TimeLine: მარკოები - 11 წლის ფოტოს თანამედროვე ვერსია

AutoSharing Option
ფოტოზე: ბელინელი და მარკოიშვილი 11 წლის წინათ და ახლა
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველო-იტალიის მატჩის შემდეგ აპენინელთა მთავარ მწვრთნელ სიმონე პიანიჯანის მარკო ბელინელიზე ვკითხეთ. მარკომ მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო და სამიდან სამი სამქულიანი ააცილა, მოკლედ, NBA-ს ჩემპიონის შესაფერისი თამაში ვერ უჩვენა...

"კალათბურთი მხოლოდ შეტევა როდია, - გვითხრა სიმონე პიანიჯანიმ, - მართალია, საკუთარი მონაგარი ვერ შეივსო, მაგრამ მარკო ბელინელის გარჯით მაინც კმაყოფილი ვარ. მას ხომ დაცვაში მანუჩარ მარკოიშვილის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს".

მარკოიშვილი და ბელინელი... ეს დაპირისპირება სათავეს 2004
წლიდან იღებს. ჯერ კიდევ ჭაბუკი კალათბურთელები ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატშიც ეპაექრებოდნენ, ევროთასებზეც და სანაკრებო დონეზეც. მაშინ მანუ იტალიური "ბენეტონის" ღირსებას იცავდა, ხოლო ბელინელი - ბოლონიის "ვირტუსისას".

ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება 2004 წელს ევროთასზე შედგა, რომელშიც ქართველმა 17 ქულა ჩააგდო, იტალიელმა - 13. გამარჯვება მანუჩარის "ბენეტონს" დარჩა.

იმავე წლის გაზაფხულზე ხორვატიაში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩატარდა. იტალიამ და საქართველომ საფრანგეთთან ერთად ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. შეჯიბრების სნაიპერი მარკო ბელინელი გახდა, ხოლო საუკეთესო კალათბურთელად მანუჩარ მარკოიშვილი დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გადაღებული ფოტო ახლაც შენახული მაქვს, მანუჩარი და მარკო, ევროპული კალათბურთის ორი მომავალი ვარსკვლავი, ხელგადახვეული დგანან.

სწორედ ამ ფოტომ მიბიძგა თბილისში ჩამოსული ბელინელისთვის 2004 წელი გამეხსენებინა, პიანიჯანისთვის მანუჩარზე და ბელინელიზე მეკითხა, ხოლო მარკოიშვილისთვის ფოტოს ანალიზი მეთხოვა.

მარკო ბელინელიმ ბევრი ფიქრის შემდეგ გაიხსენა, რომელ სურათზე ვეუბნებოდი...

"მაშინ, შესარჩევი ეტაპის ბარიერი რომ დავძლიეთ, კარგად მახსოვს, დეტალებს კი ვერ ვიხსენებ, - დაფიქრებული სახით მითხრა იტალიელმა, - მანუჩარ მარკოიშვილის წინააღმდეგ პატარაობისას იტალიის ჩემპიონატშიც ხშირად მითამაშია, სანაკრებო დონეზეც. თითქმის ყოველთვის ერთმანეთის მეურვეობა გვიწევს.

არ ვიცი, მარკოიშვილი რას ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის მისი შეჩერება იოლი არ არის, იგი მაღალი დონის კალათბურთელია".

მანუჩარს კი ასეთი შეკითხვა დავუსვი:

- მახსენდება პირველი სერიოზული კონკურენტი - მარკო ბელინელი. 18-წლამდელთა ნაკრების შესარჩევ ეტაპზე, ხორვატიაში შენ საუკეთესო კალათბურთელად დაგასახელეს, ბელინელი - შეჯიბრების სნაიპერი გახდა.
- დღესდღეობით ის ჩემზე ძლიერია. ეს არც მწყინს. მაქვს საკუთარი თეორია მოთამაშის პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებით. ქართველებს ისე განვითარება ყოველთვის გაგვიჭირდება, როგორც ვთქვათ, სერბებს. იმიტომ, რომ სერბეთს გამორჩეული საკალათბურთო სკოლა აქვთ.

ძალიან მინდა, საქართველოშიც ისეთივე სკოლა ჩამოყალიბდეს, იმდენად კარგად აღიზარდონ თაობები, რომ ქართველს უყურონ ისე, როგორც სერბს, თქვან - ამას ქართული სკოლა აქვს გავლილი, მაშ კარგი იქნება. და არა ისე, ათი ნიჭიერი ქართველიდან ერთს რომ ამოარჩევენ და ცხრა იკარგება.

გული მწყდება. მე რომ "ბენეტონში" სკამზე ვიჯექი, მარკო ბელინელი "ფორტიტუდოში" 25-30 წუთს თამაშობდა. ახალგაზრდას მწვრთნელისგან, გუნდისგან ესოდენ დიდი მხარდაჭერა რომ გაქვს, სხვანაირად ვითარდები.

უცხო ქვეყანაში რომ თამაშობ, ათი თავით უკეთესი უნდა იყო, რომ ადგილობრივის ადგილი დაიკავო. სამწუხაროდ, ლეგიონერს, თანაც ახალგაზრდას, არ გაქვს იმ შეცდომების დაშვების უფლება, რაც შეიძლება ადგილობრივ ახალგაზრდას ჰქონდეს. ასეთი რამ ჩემს კარიერაში არაერთხელ ყოფილა, სლოვენიაში, იტალიაში...

ერთ შეცდომაზე მწვრთნელს შევუცვლივარ. პარალელურად კი, იყო გუნდები, სადაც იქაურ ახალგაზრდებს ერთი კი არა, ათი შეცდომაც რომ დაეშვათ, მაინც ტაშს უკრავდნენ და ეძახდნენ - მიდი, მიდი, ითამაშეო. ფსიქოლოგიურად რთულია, ამას ყურადღება არ მიაქციო...

იმედი მაქვს, საქართველოშიც გვექნება ისეთი ლიგა, რომ ქართველს პროფესიულად გაზრდისა და მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბების საშუალება მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული