დავით უსტიაშვილი: იტალიაში ნაკრები დიდ გამოცდილებას იღებს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 28 ივნისს იტალიის კურორტ დომეჯი დიკადორეს საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

დავით უსტიაშვილის გუნდი ძალებს უკრაინის, იტალიის და ბულგარეთის ნაკრებებთან მოსინჯავს.

ქართველებმა პირველი ტურნირი მოსკიანოში ითამაშეს, რის შემდეგაც დიკადორში 26 ივნისს ჩავიდნენ და აღნიშნული ტურნირისთვის იდეალურ პირობებში ემზადებიან.

იტალიაში დავუკავშირდით ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, რომელმაც გასული ტურნირი შეაფასა და მომავალზე ისაუბრა...

- მოსკიანოს ტურნირს როგორ შეაფასებდით?
- მიუხედავად იმისა, რომ სამივე შეხვედრა წავაგეთ, ეს ტურნირი დიდი გამოცდილება იყო ჩვენი გუნდისთვის. კარგი იყო, მოგვეგო, მაგრამ რუსებთან ასაკის სხვაობაში
დავიჩაგრეთ, ხოლო გერმანიასთან გარკვეული შეცდომების გამო წავაგეთ.

- კონკრეტულად რა შ
ეცდომებს გულისხმობთ?
- ბოლო მეოთხედში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, შეცდომები დავუშვით. რამდენიმე ჩასაგდები ბურთი ვერ ჩავაგდეთ, ამას დაემატა ისიც, რომ 2 ცენტრის - შოთა გელაზონიას და გიორგი ცირეკიძის გარეშე დავრჩით, რომლებიც მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ იტალიას ბრძოლა გავუმართეთ, მეორე მეოთხედის შუაში ვიგებდით კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა გვაჯობეს.

- რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხების მიზეზი რა იყო?
- ჩვენი ნაკრების 9 წევრი 1994 წელსაა დაბადებული, რუსები კი ტურნირზე 1990-91-წლიანებით იყვნენ ჩამოსულები. ერთადერთი სერგეი კარასიოვი იყო 93-იანი, რომელიც დღეს ამერიკაში გამართულ ნბა-ს დრაფტზე "კლივლენდმა" მე-19 ნომრად აირჩია.

რუსები ტურნირზე ჩამოსულები იყვნენ საუნივერსიადო ნაკრებით და ამ შემადგენლობით მსოფლიო უნივერსიადის მოგებას აპირებენ, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში უნდა გაიმართოს.

ამ ნაკრებმა რუსეთის 20-წლამდელები 30 თუ 35 ქულით დაამარცხა. ერთი სიტყვით, 3-4 წლით დიდებთან მოგვიწია თამაში და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

რუსებს ისეთი ჯანიანი მეფარეები ჰყავდათ, რომ მათ ჩვენი ბიჭები კონკურენციას ვერ უწევდნენ.

- მოსკიანოს ტურნირის შემდეგ დიკადორეში გადაინაცვლეთ და დღეს მეორე ტურნირში ჩაებმებით...
- მოსკიანოდან, რომელიც ზღვის ნაპირზეა, ტურნირის დასრულების მეორე დღეს წამოვედით მთაში მდებარე დომეჯი დიკადორეში.

აქ შესანიშნავი პირობებია და უკვე მესამე დღეა, ვემზადებით. დღეს პირველი მატჩი გველის უკრაინასთან. ხვალ იტალიას ვეთამაშებით, ხოლო ზეგ - ბულგარეთს.

გვაქვს მოსკიანოს ტურნირის თამაშების ვიდეო, რომელსაც არაერთხელ ვუყურეთ და მომავალ მატჩებს უფრო მომზადებულები ვხვდებით. თბილისში დაბრუნების შემდეგ ვიმუშავებთ იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომლებიც იტალიაში დავუშვით.

- გუნდში ტრავმები ხომ არ გაქვთ?

- ნოდარ გოგოძეს აწუხებს მცირე ტრავმა და მატჩის წინ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა. რაც შეეხება ლერი კვანტალიანს, რომელმაც მოსკიანოს ტურნირი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა, გუშინ პირველად ივარჯიშა. გვინდა, რომ 1-2 მატჩი მაინც ითამაშოს ლერიმ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
ბექა ბურჯანაძე სანტ-ანჯელოს ტურნირის MVP გახდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიასთან და რუსეთთან წააგო

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული