U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby.org

დღეს, 4 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. "უმცროს ბორჯღალოსანთა" პირველი მეტოქე ახალგაზრდა "ოლ ბლექსი" იქნება.

ზელანდიელებს აქამდე ერთხელ შევხვდით. ის იყო ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი თამაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და მაშინ უხერხული ანგარიშით დავმარცხდით - 0:55.

თუმცა იმ მატჩიდან 3 წელი გავიდა და დღეს ჩვენ უფრო ძლიერები, უფრო გამოცდილები და უფრო ამბიციურები ვართ. თუმცა არც ზელანდიელები დარჩენილან იმავე დონეზე.

აღსანიშნავია, რომ იმ წელს ოკეანელებმა აღნიშნული ჩემპიონატის ფარგლებში საკუთარი უარესი
შედეგი აჩვენეს და მე-5 ადგილი დაიკავეს. ალბათ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ ამ გუნდის ისტორიასა და მნიშვნელოვან დეტალებს.

2019 წლის ჩემპიონატში მე-4 ნომრად არიან განთესილები

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონობა (2008, 2009, 2010, 2011, 2015, 2017)

ყველაზე ცუდი შედეგი: მე-5 ადგილი (2016)

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სტატისტიკა: 55 ჩატარებული შეხვედრა - 46 გამარჯვება, 9 მარცხი

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ქულები/დადებული ლელოები: 2365/335

20-წლამდელთა გუნდიდან რამდენ მორაგბეს უთამაშია ეროვნულ ნაკრებში: 46

20-წლამდელთა გუნდის ყოფილი მოთამაშეებიდან ვინ ჩაატარა ყველაზე მეტი შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში: სემ უაითლოკი (108)

იცოდით თუ არა, რომ...

20-წლამდელთა გუნდის ყოფილი მოთამაშე ბიუდენ ბარეტი World Rugby-მ ორჯერ დაასახელა წლის სიმბოლურ გუნდში (2016, 2017) და გახდა მესამე მორაგბე, ვისაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.

მწვრთნელი: კრეიგ პილოტი

კაპიტანი: კიანუ კერერუ სიმსი

ვის უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: ეტენე ნანაი-სეტურო

ეტენე ნანაი-სეტურო მალე გახდება 20 წლის, თუმცა იმედისმომცემ მოთამაშედ დიდი ხანია ითვლება და 15 წლის ასაკში გაუფორმეს 5-წლიანი კონტრაქტი. ეს იმიტომაც მოხდა, რომ ახალზელანდიურ რაგბის ძალიან უნდოდა საკუთარი მომავლის შენარჩუნება მას მერე, რაც ეტენემ გამოხატა სურვილი, ეთამაშა ახალი ზელანდიის ნაკრებში. მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი 7-კაცა რაგბის სერიებში და 2018 წელს "ქომონველსის თამაშების" გამარჯვებულიც გახდა.

სუპერრაგბიში დებიუტი 2019 წლის თებერვალში ჰქონდა "ჩიპსის" შემადგენლობაში და პირველ შეხვედრაში 2 ლელო დადო. მის მომავალს უფრო 15 ნომერთან აკავშირებენ, თუმცა სუპერრაგბიში უკვე 11 შეხვედრა აქვს ფლანგზე ჩატარებული.

ახალგაზრდა ზელანდიელთა მთავარი მწვრთნელი კრეიგ პილოტი ძალიან თავდაჯერებულიც არ არის ჩემპიონატის წინ. ამის მიზეზი გახლავთ ის, მაისის დასაწყისში რომ ოკეანეთის ერთ-ერთი ტურნირის ფინალში ახალზელანდიელებმა ავსტრალიასთან მათთვის სამარცხვინო ანგარიშით წააგეს - 0:24.

"ჩვენ სხვა გუნდებთან შედარებით მოუმზადებლები ვართ. მოწინააღმდეგე ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ეტაპზე 7-8 მატჩი გამართეს, ჩვენ კი შეჯიბრების დაწყებამდე 1 კვირით ადრე მოგვიწია თამაში."

მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეული მარცხი იწვნიეს ავსტრალიელებთან, "ოლ ბლექსის" ოფიციალური გვერდი წერს, რომ იმ შეხვედრიდან ზელანდიელებმა დასკვნები გამოიტანეს, რომლებიც ძალიან გამოადგებათ საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში.

"ამ გუნდის უდიდესი პლუსი ის გახლავთ, რომ მოთამაშეები ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ბიჭები არიან და მათ გააჩნიათ მყარი სურვილი შავი მაისურის მემკვიდრეობის გაგრძელებისა. მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს ეს და ამით აღფრთოვანებული ვარ", - აგრძელებს კრეიგ პილოტი.

მთავარი მწვრთნელი სრულიად უცხო გარემოში თამაშის საკითხსაც შეეხო:

"ყველა გამოცდილება განსხვავდება ერთამანეთისაგან, ენა და ადამიანებიც განსხვავებულები არიან. თამაშების უმრავლესობის ჩატარება ხელოვნურ საფარზე მოგვიწევს. ესეც ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის და ნიშნავს, რომ ბუნებრივ საფართან შედარებით თამაშის ტემპიც უფრო მაღალი იქნება.

ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ასეთ ადგილებში წასვლას. რამდენიმე წლის წინ ჩვენ საქართველოში ვიყავით, სრულიად განსხვავებულ ადგილას. ეს ყველაფერი კი გუნდის გაჯანსაღებაში ძალიან გვეხმარება."

ბოლოს კი, კრეიგ პილოტი ძალიან საინტერესოდ საუბრობს. ის არ ამბობს არაფერს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ახალზელანდიელთა შანსებსა თუ მიზნებზე, არამედ მიმართავს თავისი გუნდის მოთამაშეებს, რომლებსაც მთავარ "ოლ ბლექსში" მოხვედრა ძალიან უნდათ:

"თქვენ ძალიან, ძალიან ახლოს ხართ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრასთან და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ეს ძალიან მალე მოხდება."

ალბათ, არაა რთული იმის გამოცნობა, თუ რა შედეგი შეუწყობთ ხელს ახალგაზრდა მორაგბეებს მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებში მოსახვედრად.

ვერ ვიტყვით, რომ შინაარსობრივად განსხვავებული ამოცანა დგას ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების წინაშე. მათი მიზანიც ეროვნულ გუნდში თამაშია და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

აპრილის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების, ასევე, ნამიბიის კაცთა გუნდის - "ნამიბია XV" წინააღმდეგ ითამაშა.

შემდეგ კი ნაკრებმა ბოლო შეკრება "შევარდენის ბაზაზე" გაიარა. გუნდის მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო საჭირო ტურნე, რომელმაც მწვრთნელებს მაღალ ტემპში თამაშისას ის სუსტი მხარეები დაანახა, რომელთა გამოსწორებაზეც სამი კვირა მუშაობდნენ.

"ეს იყო ძალიან საჭირო ტურნე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაზე გვაქვს სამუშაო და რაში ვართ ძლიერები. სათამაშო ტემპი იყო მაღალი და ვითამაშეთ იმ წნეხის ქვეშ, რომლის მსგავსი არგენტინაში გვექნება. დავინახეთ, რა კუთხით შეგვექმნა პრობლემები ამ სიჩქარეებზე და ეს სამი კვირა ვარჯიშები სწორედ ამის მიხედვით დაიგეგმა".

არგენტინაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის გამართვის შემდეგ შეკითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ უპასუხა:

"2016 წელს, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი თამაში ახალ ზელანდიასთან გავმართეთ და ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი, რა ქარიშხალს უნდა ველოდოთ. რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი ჯგუფები არ არსებობს. ახალი ზელანდიის შემდეგ სამხრეთ აფრიკას და შოტლანდიას ვეთამაშებით - პირველის ძალა ცოტა ხნის წინ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე გამოვცადეთ, მეორეს კი შარშანდელი მარცხისთვის რევანში სწყურია".

გუნდის კაპიტანი თედო აბჟანდაძე ფიქრობს, რომ სამხრეთაფრიკულ ტურნეში შეძენილი გამოცდილება ნაკრებს არგენტინაში წაადგება:

"შარშან სამხრეთაფრიკული ტურნე გუნდს ძალიან მაგრად წაადგა და 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. გუნდში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც ამ დონის თამაშების გამოცდილება არ ჰქონდათ და ახლა მათ ზუსტად იციან, რას უნდა ველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ ტურნირში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ, პარალელურად კი, შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას ვეცდებით".

მზადების განვლილი ეტაპებით კმაყოფილია და შარშანდელი შედეგის გამეორებაზე ფიქრობს დემე თაფლაძე:

"ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, რომლის დროსაც იყო ფიზმომზადების ვარჯიშები, ასევე, თამაშები რუსეთისა და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან და სამი თამაში სამხრეთაფრიკულ ტურნეში. გუნდი კარგადაა მომზადებული და ვფიქრობ, ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ. სამხრეთ აფრიკაში მაღალ სისწრაფეებზე თამაშის გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით, შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ".

შეგახსენებთ, შარშან "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მიჯრით სამი თამაში მოიგო და ტურნირი სარეკორდო, მე-9 ადგილზე დაასრულა.

ზელანდიელებთან თამაშის წინ ისევ ზურაბ ამონაშვილი საუბრობს:

"ენერგია აღვიდგინეთ და 3 დღე ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, მაგრამ ჩვენი საცხოვრებელი სავარჯიშო მოედნამდე 35 წუთის სავალ გზაზეა და ბოლო 3 დღეა მხოლოდ ერთ ვარჯიშს ვატარებთ, საღამოს კი ვიდეოანალიზი და კრებები გვაქვს. ვფიქრობთ, აღდგენის პროცესმა კარგად ჩაიარა და ვარჯიშებიც გეგმის მიხედვით მიდის".

მწვრთნელებმა პირველი მეტოქის თამაშები შეისწავლეს და ზუსტად იციან, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ახალი ზელანდია უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს:

"ახალი ზელანდიის ორი თამაში ვნახეთ, რომლებშიც ფიჯის დიდი სხვაობით მოუგეს, ავსტრალიასთან კი დამარცხდნენ. ამ შეხვედრებში მათ არ ჰყავდათ ზე რაგბის მოთამაშეები, არგენტინაში კი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ უფრო ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. ტრადიციულად, ახალ ზელანდიას ამ ტურნირზე ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავს. ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენთან სათამაშოდ სრული სერიოზულობით ემზადებიან" - ამბობს ამონაშვილი და ქომაგს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

"მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და შევეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ტურნირს საბრძოლო შემადგენლობით ვიწყებთ და ვეცდებით, რომ თამაშში ბოლომდე დავრჩეთ".

ახალ ზელანდიასთან თამაშს ორი ლეგიონერი იწყებს. "ჯიქი", "არმაზი" და "ლელო-სარასენსი" 3-3 მოთამაშითაა წარმოდგენილი, დანარჩენი ოთხი მორაგბე კი "ხარებიდან", "აიადან", "არმიადან" და "ყოჩებიდანაა". განაცხადში ტურნირზე მყოფი 28-ვე მორაგბეა, თუმცა შეცვლაზე მხოლოდ 8 მათგანი შევა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
ახალი ზელანდია - საქართველო (20:00 საქ.დრ.)
ჩვენება: rugby TV

საქართველო

1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი),

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 20. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. ოთარ ლაშხი (ლელო), 26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

ახალი ზელანდია

1. ოლი ნორისი, 2. კიანუ კერერო სიმსი (კაპ), 3. ფლეჩერ ნიუელი, 4. ქულერნ გრეისი, 5. ტაინე პლამთრი, 6. სამიპენი ფინაუ, 7. კოან ჰერბერტი, 8. დივენ ფლენდერსი, 9. ლეროი კარტერი, 10. რივეზ რიენანა, 11. ლესტერ ფაინგაანუკუ, 12. დალას მაკლოუდი, 13. ქუინ ტუპაეა, 14. ეტენე ნანაი-სეტურო, 15. კოულ ფორბსი

მარქაფა: 16. შილო კლეინი, 17. ჯორჯ დაიერი, 18. კალიოპასი ულუილაკეპა, 19. ტამაიტი უილიამსი, 20. ტუპოუ ვაა'ი, 21. კაიალმ ბოშერი, 22. ჯერია მუა, 23. საიმონ პარკერი, 24. ტაუფა ფუნაკი, 25. ფერბიუს ბერკი, 26. ბილი პროქტორი, 27. სკოტ გრიგორი, 28. ლალომილო ლალომილო

აღნიშნული შეხვედრა დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაივ სტრიმი იცით ვიმნემ?
3-0 ვიგებთ ჯერჯერობით
ILIA
20:13 04-06-2019
0
აბა თქვენ იცით ლომებო! წარმატებები!
ლევანი
14:04 04-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ