მანამდე გუნდმა ხანგრძლივი და დამღლელი მზადება გაიარა, რომლის ფარგლებში წელს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ორი თამაში გამართა და ერთში გამარჯვება მოიპოვა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა პირველ გუნდს ასევე ორჯერ ეთამაშა, ხოლო ორიოდე დღის წინ თბილისში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა. ბოლო თამაშში მწვრთნელებმა პირველი და მეორე ნომრების ნაზავი გუნდით ითამაშეს და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთეს.
„ინგლისის
16 ფორვარდი, 12 ბექი და 7 რეზერვი
საფრანგეთში წამსვლელთა 28-კაციან შემადგენლობაში 16 მორკინალია და 12 უკანახაზელი. შემადგენლობის შერჩევისას მწვრთნელებმა უპირატესობა იმ მორაგბეებს მიანიჭეს, რომლებიც ორ პოზიციას ფარავენ.
მაისურაძის თქმით, ტრავმებმა საუკეთესოების შერჩევაში ხელი ვერ შეუშალა და მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ის მორაგბე მიყავს, ვისი ხილვაც სურდათ:
„სიაში სულ 35 მოთამაშეა, რომელთაგან 7 სარეზერვოა. შარშან ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა, რეზერვი აქვე გვყავდა და ამან შემადგენლობის შერჩევა გაგვიადვილა, წელს კი სხვა სიტუაციაა და სპეციალიზირებულ პოზიციებზე ორ-ორი მოთამაშე მიგვყავს. გარდა ამისა, შერჩევისას აქცენტი ისეთ მორაგბეებზე შევაჩერეთ, რომლებიც რამდენიმე პოზიციას ფარავენ.
„შემადგენლობაში სამი კვაჭია, რათა რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში დაზღვეულები ვიყოთ, ასევე ორ-ორი მარცხენა და მარჯვენა ბურჯი, ხოლო კიდევ ერთ ბურჯს ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მეორე-მესამე ხაზში ოთხ-ოთხი მორაგბე გვყავს და ორ მეორეხაზელს საჭიროების შემთხვევაში მესამე ხაზშიც გამოვიყენებთ.
„სამი 9 ნომრიდან ერთ, გელა აფრასიძეს მგეზავადაც შეუძლია დადგომა, ასევე ლაშა ლომიძეს, რომელიც შუამარბია. ინგლისელებთან დაგვემტვრა გიორგი წიკლაური, თუმცა მისი შეცვლა ძალიან რთულია. ექიმებმა დაგვაიმედეს, რომ ის 10 დღეში მწყობრში იქნება და საფრანგეთში მოდის. ხანგრძლივი ტრავმა აწუხებდა კოტე მარჯანიშვილსაც. ექიმებმა მასთან დაკავშირებითაც თქვეს, რომ 10 დღეში თამაში შეეძლება.
„გარემარბებიდან ერთს, თემურ ჭიჭინაძეს ფულბეკადაც შეუძლია დადგომა. წელს ისე მოხდა, რომ გუნდში ძალიან ბევრი 18 წლის მოთამაშე გვყავს, მაგრამ მათ ნდობა დაიმსახურეს“.
11 გამოცდილი
შემადგენლობაში მყოფ 7 მორკინალს და 4 ბექს შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს ნათამაშები და მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება. მათგან ერთი - გელა აფრასიძე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამედ ითამაშებს.
შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ხაზის მორაგბეებიდან ლუკა დვალიშვილმა, თედო აბჟანდაძემ და გიორგი წიკლაურმა ითამაშეს, ხოლო მორკინალებიდან გურამ გოგიჩაშვილმა, ლევან პაპიძემ, თენგიზ ზამთარაძემ, ლაშა ჯაიანმა, ბექა საღინაძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და არსენ მაჩალაძემ.
„ეს 20-წლამდელთა ჩემპიონატია და დაღვინებულ, გამოცდილ მორაგბეებს დიდი ფასი აქვთ. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ ვხვდებით ექვსი ერის გამარჯვებულ საფრანგეთს, ძალიან ძლიერ სამხრეთ აფრიკას და ირლანდიას. შარშანდელის მსგავსად მიზნად უძლიერესთა შორის დარჩენას ვისახავთ და ვეცდებით აქცენტი მესამე-მეოთხე თამაშზე გავაკეთოთ“ - ამბობს მაისურაძე.
მიღწეულის გასაუმჯობესებლად
წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მეოთხე თამაშები მოიგო: 2016 წელს ინგლისში იტალიასთან და 2017 წელს თბილისში არგენტინასთან, რის შედეგადაც ორივეჯერ მე-10 ადგილი დაიკავა. უმცროსი ბორჯღალოსნების მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ წელს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმს გაიღებენ:
„ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. გვქონდა ფიზიკურად დატვირთული ვარჯიშები, ასევე ორი ტესტ-მატჩი სამხრეთ აფრიკის ძალიან ძლიერ გუნდთან და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. ეს ყველაფერი საუკეთესო ფორმაში ჩადგომაში დაგვეხმარა და ვფიქრობ, რომ საფრანგეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით.
„მოსამზადებელ ეტაპზე მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშმა მიგვაჩვია იმ ტემპს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდება. ჩვენი სურვილია, რომ წინა ორი წლის შედეგი გავაუმჯობესოთ და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე „გ“ ჯგუფში არიან და პირველ თამაშს პერპინიანში 30 მაისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ; 3 ივნისს ბეზიეში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდებიან; ხოლო 7 ივნისს ნარბონში ირლანდიას ეთამაშებიან. ნახევარფინალები 12 ივნისსაა ჩანიშნული, ფინალები კი 17 ივნისს გაიმართება.
„ა“ ჯგუფში ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის და უელსის ნაკრებები თამაშობენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, იტალია და შოტლანდია გაერთიანდნენ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით