U16. საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია.

ვალენტინ დერიუგინის, ნინო ყიფშიძისა და შოთა იანქოშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანდორაში გამართულ ფინალურ მატჩში მასპინძელთა ნაკრები 54:35 დაამარცხა და C დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში 18-წლამდელების 4 გოგონა თამაშობს. შეგახსენებთ, რომ 8-13 ივლისს თბილისმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა და საქართველომ ფინალში სომხეთთან წააგო. იმ გუნდის 4 წევრს - ნატალია ოთხმეზურს, ვიქტორია გეგეშიძეს, გვანცა ბოჭორიშვილს და მარი ღარიშვილს ასაკი 16-წლამდელებში თამაშის უფლებას აძლევს და ისინიც ჩვენს ნაკრებს ანდორაში
დიდად დაეხმარნენ.

ქართველებმა ტურნირის ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და ღირსეული ჩემპიონები გახდნენ.

ფინალურ მატჩში ჩვენი მეტოქე ანდორა იყო, რომელიც ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე 55:38 დაამარცხეს. მასპინძელთა ნაკრებმა მას შემდეგ ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრა უელსს მოუგო, ნახევარფინალში კი კოსოვოს სძლია და სატიტულო მატჩში ისევ საქართველოს შეეჩეხა.

მასპინძლებმა ვერც ფინალში იხეირეს. საქართველოს ნაკრები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საჩემპიონო მატჩში მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა.

ქართველებმა მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ გაარკვიეს. საწყისი პერიოდი 15:4, ხოლო მეორე - 14:6 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 29:10 დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კედლებში თამაშობდნენ, ანდორელებმა ჩამორჩენის გაბათილება ვერ მოახერხეს.

საქართველომ 29-ქულიანი უპირატესობა წარმატებით შეინარჩინა და საბოლოოდ ჩემპიონობამდე იოლად მივიდა. ქართველებმა ფინალური მატჩი 54:35 მოიგეს და C დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (25) საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო მარი ღარიშვილი, რომელმაც 8 ქულა, 20 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირობა არავის დაუთმო ნატალია ოთხმეზურმა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 8 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა გვანცა ბოჭორიშვილმა. 8 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ვიკა გეგეშიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის ჩემპიონობით რანგით მაღალ - B დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ევროპის U16 ჩემპიონატი გოგონათა შორის. C დივიზიონი. ანდორა
საქართველო 54:35 ანდორა

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული