სიცილიური კლუბის პრეზიდენტი "პალერმოს" მწვრთნელის პოსტზე სერსე კოზმის კანდიდატურას განიხილავს
"უდინეზეს" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც კვირას "სტადიო რენცო ბარბერაზე" მოხდა. ფრიულელებმა შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს "პალერმოს" და მეტოქე მიწასთან გაასწორეს. კიდევ ინამუსეს სტუმრებმა, თორემ ანგარიში უფრო დიდი, შესაძლოა ორნიშნაც კი ყოფილიყო.

სიცილიური კლუბის პრეზიდენტი ხშირად მოგებული შეხვედრებისას ბობოქრობს და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა "უდინეზესთან" განადგურების შემდეგ. იტალიელი ჟურნალისტები მთელი თამაშის განმავლობაში აკვირდებოდნენ მაურიციო ძამპარინის, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა, მეექვსე გოლის შემდეგ კი სულაც დატოვა ტრიბუნები და გაუჩინარდა.

სამაგიეროდ, მატჩის დასრულების შემდეგ გაესაუბრა მედიის საშუალებებს და შემდეგი განაცხადა:

"ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვუთხარი დელიო როსის, რომ დაცვისთვის მიეხედა, მაგრამ არაფერი იღონა. პირიქით, შეცდომების დაშვებას უხშირა და მარცხს მარცხი მოჰყვა. "უდინეზესთან" მატჩში ჩვენი საუკეთესო მცველი, მუნოზი დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რამაც ძალიან გამაკვირვა. 0:7 საკუთარ მოედანზე, ეს დამამცირებელია და ამას ახსნა არ აქვს, როსიმ ფაქტიურად დაშალა გუნდი, რასაც ვერ ვაპატიებ. გაინტერესებთ რამდენია იმის შანსი, რომ დელიო როსიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს? - 1%. დიახ, მან უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ძალიან მალე დავემშვიდობებით. ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაწყებული მაქვს და სულ მალე, ყველაფერს შეიტყობთ".

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძამპარინი სერსე კოზმისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მისცა კომენტარი მედიის წარმომადგენლებს და შემდეგი განაცხადა: "კოზმი ერთ-ერთია იმ სამ სპეციალისტს შორის, რომლებსაც უახლოეს დღეებში შევხვდები და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. ისეთი მწვრთნელი გვჭირდება, რომელიც ახალი ენერგიით აავსებს გუნდს და დაცვას დაალაგებს. დელიო როსი არ არის ურიგო სპეციალისტი, მაგრამ უკანა ხაზს ვერაფერი მოუხერხა - როგორც ჩანს, მოტივაცია აღარ აქვს და ამიტომ, მასთან დამშვიდობება მოგვიწევს. ვესაუბრე თუ არა როსის? - არა და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი. სულ სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, ახალი მწვრთნელი მყავს მოსაძებნი".

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დელიო როსი "პალერმოს" წარსულია - თუმცა, ფეხბურთელები მას საკმაოდ აქტიურად უჭერენ მხარს. აი რა განაცხადა ფაბრიციო მიკოლიმ: "როდესაც გუნდი ასეთი ანგარიშით მარცხდება, მხოლოდ მწვრთნელი ვერ იქნება დამნაშავე. თითოეული ფეხბურთელია პასუხიმსგებელი და არ მესმის, რატომ ვაკრიტიკებთ ერთადერთ ადამიანს. კარგად ვიცით, როგორი პიროვნებაა დელიო როსი და მას ბოლომდე მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ჩვენ ერთად შევძლებთ რეაბილიტაციას და ჩავარდნის დაძლევას. ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს და კარგი იქნება, თუ ტრაგედიას არ შევქმნით. უბრალოდ, ეს დღე ჩვენი არ იყო - არაფერი გამოგვივიდა, მაშინ როდესაც სტუმრებმა ყველა იერიში გოლით დაასრულეს".

მიკოლის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ძამპარინის თქმის არ იყოს, როსის მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს. კოზმისთან ერთად კიდევ ორი მწვრთნელის გვარი სახელდება: ჯუზეპე პაპადოპულო, რომელიც თავის დროზე უკვე მუშაობდა "პალერმოში" და ვალტერ ძენგა, რომელიც ამჟამად არაბეთშია გადახვეწილი და იქ აგრძელებს სამწვრთნელო საქმიანობას. თუმცა, ყველაზე ძვირად მაინც კოზმის შანსები ფასობს, რომელმაც უკვე გამოთქვა მზადყოფნა ჩაიბაროს სიცილიური გუნდი: "დიდი ხანია, რაც სერია ა-ში არ მიმუშავია და სიცილიელთა შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. პირობებს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა მგონია, რომ შეთანხმებამდე მისვლა გაგვიჭირდეს. თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ძამპარინისთან შეხვედრა არ მქონია და თანაც, დელიო როსი ჯერ კიდევ გუნდის მთავარ მწვრთნელად ითვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებისთვის მზად ვარ".

მოგვიანებით პაპადოპულომაც გამოთქვა "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების სურვილი - ასე რომ, მაურიციო ძამპარინის ასარჩევად აქვს საქმე. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

დელიო როსი

50 წლის

საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი გაატარა სერია ბ-ს "ფოჯაში".

წვრთნიდა: სალერნიტანა, ფოჯა, პესკარა, ჯენოა, პესკარა, ლეჩე, ატალანტა, ლაციო.

2009 წლის ნოემბერში "პალერმოში" ვალტერ ძენგა შეცვალა.

ტიტული: იტალიის თასი (ლაციო) - 2009 წ.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო