უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და პირველ, ერთკვირიან შეკრებაზე შევიდნენ.

მსოფლიო რაგბის სიდიდით მეორე (მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. შარშან ინგლისში (მანჩესტერი) და წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი), უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეოთხე თამაშში, შესაბამისად, იტალიისა და არგენტინის ნაკრებები დაამარცხეს და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რითაც მსოფლიოს 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

მომავალი ტურნირისთვის მზადება სექტემბერში დაიწყო და მის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე გვიყვება:

"სექტემბერში ორი 3-დღიანი სასელექციო შეკრება გვქონდა, რომლის
შედეგადაც 60-კაციანი ჯგუფი შეირჩა. ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და კვირაში ორჯერ ვარჯიშები ტარდებოდა. ის ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდებში არიან, ჩვენთან ორშაბათსა და სამშაბათს ვარჯიშობდნენ, ხოლო "ა" ლიგაში მოთამაშე მორაგბეები - პარასკევს და შაბათს. ვარჯიშებს მე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი ვატარებდით. სელექციის პროცესსა და შემდგომ ვარჯიშებში არ მონაწილეობდნენ ის ბიჭები, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, ან ჩვენთან შეკრება გაიარეს და სარეზერვო სიაში იყვნენ".

ახლა გამოცდილი და ახალწვეული მორაგბეები გაერთიანდნენ და 7- 14 ნოემბერს რუსთავში, ერთკვირიან შეკრებას გაივლიან. გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 52 მოთამაშისგან შედგება, "რუსთავი არენაზე" ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. ამ შეკრებაზე არ არიან ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მოთამაშეები, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებშიც უწევთ თამაში და ამ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის განკარგულებაში რჩებიან.

"ეს ერთკვირიანი შეკრება ერთმანეთის გაცნობას ემსახურება. ვივარჯიშებთ ყველა მიმართულებით: ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, შეტევასა და დაცვაზე, ბიჭებს გავაცნობთ სტრატეგიას და სათამაშო სქემებს.

"მეორე, 10-დღიანი შეკრება დეკემბერში გვექნება, რომლის დროსაც ვეთამაშებით საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელიც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. იანვარში ვგეგმავთ ორ თამაშს ქართულ კლუბებთან, ხოლო თებერვალში საფრანგეთში გავემგზავრებით და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ შეხვედრას გავმართავთ" - გვიყვება უახლოესი და შორეული გეგმების შესახებ მაისურაძე.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც რაგბის აკადემიები ნორმალურად ამუშავდა,აშკარა პროგრესია თამაშის ხარისხში და რაც უფრო მნიშვნელოვანია,ყოველი მომდევნო ნაკრები კიდევ უკეთეს რაგბს თამაშობს.მჯერა ეს ნაკრებიც გააგრძელებს ამ ტენდენციას და შედეგთან ერთად ახალი ტალანტების ხილვითაც გაგვახარებს.
სოსო
10:58 09-11-2017
0