.

გუშინ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გია გიორგაძესთან, ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესა და ზურაბ აზმაიფარაშვილთან შეხვედრის შემდეგ 11 დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი გამართა. მის წინააღმდეგ ითამაშეს: ქეთი წაწალაშვილმა, მარიამ დანელიამ, ირაკლი ბერაძემ, გიორგი სიბაშვილმა, ნინო ხომერიკმა, გიორგი ნიკოლაშვილმა, დეა გოგიშვილმა, ნიკა ქუმსიაშვილმა, ლიკა კობეშავიძემ, ალექსანდრე ებრალიძემ და გიგლა ბენიძემ. მსოფლიოს ექსჩემპიონმა ყველა შეხვედრა მოიგო.

"პატარაობისას მეც მითამაშია ცნობილი მოჭადრაკეების წინააღმდეგ და კარგად მესმის, რასაც განიცდიდნენ ჩემი მეტოქეები, - გვითხრა გარი კასპაროვმა. - იყო რამდენიმე პარტია, რომლებმაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში უწინდელი საჭადრაკო ტრადიციები შენარჩუნებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს დღევანდელი ერთდროული სეანსი არასდროს დაავიწყდებათ."

- თქვენ ქართული საჭადრაკო სკოლის ტრადიციები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, მის წარმომადგენლებს როგორი შანსი აქვთ ჩინური სკოლის წინააღმდეგ საბრძოლველად? რამდენად შესაძლებელია ამ ეტაპზე 16 წლის ჰოუ იფანის დამარცხება?

- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გამარჯვებაც ყოველთვის შესაძლებელია, თუ სათანადოდ მოემზადები. რაც შეეხება ჰოუ იფანის ასაკს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მსოფლიოს ჩემპიონი რამდენი წლისაა, რადგან ჩინური და ინდური დაბადების მოწმობები, ფაქტობრივად, საიდუმლოებითაა მოცული. ხომ გახსოვთ ოლიმპიადაზე ჩინელი ტანმოვარჯიშეების ასაკთან დაკავშირებული სკანდალი...

ფაქტია, რომ ჰოუ იფანი თინეიჯერია, შესაძლოა, ცოტა უფროსი, ვიდრე ამბობენ, მაგრამ მთავარია, თურქეთში მან სხვებზე უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩინეთში კარგა ხანია, საჭადრაკო სკოლის ტრადიციები ჩამოყალიბდა, მომზადების მდგრადი სისტემაც შეიქმნა. ქალებში 1991 წლიდან უკვე ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავთ - სიუ ჟუნი, სიუ იუჰუა, ჰოუ იფანი და ჟუ ჩენი, რომელიც ამჟამად ყატარში ცხოვრობს. ქვეყანაშიც მძაფრი კონკურენციაა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე ისინი არც ისე მძაფრ წინააღმდეგობას ხვდებიან. ამიტომაც ითამაშა თურქეთის ფინალში ორმა ჩინელმა.

ამ თვალსაზრისით, ვაჟებში უკეთაა საქმე, სადაც ჩინელები მაინცდამაინც ვერ ბრწყინავენ. მართალია, მსოფლიოს რეიტინგის ათეულში ჰყავთ მოჭადრაკეები, თუნდაც ვან ჰაუ, ვან იუ, მაგრამ საჩემპიონო მასალად ისინი არ გამოდგებიან. აქ ინდოელ ვიშვანათან ანანდს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უწევენ წინააღმდეგობას.

- მსოფლიოს ჩემპიონატების გამართვის სისტემაზე რას იტყვით?

- ტრადიციული სისტემის მომხრე ვარ. ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, რას აჩვენებ გულშემატკივარს. ქომაგებს ბოტვინიკი-ტალის, პეტროსიან-სპასკის, კორჩნოი-კარპოვის, კასპაროვ-კარპოვის ორთაბრძოლები იზიდავდა. ეს საინტერესო პაექრობები მოკლე ტურნირებით შეიცვალა, რაც ჭადრაკის სარეკლამო პოტენციალის ლიკვიდაციას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ტიტულის მოსაპოვებლად მატჩები შესანარჩუნებელია. ჩემპიონის წოდება უნიკალურია და არ უნდა გავაუფასუროთ.

- პრეტედენტთა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა თქვენმა ყოფილა შეგირდმა მაგნუს კარლსენმა. რა მიზეზით?

- ვერ გეტყვით. კარგა ხანია, მასთან არ ვმუშაობ. გუმანით ვხვდები, რომ ინტერესი დაკარგა ან ზედმეტად გარისკვა არ სურს. ერთ-ერთ მიზეზად ის მიმამჩნია, რომ ფიდე უწინდებურად უძლურია, მოჭადრაკეს სრული კონტრაქტი შესთავაზოს. ახლა პრეტენდენტთა მატჩი ყაზანში გაიმართება, ფინალური შეხვედრის ჩატარების ადგილი კი უცნობია, რადგან ლონდონთან მოლაპარაკება ჩაიშალა. თუნდაც ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად უსუსურია ფიდეს მენეჯმენტის პროფესიონალიზმი. ყოველივე ეს კი ჭადრაკის განვითარებაში დამატებით პრობლემებს ქმნის.

- ყაზანის პრეტენდენტთა ტურნირში ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

- გამოკვეთილი კანდიდატი არ ჩანს. შედეგებითა და პოტენციური შესაძლებლობებით თუ ვიმსჯელებთ, უკეთესი შანსი ლევონ არონიანს აქვს. მართალია, ვლადიმირ კრამნიკი უფრო გამოცდილია, მაგრამ გრძელ დისტანციებზე ენერგია არ ჰყოფნის. ნახევარფინალში, ალბათ, ისინი შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, ფინალში ვესელინ ტოპალოვიც გავიდეს.

- იქნებ, ხანტი-მანსიისკის ბატალიებიც გავიხსენოთ...

- ეს გრძელი ისტორიაა. დღეს ცივი გონებით რომ ვაანალიზებ ყველაფერს, ვხედავ, რომ შეცდომები დავუშვით. მაინც მიმაჩნია, რომ ექვს თვეში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იყო. მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციები მალე დარწმუნდებიან, რომ შეცდნენ არჩევანში, რადგან ფიდეში ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. ილუმჟინოვმა ოფიციალური პოზიცია დაკარგა. ვიმეორებ, ხანტი-მანსიისკში კონგრესის ჩატარებამ, ჩვენი ბრძოლა უიმედო გახადა, ეს ძალიან ცუდია, რადგან საჭადრაკო სამყარომ კიდევ ერთელ გაუშვა შანსი ხელიდან ფიდეს მენეჯმენტის შესაცვლელად. აი, პირველი შედეგიც - მსოფლიოს ჩემპიონატი ჩიხში ექცევა.

კარპოვის შემთხვევაში სხვა სიტუაცია იქნებოდა: ყაზანის ტურნირისა და ლონდონის ფინალური მატჩის ყველა ნიუანსი დროულად გაირკვეოდა, კარლსენიც კონტრაქტს მიიღებდა და მეოთხედფინალში თამაშს არ იუარებდა, სპონსორებთან მოლაპარაკებაც წარმატებით დამთავრდებოდა. კარპოვის პროგრამა ჭადრაკის გასავითარებლად წელიწადში მილიონ დოლარს ითვალისწინებდა. დღევანდელ ფიდეში ასეთ თანხას ვერ ვხედავ.

- სამაგიეროდ, ილუმჟინოვი და კარპოვი ჩანან ერთურთს ჩახუტებულნი...

- ილუმჟინოვთან ახლოს თუ დგახარ, ძნელია, ჩახუტებას გადაურჩე, ამიტომ მისგან შორს უნდა დაიჭირო თავი. ჩემი და კარპოვის კავშირი დროებითი იყო, საერთო საქმისთვის შექმნილი. ახლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ის აკეთოს, რაც სურს. ჩემთვის, მაგალითად, ფიდეს დღევანდელ ხელმძღვანელობასთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა წარმოუდგენელია. არა მგონია, კარპოვსაც სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს ილუმჟინოვთან, მხოლოდ ეპიზოდურ ღონისძიებებში თუ მიიღებს მონაწილეობას.

- ფიდეს პრეზიდენტობაზე თუ გიფიქრიათ?

- ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ სამი წლით ადრე რამეს გაფიქრებაც კი საშიშია. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ დღესავით ნათელია - საჭადრაკო სამყარო სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს. ამ ბრძოლის გზაზეც წინა რიგებში ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა