დავით უსტიაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
10 ივლისს გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა დავით უსტიაშვილმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა. მას, პირველ რიგში, მიზნებზე ვკითხეთ.

- როგორც ყოველთვის, 20-წლამდელთა ნაკრების მიზანი ეროვნული გუნდისთვის კალათბურთელთა მომზადებაა. ბიჭები ევროპის ძლიერ ნაკრებებთან ჭიდილში გამოიწრთობიან, რაც მთავარ ნაკრებში გადასვლის შემთხვევაში ძალიან გამოადგებათ.

- ჯგუფში მთავარი ამოცანა, ალბათ, მესამე ადგილის დაკავებაა...
- არ გვაქვს ესპანეთის ძლევის ილუზია. ეს გუნდი ხომ შეჯიბრების ფავორიტია. 20 წლის ასაკის კალათბურთელები უკვე უმაღლეს ლიგებში თამაშობენ. ესპანეთის პირველობაზე გამოცდილ მოთამაშეს ნამდვილად ექნება ამა თუ იმ ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგების
პრეტენზია.

ლატვიის ნაკრების სამი წევრი გასულ სეზონში გამოდიოდა ბალტიის ლიგაზე, რომელიც მაღალი დონის შეჯიბრებაა. ესპანეთს ვერ სჯობს, მაგრამ თურქეთის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ვეცდებით ესპანეთთან, ლატვიასთანა და თურქეთთან ჭიდილში რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და კალათბურთელებმა შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

- ისრაელის შემდეგ ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ ესტონეთში. ორივეში დამარცხდით...
- პირველ შეხვედრაში დიდი სხვაობით წავაგეთ. გუნდებს შორის ნამდვილად არ იყო ისეთი სხვაობა, რაც ანგარიშმა გამოაჩინა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მგზავრობის შემდეგ, იმავე დღეს მოგვიწია თამაში. დაღლილები ვიყავით.

მეორე შეხვედრა შედარებით უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ ესტონელებს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ.

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს რომელ რგოლში აქვს ყველაზე მეტი პრობლემა?
- წინა ხაზში. თუ აქამდე 210 სმ-ს მიღწეული კალათბურთელები გვყავდა, დღეს ასეთი სიმაღლისანი აღარ არიან. ამას ემატება ტრავმები. ისრაელთან მეორე მატჩისას ფეხი გადაუბრუნდა ავთო ლომინაშვილს, რომელიც ესტონეთში, მეორე შეხვედრაში სწორედ ტრავმის გამო არ ვათამაშე. სლოვენიაში გამგზავრების წინა ვარჯიშზე კოჭი იტკინა ბექა ბურჯანაძემ. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ხვალ შევიტყობთ.

- თურქეთსა და ესპანეთს 210 სმ-ს გადაცილებული ორ-ორი კალათბურთელი ჰყავთ. რას დაუპირისპირებთ მათ?
- წინასწარ ცხადია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა მეტოქეთა მეფარეების განეიტრალება იქნება. ამაზე ვმუშაობთ... ჩვენი მხრივ, ვეცდებით, პერიმეტრიდან შევუტიოთ, რაზეც ამხანაგურ შეხვედრებშიც ვამახვილებდით ყურადღებას.

ვეცდებით, თითოეულ მეტოქეს დიდი ბრძოლა გავუმართოთ, რაც, პირველ რიგში, ჩვენს მოთამაშეებს გამოცდილებას შემატებს.

ჩემპიონატის მსვლელობისას მხოლოდ სამი თამაშის ჩატარება როდი მოგვიწევს. ვეცდებით, ნელ-ნელა ყველა კალათბურთელს მივცეთ სათამაშო დრო, რათა კარგად შეიგრძნონ, რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა.

იმედიანადაა ნაკრების უკანახაზელი გიორგი ტეტელაშვილი:

- კარგი შეკრება გავიარეთ. შესათამაშებლად საკმარისი დრო გვქონდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვინდომოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ. ძლიერი მეტოქეები გვყავს და მოდუნებას არავინ გვაპატიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები: ევროპისკენ ჰერი, ჰერი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული