რუსეთი უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც არ დაინდეს

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, პირველი ტესტ-მატჩი გამართეს და რუსი თანატოლები 52:12 დაამარცხეს.

შეხვედრას, რომელიც რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართა 600-მდე გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლები მეტოქეს კლასით აშკარად აღემატებოდნენ და თითო ტაიმში 4-4 ლელო გაიტანეს. სტუმრებმა რამდენჯერმე შეძლეს ფაზების აწყობა და ორჯერ მოახერხეს საპასუხო ლელოს გატანა.

თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევებით დაიწყო და მალევე-ლელო გარდასახვით დავწინაურდით, რასაც ტაიმის შუაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, იოანე იაშაღაშვილის ლელო მოყვა. რუსებმა დაცვაში ჩვენი შეცდომით ისარგებლეს და ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ერთი საპასუხო ლელო
მიითვალეს. მასპინძლები გააქტიურდნენ და ახლოდან გატანილი ლელოთი უპირატესობა გაზარდეს, ხოლო ტაიმის ბოლოს დანიშნული პირველი შერკინების შემდეგ საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და ტაიმი 28:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველომ მეხუთე ლელო მიითვალა, რაზეც დაახლოებით 10 წუთში სტუმრებმა ლელოთი გვიპასუხეს. დასკვნით წუთებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტემპს უმატეს, კიდევ 3 ლელო მიითვალეს, ბოლო ორი გარდასახვა არაზუსტი იყო და საბოლოოდ 52:12 იმარჯვეს.

საქართველოსა და რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრებები მეორე ტესტ-მატჩს 24 ნოემბერს, კვლავ რუსთავის რაგბის სტადიონზე 14 საათზე გამართავენ, მანამდე კი, განვლილ შეხვედრაზე და ნაკრების მზადებაზე უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ისაუბრა:

„მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და მან დაგვანახა როგორ მუშაობს ის ნიუანსები, რაზეც განვლილ პერიოდში ვიმუშავეთ. ვფიქრობ, მიცემული დავალებების მხოლოდ 10 პროცენტი თუ შესრულდა და ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ იმ თამაშამდე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდება, თუმცა იგრძნობა პოტენციალი და შესაძლებელია ამ დონის მნიშვნელოვნად აწევა, რის დახვეწასაც მუშაობის პროცესში ვეცდები“.

„ამ ეტაპზე ვათამაშეთ ის მორაგბეები, რომლებიც თავისუფლები იყვნენ და მიგვაჩნია, რომ საუკეთესოები არიან. გაისინჯა რამდენიმე ახალი მოთამაშეც. ნოემბრის დასაწყისში გვქონდა პირველი, ერთკვირიანი შეკრება, რომელიც თამაშის საბაზო კომპონენტებს დაეთმო. ამ ტესტების შემდეგ ცოტას დავისვენებთ და მზადებას იანვრიდან გავაგრძელებთ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოტოზე გამოსახული რუსი რაგბისტი ბუცების მაგივრად ჩვეულებრივი ფეხსაცმელით თამაშობს? იქნებ ვცდები.
გიოშა
20 ნოემბერი 2018 06:32
1