ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ნავსი აუცილებლად გატყდება!..

AutoSharing Option
15 ივლისს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება. კონტინენტის უძლიერესი ჭაბუკთა გუნდის გამოსავლენად ერთმანეთს პორტუგალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან...

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის რიგით მე-16 ფინალს გორი უმასპინძლებს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. როგორც გვითხრეს, მიზეზი მაყურებელია - გორის "თენგიზ ბურჯანაძე" 5 000 ქომაგს იტევს და მისი შევსება და, შესაბამისად, მატჩის ზეიმად გადაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე - 25-ათასიანი "მიხეილ მესხის".

გორის მთავარ არენაზე ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. მიმდინარე გათამაშების ფინალისტებს ამ ასაკში ტიტული
არასდროს მოუგიათ. მეტიც - ორივემ ორ-ორჯერ წააგო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი. ასე რომ, 19-წლამდელებში ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ფინალისტი ნავსის გატეხას მოახერხებს.

ფინალში ტურნირზე 3-3 გოლი სულ ოთხმა მოთამაშემ გაიტანა: ინგლისელებმა ბენ ბრერეტონმა ("ნოტინგემ ფორესტი"), რაიან სესენიონმა ("ფულჰემი"), ჰოლანდიელმა ჟოელ პირუმ ("ეინდჰოვენი") და შვედმა ვიქტორ დიოკერეშმა ("ბრომაპოიკარნა"). ასე რომ, ბრერეტონსა და სესენიონს ბომბარდირობის შანსი მიეცემათ. ამავე დროს, 2 გოლი პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" თავდამსხმელმა რუი პედრომ გაიტანა და თავის გამოჩენის შემთხვევაში, შეუძლია ოთხეულს დაეწიოს.

დღეს, 14 ივლისს, 13:30 საათზე, სასტუმრო "ჰუალინგში" ფინალის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნებთან ერთად, პრესკონფერენციებს გამართავენ.

ფინალზე დასასწრები ბილეთების ონლაინგაყიდვა (TKT.GE-ზე) 13 ივლისს დაიწყო. მატჩის დღეს კი ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ფასი - 2 ლარი. ამ ფასად ბევრ თქვენგანს საშუალება მიეცემა, ცხოვრებაში პირველად დაესწროს ევროპის ჩემპიონატის ფინალს. ეს სიამოვნება 2 ლარი ნამდვილად ღირს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული