U16. ბოსნია-საქართველო 75:63 - შანსი თეორიულიც და პრაქტიკულიც

AutoSharing Option
სარაევოში (ბოსნია) 16 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 14 აგვისტოს მე-2 ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებისთვის მასპინძლებთან პაექრობას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

მატჩი გია კაზანჯიანის შეგირდების იერიშებით დაიწყო და სამწუთ-ნახევარში ქართველები 7:0 (თვალაბეიშვილი - 4, გოგალაძე - 3) დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ მე-8 წუთზე შეძლეს წონასწორობის აღდგენა - 15:15.

პირველი პერიოდის მიწურულს, აჰმედიჩის ორქულიანის შემდეგ, ბოსნიელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

მეორე ათწუთიანი მონაკვეთიც დაძაბულ პაექრობაში მიილია. თავიდან ქართველებმა იყოჩაღეს - ისიანის და გოგალაძის ზუსტი ტყორცნების შემდეგ
ისევ ჩვენებურები დაწინაურდნენ - 23:22, მაგრამ დედოვიჩმა მე-4 წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მე-5 წუთის მიწურულისთვის ანგარიში თანაბარი იყო - 27:27. საბოლოოდ, პერიოდი ჩვენებმა ქულით მოიგეს, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

მესამე პერიოდის დასაწყისში ბოსნიელებმა ხუთ ქულამდე გაზარდეს სხვაობა (38:33), მაგრამ ქართველებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, მთელ მოედანზე ნაცად პრესინგს მიმართეს და შეტევებსაც შედეგიანად აგვირგვინებდნენ.

მესამე პერიოდის დამთავრებამდე წუთ-ნახევრით ადრე ისევ ქულით დაწინაურდნენ. როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდიდან შევიტყვეთ, ამ მომენტიდან მსაჯებმა თურმე შეცდომებს მოუხშირეს მასპინძელთა სასარგებლოდ, რასაც ქართველთა სამართლიანი უკმაყოფილება და არბიტრების უსამართლო ტექნიკური ჯარიმები მოჰყვა.

ამას დაემატა ისიც, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგალაძემ, რომელსაც 13 ქულა ჰქონდა მოგროვებული, მეხუთე პერსონალურის გამო მოედანი დატოვა.

საქართველოს ნაკრებმა მე-4 პერიოდის ბოლო ოთხი წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, ბრძოლა შეწყვიტა - მეტოქე შეხვედრას 13 ქულით იგებდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ლომიძემ გამოიჩინა თავი ბოლო წამებზე ზუსტი სამქულიანით და შეხვედრაც დასრულდა ბოსნიელთა გამარჯვებით - 75:63.

ამ წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა საგზურისთვის ბრძოლის შანსი მაინც შეინარჩუნა, თუკი 15 აგვისტოს დანიას დიდი ანგარიშით მოუგებს.

ბოსნია-საქართველო 75:63
22:19, 11:12, 25:20, 17:12
საქართველო: ალიევი (6), კერესელიძე (5), ქვარაია (არ უთამაშია), გოგალაძე (13), ცქიფურიშვილი, აფხაზავა, ლომიძე (16), თვალაბეიშვილი (4), ცირეკიძე (9), გოგობერიშვილი, ისიანი (9), გიორგაძე (4).
ბოსნია: დედოვიჩი (29), ნაზიჩი (12), ალეკსიჩი (12), აჰმედიჩი (9), მემიჩი (7), სიერჩიჩი (2), დურაქი (2), გალიჩი (2).

14 აგვისტოს დანარჩენი მატჩების შედეგები:

E ჯგუფი. ფინეთი - ინგლისი 70:60, მაკედონია - სლოვენია 64:76, F ჯგუფი. დანია - ჩეხეთი 69:54.

15 აგვისტოს ითამაშებენ:
F ჯგუფი. ჩეხეთი - ბოსნია (20.30), საქართველო - დანია 22.45). E ჯგუფი. სლოვენია - ფინეთი, ინგლისი - მაკედონია.

IX-XVI ადგილებისთვის
ესტონეთი - რუმინეთი 65:71. პორტუგალია - შვეიცარია 55:73. ისრაელი-ავსტრია 93:42, ჰოლანდია-უნგრეთი 69:61.

XVII-XXII ადგილებისთვის
ნორვეგია - ირლანდია 54:58, სლოვაკეთი - ბელორუსი 70:77.

14 აგვისტოს სარაევოში დამთავრებული ორთაბრძოლის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა გია კაზანჯიანის ინტერვიუ, რომელშიც 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მასპინძლებთან მარცხის მიზეზებსა და უმაღლესი ეშელონის საგზურისთვის ბრძოლის შანსებს შეეხო:

- არ მინდა, მხოლოდ არბიტრებს დავაბრალო წაგება, ჩვენც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სამართლიანი მსაჯობა რომ ყოფილიყო, მოგების რეალური შანსი გვექნებოდა.

- კონკრეტულად რაში დაეხმარნენ მსაჯები მასპინძლებს?
- ყველაზე აშკარა მიკერძოება მესამე მეოთხედის ბოლოს იყო, როცა დროდამთავრებულზე ბოსნიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და მსაჯებმა ჩათვალეს: ბურთი სირენის შემდეგ ესროლა ბოსნიელმა...

როცა მსაჯების უსამართლობაზე რეაქციას გამოვხატავდით, ტექნიკურ ჯარიმებს გვაძლევდნენ. მთლიანობაში, მეორე ტაიმში 3 ტექნიკური მივიღეთ.

- ერთი ტექნიკური ლევან გოგალაძეს მისცეს...
- გოგალაძემ ბურთი ჩააგდო და სანამ ის კალათიდან იატაკზე დაეცემოდა, ხელით გააჩერა და ამის გამო ტექნიკური მისცეს. ეს მისი მე-4 ჯარიმა იყო.

მე-4 პერიოდის დასაწყისში გოგალაძეს მორიგი ჯარიმა მოუგონეს და მოედნიდან გააძევეს. იყო კიდევ არაერთი მომენტი, სადაც მსაჯებმა მასპინძლების მხარე დაიჭირეს.

- 15 აგვისტოს დანიას ხვდებით. ნახევარფინალში გასვლის შანსი თუ გაქვთ?
- დანიამ ჩეხეთი 15 ქულით დაამარცხა, რაც ჩვენ ხელს გვაძლევდა. თუკი ჩეხეთს ბოსნიაც მოუგებს, ჩვენ დანიის დამარცხებით ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია.

ცუდი ისაა, რომ დანიამ დიდი ანგარიშით აჯობა ჩეხეთს და ჩვენ დანიას სულ მცირე, 15 ქულით მაინც უნდა მოვუგოთ... არ ვიცი, ვნახოთ, არაფერს დავიშურებთ, რომ სასურველ გამარჯვებას მივაღწიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული