U20. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან - ბრძოლა ბოლომდე იქნება!

AutoSharing Option
4 ივნისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს და მისი მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები იქნება.

ტურნირის დაარსების წლიდან (2008), "ბეიბი ბლექსმა" (20წ. ახალი ზელანდიის თიკუნი) 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ, 6-ჯერ მოიგო. ზელანდიელებმა თასი ბოლოს 2017 წელს, საქართველოში გამართული ჩემპიონატისას აღმართეს, შარშან კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტურნირი ჰქონდათ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

ჩვენი გუნდი ამ ტურნირში ზედიზედ მეოთხე წელია თამაშობს და შარშან სამი თამაშის მოგებით, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა -
მე-9 ადგილი.

წელს "უმცროსი ბორჯღალოსნები" „გ“ ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად თამაშობს. 4 ივნისს ჩვენი მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, 8-ში - სამხრეთი აფრიკა, ხოლო 12 ივნისს - შოტლანდია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს, რომ ამ დონის ტურნირში იოლი მეტოქეები არ არსებობენ:

„როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიხარ, უკვე იცი, რომ იქ იოლი ჯგუფი არ იქნება. ვუყურეთ 20-წლამდელთა წყნარი ოკეანის თასის თამაშებს და ვნახეთ ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში იყო. გუნდს 6 მოთამაშე აკლდა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე უმატებდა. ვიცით, რა გუნდია სამხრეთი აფრიკა, რომელთანაც სამხრეთაფრიკულ ტურნეზე პირველი თამაში გვქონდა. ბიჭები ამ შეხვედრაში შებოჭილები იყვნენ და ვიმედოვნებ, მათთან მეორე მატჩი უკეთესი იქნება. ჩვენს ჯგუფშია შოტლანდია, რომლის წლევანდელი ექვსი ერის თამაშები ვნახეთ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. დანებებას არ ვაპირებთ. ვეცდებით, ყველა თამაშზე ღირსეულად გამოვიდეთ და ქულები ავიღოთ“.

ბრძოლა ბოლომდე იქნება

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინაში 25 მაისს გაემგზავრა და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ადგილზე დაბანაკდა. პირველი ორი დღე აღდგენას დაეთმო, მესამე დღიდან კი ორჯერადი ვარჯიშები დაიწყეს.

მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მზადების შესახებ გვიყვება:

„ენერგია აღვიდგინეთ და 3 დღე ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, მაგრამ ჩვენი საცხოვრებელი სავარჯიშო მოედნამდე 35 წუთის სავალ გზაზეა და ბოლო 3 დღეა მხოლოდ ერთ ვარჯიშს ვატარებთ, საღამოს კი ვიდეოანალიზი და კრებები გვაქვს. ვფიქრობთ, აღდგენის პროცესმა კარგად ჩაიარა და ვარჯიშებიც გეგმის მიხედვით მიდის“.

Sportall.Ge

მწვრთნელებმა პირველი მეტოქის თამაშები შეისწავლეს და ზუსტად იციან, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ახალი ზელანდია უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს:

„ახალი ზელანდიის ორი თამაში ვნახეთ, რომლებშიც ფიჯის დიდი სხვაობით მოუგეს, ავსტრალიასთან კი დამარცხდნენ. ამ შეხვედრებში მათ არ ჰყავდათ ზე რაგბის მოთამაშეები, არგენტინაში კი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ უფრო ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. ტრადიციულად, ახალ ზელანდიას ამ ტურნირზე ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავს. ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენთან სათამაშოდ სრული სერიოზულობით ემზადებიან“ - ამბობს ამონაშვილი და ქომაგს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და შევეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ტურნირს საბრძოლო შემადგენლობით ვიწყებთ და ვეცდებით, რომ თამაშში ბოლომდე დავრჩეთ“.

ახალ ზელანდიასთან თამაშს ორი ლეგიონერი იწყებს. "ჯიქი", "არმაზი" და "ლელო-სარასენსი" 3-3 მოთამაშითაა წარმოდგენილი, დანარჩენი ოთხი მორაგბე კი "ხარებიდან", "აიადან", "არმიადან" და "ყოჩებიდან" არიან. განაცხადში ტურნირზე მყოფი 28-ვე მორაგბეა, თუმცა შეცვლაზე მხოლოდ 8 მათგანი შევა.

ამაშუკელი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

ხვალვე, 4 ივნისს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დებიუტი ექნება ქართველ რეფერის, ნიკა ამაშუკელს. საგულისხმოა, რომ ასეთი დონის ტურნირზე აქამდე არც ერთ ქართველ რეფერის არ უმსაჯია.

ამაშუკელი ცენტრალური მსაჯი „ა“ ჯგუფის შეხვედრაში იქნება, რომელშიც 2018 წლის ჩემპიონი საფრანგეთი ტურნირზე წელს „ალაფიდან“ აღზევებულ ფიჯის ეთამაშება. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
ახალი ზელანდია - საქართველო (20:00 საქ.დრ.)
ხაზი - ბექები:


15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება - ფორვარდები:

1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).

მარქაფა:

16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 20. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. ოთარ ლაშხი (ლელო), 26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი

"გ" ჯგუფი
4 ივნისი. I ტური

სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია (17:30)

8 ივნისი
სამხრეთი აფრიკა - საქართველო (17:30)

ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)

12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)

სამხრეთი აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ,ზელანდიის ნაკრები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იქნება მომზადებული და ჩვენ, პირველივე ტურში გადავეყარეთ.ვნახოთ რა იქნება,თუმცა ჩვენი ბიჭები რომ თავს არ დაზოგავენ,დარწმუნებული ვარ.წარმატებები ბიჭებო,დღესაც და მთელ ტურნირზეც.თქვენ თქვენი თამაში ითამაშეთ და წარმატებები აუცილებლად მოვა.
სოსო
10:53 04-06-2019
0
რომელიმე არხი გადმოსცემს ამ ჩემპიონატს?
გუგა
10:28 04-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ