საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დონეცკის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დონეცკის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალური შეჯიბრების შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტის ჟურნალისტს გუნდის მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ესაუბრა.

- გადამწყვეტ მატჩში დონეცკის გუნდს მოვუგეთ, რომელსაც მოთამაშეები ხარკოვიდან, ლვოვიდან და სხვადასხვა კლუბიდან ჰყავდა დამატებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უკრაინის ნაკრები.

- ფინალურ მატჩში გამარჯვება გაგიჭირდათ?
- ოფიციალურად ეს ფინალი არ ყოფილა, რადგან ტურნირი ჯგუფური სისტემით, ერთ წრედ ჩატარდა. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ბოლო ტურში ერთმანეთს მანამდე წაუგებელი გუნდები შევხვდით. გამარჯვებას იოლს
ვერ დავარქმევ, მაგრამ ზედმეტი გართულების გარეშე მოვიგეთ.

საბოლოო ანგარიშია 58:49. ყველა კალათბურთელმა კარგად ითამაშა, ნაკრების ყველა წევრი ქების ღირსია.

ბოლო ორ მატჩში ვერ იასპარეზა ალექსანდრე კაკუბერმა, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოიჩინა თავი. მის ნაცვლად ბერდია ქავთარაძეს მივანდეთ გამთამაშებლობა, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა.

- მთლიანად ტურნირზე ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით, ბიჭებმა საკუთარი ძალებისა ირწმუნეს და შედეგიც სახეზეა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიკა ყირიმელმა მიიღო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებს 24 ქულა ჩაუგდო.

საუკეთესო ცენტრის პრიზი გოგა ბითაძეს გადაეცა, ხოლო ყველაზე ტექნიკური მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა. გამოვარჩევ ასევე ჩვენი ნაკრების მეფარეებს - ზაურ ჯანელიძეს და გოგა ბითაძეს. ნაკრების ყველა წევრის გარჯით კმაყოფილი ვარ.

- რა გეგმები აქვს 14-წლამდელთა ნაკრებს?
- ნიჭიერი ახალგაზრდები კიდევ არიან, რომლებსაც აუცილებლად გამოვცდით. თვე-ნახევარში თურქეთში მორიგი საერთაშორისო ტურნირი გველის და იქ რამდენიმე ცვლილებით წავალთ. ახლა მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო შეკრებისთვის დაგვემატება პერსპექტიული ფოთელი საბა ხურცილავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული