U18: ქართველების მორიგი მარცხი, ახლა უკვე პორტუგალიასთან

AutoSharing Option
სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 18 წლის კალათბურთელთა ევროპის პირველობის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი, როგორც გაუწყეთ, ჰოლანდიასთან 50:92 წააგო.

მეორე ტურში ჩვენები მასპინძლებს დაუპირისპირდნენ. მსგავს შეჯიბრებაში ამ ქვეყნების გუნდები პირველად 2008 წლის 2 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ქართველებმა მატჩი 84:78 მოიგეს. და აი, 4 წლის შემდეგ ყოფილმა იუგებმა რევანში აიღეს.

არადა, პაექრობა ქართველთა იერიშებით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათ სამი ქულით მოიგეს - 24:21.

მომდევნო სამი პერიოდი კი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაზეც თითოეული ათწუთიანი მონაკვეთის ანგარიშებიც მეტყველებს - 20:16, 23:15, 21:19.

საბოლოოდ ქართველებმა ეს პაექრობა 74:85 დათმეს. სტუმართაგან ამ მატჩში საუკეთესო იყო ირაკლი მიქელაძე, რომელმაც გუნდს 25 ქულა შესძინა, ბექა ბურჯანაძემ 12, ხოლო ნოდარ გოგოძემ 11 ქულით გამოიჩინა თავი. ბოსნიელთაგან 31 ქულით იუსუფ ნურკიჩი გამოირჩა. ვრაბაჩის ანგარიშზეა 17 ქულა.

საქართველოს 18-წლამდელებმა მესამე ტურში ბელგიელებთან გაარკვიეს ურთიერთობა. უწინ ამ ასაკში, ასევე ევროპის პირველობებზე, საქართველო-ბელგია ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ჩვენებს გაუმარჯვიათ: 2003 წლის 10 აგვისტოს 87:66, 2011 წლის 29 ივლისს კი - 70:58. თუმცა რაც იყო, ისტორიის კუთვნილება გახდა.

ახლა გუნდებში სხვები არიან - სხვა მწვრთნელები და მოთამაშეები, რომლებსაც ტრადიცია უნდა განეგრძოთ.

მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა კი ვერაფერი მოუხერხეს მეტოქეს. მართალია, ბექა ბურჯანაძემ აქტივში 21 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა, მაგრამ მატჩის მოსაგებად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი: ბელგიელებმა 65:53 (17:10, 18:14, 15:21, 15:8) გვაჯობეს და ახალგაზრდა "ჯვაროსნებს" მომდევნო ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი გადაუწურეს.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდა. შარშან და შარშანწინ ამ ასაკში ევროპის პირველობაზე გუნდები თითოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერვე პირინეელებმა იმარჯვეს, შესაბამისად - 60:58, 61:57. პორტუგალიელებმა 13 აგვისტოს კი აშკარად დაგვჯაბნეს: პირველი პერიოდი 27:12 მოგვიგეს, მეორე - 21:15.

მესამე 10-წუთიანი მონაკვეთი ჩვენების გამარჯვებით დასრულდა - 17:15, მაგრამ ქართველებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს - პირიქით, ბოლო რაუნდი 3 ქულით (15:18) და მატჩი 59:81 წააგეს.

დამარცხებულთაგან ბურჯანაძემ 20 ქულა მოაგროვა, პორტუგალიელი მარკუსი მას ქულით ჩამორჩა.

სატურნირო მდგომარეობა

ბოსნია 4 4 0 308-245 8
ბელგია 4 2 2 275-256 6
ჰოლანდია 4 2 2 308-275 6
პორტუგალია 4 2 2 258-287 6
საქართველო 4 0 4 236-323 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული