ჩელენჯ თასი | კასტრში 500 ქართველთან ერთად

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის პირველი ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე რაუნდის თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 13 იანვარს საფრანგეთში, ადგილობრივი "კასტრის" წინააღმდეგ ჩვენი დროით 19:15 საათზე გამართავს.

ღია ვარჯიში ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, რომლის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა მოლოდინებსა და მზადებაზე ისაუბრეს. მათ უკვე იციან, რომ 13 იანვარს "პიერ ფაბრეს" ტრიბუნებზე 500-მდე ქართველი იქნება.

ლუკა ცირეკიძე: „ნაყოფიერი კვირა გვქონდა. გავიარეთ შეტევის და დაცვის სისტემები. ისტორიული თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავიღებთ გულშემატკივრების გასახარებლად, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ“.

ორი ტურის შემდეგ
მესამე ჯგუფს 8 ქულით ინგლისური "გლოსტერი" ლიდერობს, "შავ ლომს", "კასტრს", "კლერმონს" და "ედინბურგს" 5-5 ქულა აქვთ, ჩვენგან ძლეული "სქარლეთსი" კი უქულოდაა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, პლეი-ოფში კი ოთხი მოწინავე გადის.

თორნიკე კახოიძე: „სატურნირო თვალსაზრისით, ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს ვიქნებით. მზადებამ კარგად ჩაიარა, ყველა დეტალი გავიარეთ და ვთვლი, რომ კარგ კონდიციაში ვართ. ვიცით, რომ ჩვენ საქომაგოდ კასტრში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. მათი დანახვა ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

ტრავმა მოიშუშა და "კასტრთან" თამაშისთვის ემზადება მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი:

„მოწინააღმდეგე ფავორიტია, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბისთვის ამ ორ შეხვედრას. ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი თავისთვის მიცემული დავალება შევასრულოთ და კასტრში ჩამოსულ გულშემატკივართან ერთად მთელი საქართველო გავახაროთ. ვიცით, რომ "კასტრი" ფიზიკური გუნდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ კომპონენტში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
წინა თამაშებშიც ყველას მიაჩნდა,რომ მეტოქეები იყვნენ,ფავორიტები,თუმცა რეალობა,საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა.რათქმა უნდა,კასტრი,გაცილებით უფრო სერიოზულად შემოგვხედავს,ჩვენი შედეგების შემხედვარეს,მაგრამ უკვე ჩვენც სხვა თვალით ვუყურებთ,მათ.ბიჭებს თავდაჯერებულობა აქვთ და ადვილად არაფერს დათმობენ,ეს კი,კარგი რაგბის და წარმატებული დასასრულის მოლოდინს გვიჩენს.კი,კასტრი რა თქმა უნდა ფავორიტია,მაგრამ ჩვენმა ნაკრებმაც,ჯერ კიდევ მსოფლიოს თასზე,ყველას უჩვენა,რომ აღარავისი ეშინია და მიუხედავად წარუმატებლობებისა,ყველა ბობოლას,თვალებში შეხედა,ჩელენჯ თასზეც ასევე გააფრძელა და გამარჯვების გემოც გაიგო.ასე რომ, კასტრსაც ბრძოლით მოუწევს,უპირატესობის დამტკიცება.ალილო და ხვალეო!ჰო და ხვალე,ვინძლო,ალილოც და ლელოც,ჩვენი ითქვს,უფრო ხმამაღლა.საახალწლოდ ამაზე კარგი საჩუქარი,რაღა შეიძლება ბიჭებისაგან,ვიდრე კასტრის დამარცხებაა?-ჩვენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც!ასე რომ,მიდით ბიჭებო!მიდით ლომებო!500 დარჩეული ქართველიც,თქვენ გვერდით რომ არიან,ხუმრობა საქმე რომ არ არის,ჯერ კიდევ სულმნათმა აკაკიმ ბრძანა,ღმერთიც შეგეწიოთ და ყველაფერი საჩვენოდ იქნება!
სოსო
09:21 12-01-2024
0
მწვრთნელი ისევ მაისაშვილია?
გიორგი
04:14 12-01-2024
3

სიახლეები პოპულარული