პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან

AutoSharing Option
ხათუნა ნარიმანიძე მეორე ვადით აირჩიეს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად, ოღონდ პირველად მან ვადამდელ არჩევნებში მიიღო თანასპორტელთა მხარდაჭერა და მხოლოდ 2 წელიწადი მართავდა ფედერაციას, ახლა კი ოთხწლიანი ვადით ჩააბარეს მშვილდოსნობა და მისი უამრავი პრობლემა.

თავის გეგმებზე პრეზიდენტმა ყრილობაზეც ისაუბრა, მაგრამ ამჯერად უფრო დაწვრილებით გვესაუბრება სამომავლო გეგმებზე, გასაკეთებელ საქმეებზე. ამავდროულად, თავის პირად გეგმებზეც დავეკითხეთ და გაირკვა, რომ ის ჯერ კიდევ ორჭოფობს კარიერის გაგრძელებაზე.

- რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი ამ საპრეზიდენტო უფლებამოსილების პერიოდში?
- ძირითად ყურადღებას ახალგაზრდებზე გადავიტანთ. 2017 წელს მათ ასაკში
მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც თამაშდება მსოფლიოს II ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიები, რომელიც 2018 წელს არგენტინაში ტარდება. როგორც ჩვენ შეგვიწყვეს ხელი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის მზადებაში, ახლა ჩვენც ისევე დავეხმარებით ამ უმნიშვნელოვანესი სტარტისთვის. ამიტომ აქცენტს მათზე გადავიტანთ და ისინი ყველა შეჯიბრებაში გამოვლენ.

ეროვნული ნაკრების შემთხვევაში მთავარი ყურადღება მოსამზადებელ პროცესზე იქნება გადატანილი - შეკრებები, ფსიქოლოგის დახმარება, ფიზიკური მომზადება...

ისე შეკრებებს აღარ გავივლით. თან ყველა შეკრებაზე გვეყოლება ფსიქოლოგი. ოღონდ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს უფროსები შეჯიბრებებში აღარ გამოვლენ. აუცილებლად იასპარეზებენ, თუმცა ეს კია, რომ დამოკიდებულნი ვართ დაფინანსებაზე. ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პრეზიდენტი ვიყავი, ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ფინანსურად ძალიან გვეხმარებოდნენ და მჯერა, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ყურადღება იქნება. აქედან გამომდინარე, შეკრებების პარალელურად, უფროსები შეჯიბრებებშიც გამოვლენ. ჩვენთან რაც უფრო ახლო ქვეყანაში იქნება საერთაშორისო ტურნირი, უფრო მცირე თანხა გვექნება გადასახდელი და აუცილებლად ვიასპარეზებთ.

დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტი გაიზრდება და შეჯიბრებების შეკვეცა არ მოგვიწევს. ინვენტარზე ფული უკვე არ დაგვჭირდება, რადგან საკმარისად გვაქვს და შეიძლება მხოლოდ ისრები დაგვჭირდეს. სამინისტროში ბიუჯეტი უკვე წარვადგინეთ, სადაც ყველა ტურნირია შეტანილი. დაველოდებით მათ პასუხს. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ერთი წელიწადი უფროსებში მთავარი ყურადღება შეკრებებს უნდა დავუთმოთ და ავიყვანოთ ფსიქოლოგი.

- ყრილობაზე სპონსორების მოზიდვაზეც ისაუბრეთ. გაქვთ ვინმესთან კონკრეტული საუბარი?
- აჭარიდან არის ერთი პიროვნება, თუმცა ჯერ არ მინდა მისი ვინაობის გამხელა. ბადრი ვარშანიძეც ძალიან გვეხმარება, რომელიც აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. მისი დახმარებით აჭარაში მაღალი დონის ინფრასტრუქტურა შენდება. ამავე საქმეში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ საკუთარი პრემიაც ჩადო, თუმცა ამჯერად საუბარია სულ სხვა ბიზნესმენზე. უახლოეს დღეებში მას პირადად შევხვდები და დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებასაც მოვაწერთ ხელს.

- ის მაინც რომ გვითხრათ, რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი - ეს თანხა საშეჯიბრო საჭიროებებს მოხმარდება თუ ბაზებსა და ინვენტარს?
- თავდაპირველად ლაპარაკია ინფრასტრუქტურის ელემენტარულ მოწესრიგებაზე. ჯერ ამაზეა საუბარი და მერე თანდათან შევჯერდებით, რაში დაგვჭირდება დახმარება. არაა კონკრეტულად განსაზღვრული, სპონსორი მაინცდამაინც ამის და ამისთვის გვჭირდებაო. მთავარია დაფინანსება და მერე აღმასკომი გადაანაწილებს საჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით მხოლოდ ამ ერთ სპონსორზეა ლაპარაკი.

აქვე გეტყვით, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თბილისში მართლაც დიდი დეფიციტია. აქ სტანდარტული სასროლეთი, სადაც 70 მეტრზე შეგვიძლია სროლა-ვარჯიში და შეჯიბრებების გამართვა, მხოლოდ გლდანშია, ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ბაზაზე. თან გლდანი შორსაცაა, ყველას ურჩევნია, სადმე ცენტრში იყოს, უფრო ადვილად მისადგომ ადგილას.

- სამწვრთნელო სისტემაში ხომ არ აპირებთ საკადრო ან სტრუქტურული ცვლილებების შეტანას?
- ჯერ არ მინდა კონკრეტული ლაპარაკი, მაგრამ საკადრო ცვლილებები იქნება. უფრო ახალგაზრდულ ნაკრებებში. ბევრი მწვრთნელი ნამდვილად არ გვყავს, არ ვართ გათამამებულნი მათი რაოდენობით, თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. რა თქმა უნდა, ქართველი და ადგილობრივი და არა უცხოელი. ვიდრე პრეზიდენტი ვიქნები, ყოველთვის მხარს დავუჭერ, რომ ადგილობრივი მწვრთნელი და სპორტსმენი გვყავდეს, რადგან არავისზე ნაკლებნი არა ვართ.

ჩვენ გვჭირდება მეტი დისციპლინა და ფსიქოლოგის დახმარება. ფსიქოლოგს ჩვენთან არ უმუშავია, რაც აისახა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლაში, თორემ, როცა ევროპაში უძლიერესთა შორის გაღიარებენ და მსოფლიოში კონკურენტად აღგიქვამენ, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ფსიქოლოგიურად გავტყდით. ჩვენ შევიძინეთ თავდაჯერება, უფრო გვჯეროდა, რომ მართლა ძლიერები ვიყავით, მაგრამ სწორედ მანდ გვიმტყუნა ნერვებმა, არ დავაფასეთ ყველა მოწინააღმდეგე.

- მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების ის პროცესი, რაზეც ყრილობაზე ისაუბრეთ, რამდენად ინტენსიური იქნება, ხომ არ ექნება ამას ერთჯერადი სახე?
- ეს პროცესი დაიწყება ახალი წლიდან და ნამდვილად არ იქნება ერთჯერადი. სემინარები ჩატარდება თბილისშიც და აჭარაშიც, რადგან რეგიონებშიც არიან ახალგაზრდა მწვრთნელებიც და სპორტსმენებიც, რომლებსაც სურთ ამ გაკვეთილებზე დასწრება ცოდნის გასაღრმავებლად. სწავლება ჩატარდება ეტაპობრივად ჯერ თბილისში და მერე ბათუმში ან - პირიქით. გადავხედავთ უცხოელ მწვრთნელთა კანდიდატურებს და ვნახოთ, ვის მოვიწვევთ სემინარის ჩასატარებლად. ამას მარტო მე არ გადავწყვეტ, საერთო შეთანხმებით მოხდება, ინგლისურენოვანი მოვიწვიოთ თუ რუსულენოვანი.

- მასობრიობის გაზრდას როგორ ფიქრობთ, სად აპირებთ ახალი ცენტრების შექმნას?
- ბოლო პერიოდში ქედაში ისედაც დაგვემატა ახალი სექცია, სადაც თავად სპორტსკოლამ მოითხოვა ჯგუფის გახსნა. ეს გამოიწვია ადგილობრივი ტელევიზიით, პრესით მშვილდოსნობის ინტენსიურმა გაშუქებამ, რამაც ბავშვებში გაზარდა ინტერესი. ჯერჯერობით იქ 8 ბავშვი ისვრის, მაგრამ ესეც დიდი საქმეა და დარწმუნებული ვარ, ისინი დეკემბერში უკვე იასპარეზებენ 18-მეტრიან დისტანციაზე აჭარის ღია ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში გაიმართება. მასში ასპარეზობა თბილისის, ქუთაისის და სხვა რეგიონების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. მჯერა, მასობრიობა კიდევ უფრო გაიზრდება.

თბილისში ერთ-ერთ კლუბში ვარჯიშს დავესწარი, სადაც 5 ბავშვი 8-10 წლის ასაკისა იყო - ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო. მინდა, დამწყები ბავშვებისთვის საბავშვო ინვენტარი შემოვიტანო და მათ 10-მეტრიან დისტანციაზე ჩავუტაროთ შეჯიბრება. ოღონდ ეს იქნება ერთი წლის შემდეგ, მანამ მშვილდოსნობის ელემენტარული ანაბანა უნდა შეისწავლონ.

ამ ეტაპზე სხვა რეგიონებში ახალი ჯგუფების გახსნას ჯერ ვერ ვგეგმავთ. ადრე კახეთში, კონკრეტულად - თელავში ერთმა ენთუზიასტმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი და კლუბიც შექმნა, მაგრამ მაშინ ოლიმპიადისთვის მზადების დატვირთული გრაფიკის გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ. ახლა უკვე მე თვითონ შევეხმიანები. თან მაშინ ინვენტარის პრობლემაც გვქონდა - არ იყო საკმარისი, მათთვის რომ მიგვეწოდებინა. თან ის მწვრთნელიც უნდა გადაგვემზადებინა. საუბარიც მქონდა ერთ-ერთ მწვრთნელთან, რომელიც თვითონ ჩავიდოდა თელავში, ისიც ჩამოვიდოდა თბილისში და გაივლიდა პრაქტიკულ კურსს. გაისად სემინარებს რომ დავიწყებთ, მას აუცილებლად მოვიწვევთ.

ასპინძაშიც ასევე იყო სექცია, რომელიც კარგადაც მუშაობდა და ნაკრების წევრიც მოგვცა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემების გამო იქაურმა მწვრთნელმა, ქალბატონმა ლიზა შემაზაშვილმა საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა.

- თქვენი კარიერის შესახებაც გკითხავთ - აგრძელებთ ისევ?
- ჯერ კიდევ არ ვიცი, რას გავაკეთებ და როგორ მოვიქცევი. სხვათა შორის, რიოს ოლიმპიადის შემდეგ პირდაპირ გავხსენი მშვილდი და ეგრევე მივიღე აჭარის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, რას ვიზამ. მე ყოველთვის ვამბობ, მომიგეთ და წავალ-მეთქი, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ასე არ ხდება. ჯერჯერობით შეჯიბრებებში გამოვალ, მაგრამ რას ვიზამ, კიდევ არ ვიცი.

- სპორტში დასარჩენად მოტივაცია არ არის ის, რომ თქვენი ქალიშვილი - ციკოც მიუახლოვდა ნაკრებს და შეიძლება დედა-შვილმა ერთად იასპარეზოთ ეროვნულ ნაკრებში?
- ციკო მართლაც უმატებს შედეგებს, მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა საკუთარ შვილზე ლაპარაკი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ერევნის საერთაშორისო ტურნირიდან ციკო 3 ოქროთი ჩამოვიდა და მამამისმა, ჩემმა მეუღლემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ მითხრა - ხედავ, შენ გაჯობა, შენ ხომ სამი ოქროთი არც ერთი შეჯიბრებიდან არ დაბრუნებულხარო. რომ დავფიქრდი, მართლაც ასეა, იმან კი სამ დღეში საქართველოს თასიც მოიგო.

ციკო ხშირად მეუბნება, შენ უნდა გაჯობოო. ღმერთმა  ქნას, მართლაც შემცვალოს - ყველაზე მეტად მე გამიხარდება შვილის წარმატება. ვნახოთ, რა იქნება...

ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე ისევ აგრძელებენ ვარჯიშს. ეს ერთი წელიწადი ჩვენთვის მოსამზადებელი იქნება - გავივლით შეკრებებს, სადაც გაფართოებული შემადგენლობით წავალთ და არა მარტო 3-4 სპორტსმენი. ჩატარდება შიდა შეჯიბრებები, საკონტროლო გასროლები და ჩემი პრინციპი ამჯერადაც იგივე იქნება: ჩვენ უნდა გვქონდეს შედეგი და ამის მიხედვით დაკომპლექტდება გუნდი. ჩვენთან გვარ-სახელს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ქულებია - ვისაც მეტი 10-იანი ექნება, ის მიიღებს ტურნირებში მონაწილეობას.

მე ყველა სპორტსმენს ვუფრთხილდები, რადგან მშვილდოსნები ისედაც თითზე ჩამოსათვლელნი ვართ - 50-დან 60-მდე თუ ვიქნებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის თბილიში სავარჯისო
მშვილდოსნობაში
davit choxonelidze
18:21 10-12-2016
0

სიახლეები პოპულარული