20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

დავით უსტიაშვილის გუნდი ასაკობრივ ნაკრებებს შორის ერთადერთია, რომელიც ევროპირველობის A დივიზიონში ასპარეზობს.

9-დან 21 ივლისის ჩათვლით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჯგუფში უსტიაშვილის ნაკრების მეტოქეები იქნებიან: საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი.

20-წლამდელთა ნაკრები 1 კვირაა, შეიკრიბა. გუნდს 3 დღის წინ შეუერთდნენ რევაზ როგავა და ირაკლი მიქელაძე, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ითამაშეს.

ნაკრებს ჯერჯერობით ვერ უერთდება ესპანური "კახასოლის" ფორვარდი ბექა ბურჯანაძე, რომელსაც კლუბი აფერხებს და სავარაუდოდ, 1 კვირაში თბილისში
იქნება.

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები იტალიაში 2 საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

21-23 ივნისს უსტიაშვილის გუნდი მოსკიანო სანტ-ანჯელოში რუსეთის, გერმანიის და იტალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მეორე ტურნირი დომეჯი დი კადორეში, 28-30 ივნისს გაიმართება (იტალია, უკრაინა, ბულგარეთი, საქართველო).

3 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც ტელევიზიებისა და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს.

- რამდენი ხანია, ემზადებით და როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები?

- ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ და ფორმას ნელ-ნელა იუმჯობესებენ. შეკრება 24 მაისიდან დავიწყეთ, მანამდე კი მთელი სეზონის მანძილზე 22 კალათბურთელზე მეტი გამოვცადეთ და არჩევანი იმ 17-ზე გავაკეთეთ, რომლებიც ახლა შეკრებაზე იმყოფებიან. ჯერჯერობით 16-ნი ვართ, ბექა ბურჯანაძე 7 ივნისს შემოგვიერთდება.

- რატომ იგვიანებს ბურჯანაძე?
- კლუბმა შეაფერხა. თქვეს, რომ ბურჯანაძის მოწვევა გვიან მიიღეს, რაც არაა ასე, თუმცა რამდენიმე დღეა 7 ივნისამდე დარჩენილი და არ ღირს კლუბთან საქმის დაძაბვა. რაც მთავარია, ბურჯანაძე რამდენიმე დღეში ჩვენთან იქნება.

- ფინალურ ეტაპამდე რამდენიმე ტურნირი გაქვთ დაგეგმილი...
- დიახ, იტალიაში 2 საერთაშორისო ტურნირზე ვთამაშობთ, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას შეგვძენს ევროპის ჩემპიონატის წინ. ისეთ ნაკრებებს ვეთამაშებით, რომლებიც ევროპის საუკეთესოებში შედიან. გერმანიის ნაკრები ევროპირველობაზე ჩვენი მეტოქეა და გერმანელებს იტალიურ ტურნირზეც ვეთამაშებით, რაც ამ ნაკრების კარგად გაცნობის საშუალებას მოგვცემს.

- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი რა იქნება?

- მოგეხსენებათ, როგორ მეტოქეებს ვხვდებით ესტონეთში, ევროპის პირველობაზე. ლიტვა და სერბეთი ისტორიულად ძლიერები არიან, ასევე - საბერძნეთი, ხოლო გერმანიას ისეთი თაობა ეზრდება, რომ მალე ევროპის ელიტას დაუბრუნდება.

ჩვენი მიზანი შედეგზე მეტად ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მომზადებაა. თუკი რამდენიმე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებს გამოადგება, 20-წლამდელთა ნაკრების მისია შესრულებულად ჩაითვლება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ოთარ ფხაკაძე / უკანახაზელი /  183  / ვერმონტი, NCAA, აშშ
საბა ლობჟანიძე / უკანახაზელი / 192  / ოლიმპი
რევაზ როგავა / უკანახაზელი / 185 / შსს-აკადემია
ნოდარ გოგოძე / უკანახაზელი / 190 / ოლიმპი
ირაკლი მიქელაძე / უკანახაზელი / 180 / ოლიმპი
ნიკა რამიშვილი / უკანახაზელი / 180 / ბათუმი
ლევან გრძელიძე / უკანახაზელი / 190 / ქუთაისი
გიორგი ორმოცაძე / ფორვარდი / 193 / დინამო
კახა ჯინჭარაძე / ფორვარდი / 193 / სოხუმი
ოთარ ბულიავა / ფორვარდი / 202 / სოხუმი
ლევან ლოლიშვილი / ფორვარდი / 200 / შსს-აკადემია
გიორგი ცირეკიძე / ფორვარდი, ცენტრი / 202 / ოლიმპი
ლერი კვანტალიანი / ფორვარდი, ცენტრი / 203 / შსს-აკადემია
მერაბ მირზიაშვილი / ცენტრი / 207 / შსს-აკადემია
შოთა გელაზონია / ცენტრი / 205 / დინამო
თემურ ფხაკაძე / ცენტრი / 201 / ოლიმპი

სამწვრთნელო შტაბი
დავით უსტიაშვილი - მთავარი მწვრთნელი
არჩილ ჟღენტი - მწვრთნელის ასისტენტი
გელა წულაძე - გუნდის უფროსი
შალვა ონიანი - მენეჯერი
ზურაბ იოსელიანი - ექიმი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული