როგორ შეეგუენ საქართველოში ცხოვრებასა და ქართულ კალათბურთს "სოხუმის" ლეგიონერები - კარლ და რიჩარდ დამუსები
"სოხუმში" პირველ წრეში 5 ლეგიონერი თამაშობდა: იუჯინ ჰარისი, ძმები დამუსები, მაიკ მაქქერი და პეტრას ბალოჩკა. მათგან მეორე წრეში სამი დარჩა, ბალოჩკა საფრანგეთში წავიდა, ხოლო მაქქერი საქართველოს ვერ შეეგუა და თავად ითხოვა გუნდიდან გაშვება.

ყველაზე ადრე "სოხუმში" კარლ და რიჩარდ დამუსები ჩამოვიდნენ და, თამამად უნდა ითქვას - სხვებზე უკეთ შეეგუენ როგორც აქაურ ყოფას, ასევე კალათბურთს.

- საქართველოს შესახებ ამერიკაში ლაშა ფარღალავა გვიყვებოდა და ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ საინტერესო ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქვეყანა გქონდათ. ამაში თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც დავრწმუნდი - მომხიბლა ციხე-კოშკებმა და ხალხის სითბომ, - დაიწყო უმცროსმა ძმამ კარლმა, რომელსაც რიჩარდიც დაეთანხმა. მათი აზრი ქართულ სამზარეულოზეც ერთმნიშვნელოვანია:

- "მაკდონალდსშიც" დავდივართ, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს ქართულ კერძებს ვცემთ. "სვადსა" (მწვადს) და ხინკალს არაფერი შეედრება, - ეს უკვე რიჩარდ დამუსის სიტყვებია.

მართალია, მათ საქართველოს მოვლა ჯერ ვერ მოასწრეს, მაგრამ კარგად იციან ჩვენი კუთხეების და უახლოესი ისტორიის შესახებ:

- "სოხუმში" თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. მას ხომ ქალაქ სოხუმის სახელი აქვს, რომლის შესახებაც გუნდში ბევრს მიყვებიან. აფხაზეთის შესახებ მწვრთნელებისა და მოთამაშეების აზრებს დიდ პატივს ვცემთ.

დამუსები მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. ზოგჯერ, კარლი საკუთარ თავს ერთ შეცდომასაც არ პატიობს - ემოციურად, შეძახილით გამოხატავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ძმები სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობისმოყვარენი არიან. ვერავინ გაიხსენებს, ისინი მეტოქეს უხეშად თუნდაც შეკამათებოდნენ.

ფარქვეშ "სოხუმის" მთავარი იმედი (გიგა კვეტენაძე და ლუკა შანიძე უფრო მსუბუქი ფორვარდები არიან) სწორედ ორი დამუსია. მათ თამაში ხან კარგად გამოსდით, ხან - არა. ბოლო ორ ტურში თსუ-სა და "არმიას" წინახაზელების შეჩერება გაუჭირდათ. თუმცა, ზოგადად გუნდისთვის დიდი სარგებელი რომ მოაქვთ, ეს მონაგარითაც ჩანს: რიჩარდ დამუსს საშუალოდ 13 ქულა აქვს და ლიდერთა ჩამონათვალში მე-20 ადგილზეა. იგი სუპერლიგის საუკეთესო მომხსნელია - 11.7. ამ კომპონენტში მეექვსეა კარლ დამუსი - საშუალოდ 9 მოხსნა.

ბოლო ტურის მატჩის შესახებ კარლმა მოკლედ თქვა:

- "არმია" ძლიერი გუნდია. მის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს არც ჩვენ ვართ გამონაკლისნი, მაგრამ შაბათს დაცვაში ურიგოდ არ გვითამაშია. გუნდურად ვირჯებოდით. შეტევაში იოლად ჩასაგდები არაერთი ბურთი ვერ გამოვიყენეთ. ძალიან დაგვეტყო ჩვენი საკვანძო კალათბურთელის, ლაშა ფარღალავას არყოფნა.

თემა რიჩარდმა თამამად განაგრძო:

- "არმიასთან" მოგებაც შეგვეძლო. მესამე პერიოდის ერთ მონაკვეთში მეტოქეს თითქმის დავეწიეთ, მაგრამ მოწინააღმდეგის მეათე ნომერმა (ტუღუშმა) რამდენიმე გადამწყვეტი ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "არმიაც" ისევ წინ გაიჭრა.

ამერიკელებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი სწორედ "არმიაშია" თავმოყრილი:

- სამხედროთა გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა. მათ შორის ტუღუშს გამოვყოფ. ასევე ძლიერი მოთამაშეა ქართველი რიჩარდი - მათიაშვილი, თსუ-დან. შსს-ს ცენტრიც მომწონდა (დავით იმნაძე), მაგრამ მან შუა სეზონში ტრავმა მიიღო და აღარ თამაშობს. "სოხუმელთაგან" კი სამ მოთამაშეს გამოვარჩევ: ლაშა ფარღალავას, იუჯინ ჰარისსა და რიჩარდ დამუსს, - ალბათ მიხვდებოდით, ეს სიტყვები რომელ დამუსს ეკუთვნის.

თუ კარლი კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რიჩარდი სუპერლიგაზე ზოგადად ლაპარაკობს:

- საქართველოში არაერთი კარგი გუნდია. თითქმის ყველა ფიზიკურად სათანადოდაა მომზადებული, თუმცა სხვებისგან მაინც გამოირჩევა თსუ, "არმია", "პოლიცია" (შსს), "ქუთაისი"... ცხადია, მათ შორისაა "სოხუმიც".

საინტერესოა კარლის მოსაზრება მთავარ მწვრთნელად აინარ ბაგაცკისის დანიშვნის შემდეგ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე.

- სხვა გზით წავედით, ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს თამაშისას მოედანზე გადავიტანოთ. თუმცა, ყველაფრის სრულყოფილად შესასრულებლად დროა საჭირო. აშკარაა, რომ დაცვით თამაში გამოვასწორეთ. უფრო გუნდურადაც ვირჯებით და წინ მივდივართ. ვმედოვნებ, საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.

ახლა გავარკვიოთ, საიდან მოვიდნენ დამუსები "სოხუმში"? შეიძლება ვინმემ მარტივი პასუხიც გაგვცეს - ამერიკიდანო, მაგრამ ასე არაა. ისინი "სოხუმში" ესპანეთიდან ჩამოვიდნენ. მოკლედ, მოვუსმინოთ რიჩარდ დამუსს:

- წარმოშობით პენსაკოლადან ვართ. კალათბურთის თამაშიც ამ ქალაქში დავიწყეთ და უინიორთა კოლეჯების ლიგაშიც "პენსაკოლას" ღირსებას ვიცავდით. ეს სასწავლებელი რომ დავამთავრეთ, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ლაშა ფარღალავა. დავუახლოვდით და მის თამაშებზეც ხშირად დავდიოდით. "პენსაკოლადან" მე "ტროას" კოლეჯში გადავედი, იქ სადაც ახლა ფაცაცია თამაშობს. ჩემი ძმა, კარლი კი კალიფორნიის კოლეჯში ჩაირიცხა. სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ესპანეთში გადავედით. ჯერ ნაციონალ 1-ში გამოვდიოდით, შემდეგ ება-ში.

დამუსებისა და ქართველთა გზები ესპანეთშიც გადაიკვეთა: "მონსონში" (ება) კოკა ტომარაძის გვედით თამაშობდნენ. როგორც იცით მიმდინარე სეზონის წინ კოკაც საქართველოში დაბრუნდა, შსს-ს ღირსებას იცავს.

ბოლოს, კარლს საქართველოს პირველობისა და ება-ს შედარება ვთხოვეთ:

- ეს ორი პირველობა ერთმანეთს ორი რამით ჰგავს: სათამაშო დონე თითქმის თანაბარია; როგორც აქ, ება-შიც გუნდები ძირითადად ახალგაზრდებზეა აგებული... ქართველებსაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გყავთ.

დოსიე

რიჩარდ დამუსი

სოხუმი

დაიბადა: 17.09.1983

სიმაღლე: 200 სმ.

წონა: 88 კგ.

სუპერლიგა 2010-11

თ წთ ქ მ პ ჩ დ

14 400 182 164 12 17 20

14 28.6 13.0 11.7 0.9 1.2 1.4

დოსიე

კარლ დამუსი

სოხუმი

დაიბადა: 12.04.1984

სიმაღლე: 203 სმ.

წონა: 105 კგ.

სუპერლიგა 2010-11

თ წთ ქ მ პ ჩ დ

14 244 107 126 6 3 15

14 17.4 7.6 9.0 0.4 0.2 1.1

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა