საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო

AutoSharing Option
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გრძელდება 18 წლის კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში 22 ნაკრების მონაწილეობით.

პირველი ეტაპის შემდეგ გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც უმაღლეს ეშელონში აღსაზევებლად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები კი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მე-17 ადგილისთვის იბრძოლებს. 15 აგვისტოს G ჯგუფში, სადაც ახალგაზრდა "ჯვაროსნებთან" ერთად შვეიცარიელები და ნორვეგიელები მოხვდნენ, ჩვენი ბიჭები შვეიცარიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ოთხწაგებიანი სერიის შემდეგ ქართველებმა ნავსი გატეხეს და მეტოქე 22-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი ჩვენებმა 23:12 მოიგეს, მეორე ათწუთიან მონაკვეთში კიდევ შვიდი ქულით გაზარდეს მონაგარი. შესვენების
შემდეგ შვეიცარიელები გააქტიურდნენ და მესამე მეოთხედში ოთხი ქულით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს - მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა ბოლო რაუნდი ისევ შვიდქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოოდ 95:73 (23:12, 21:14, 26:30, 25:17) გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ნიკა რამიშვილმა, რომელმაც 16 წუთში 18 ქულას, 3 მოხსნას, 3 პასსა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა თავი. ირაკლი მიქელაძემ - 15, ბექა ბურჯანაძემ - 12, გიორგი ცირეკიძემ და ლერი კვანტალიანმა - 11-11 ქულა მოაგროვეს. შვეიცარიელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ანჯელკოვიჩი. კოსტიჩმა - 11, ლე სანმა კი 10 ქულა შესძინა გუნდს.

16 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ნორვეგიას შეხვდებიან, რომლის ძლევის შემთხვევაში მე-17 ადგილისთვის ითამაშებენ.

15 აგვისტოს მე-2 რაუნდის სხვა ორთაბრძოლებიც გაიმართა:

1-8 ადგილებისთვის
E ჯგუფი: ისრაელი-ჩეხეთი 77:70, ინგლისი-ესტონეთი 73:49. ინგლისი-4, ჩეხეთი-3, ისრაელი-3, ესტონეთი-0 ქულა.

F ჯგუფი: ჩერნოგორია-ბელგია 62:82, ფინეთი-ბოსნია 86:84. ბელგია, ფინეთი, ჩერნოგორია, ბოსნია - 3-3 ქულა.

9-16 ადგილებისთვის
G ჯგუფი. რუმინეთი-ავსტრია 50:80, უნგრეთი-სლოვაკეთი 71:38. ავსტრია-4, უნგრეთი-4, რუმინეთი-2, სლოვაკეთი-2 ქულა.

H ჯგუფი. შვედეთი-პორტუგალია 48:60, ისლანდია-ჰოლანდია 63:70. პორტუგალია-4, ჰოლანდია-3, შვედეთი-3, ისლანდია-2 ქულა.

17-22 ადგილებისთვის
I ჯგუფი. შოტლანდია-ლუქსემბურგი 61:75.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული