U20 საერთაშორისო სერია სამხრეთ აფრიკაში

AutoSharing Option
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მონაწილეობის მისაღებად, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ივნისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება!

აღსანიშნავია, რომ 3 და 10 ივლისს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს, მანამდე კი ეს ქვეყნები ერთმანეთს 20-წლამდელთა ნაკრებების დონეზე დაუპირისპირდებიან.

ოთხგუნდიან საერთაშორისო სერიაში სამხრეთ აფრიკის, საქართველოს, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. "უმცროსი ბორჯღალოსნები" 18 ივნისს არგენტინას ეთამაშება, 23-ში - ურუგვაის, ხოლო 28 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 3 ივლისს ფინალში, ხოლო ბოლო ორი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

ჯგუფურ ეტაპზე
გამარჯვებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრე 2 ქულაა და მოქმედებს ბონუს-სისტემა – 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" წლებია სამხრეთ აფრიკაში ტურნირზე დადიან, რაც საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ბაჩო ხურციძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია:

"ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რადგან ყველა წარმატება, რასაც ამ ასაკში ვაღწევთ, ნაწილობრივ სწორედ მსგავსი მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის შედეგია. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ტურნირზე წლებია დავდივართ. გარდა ამისა, ამ ურთიერთობას უკავშირდება ეროვნული გუნდის ტურნე სამხრეთ აფრიკაში და ქართული ფრანჩაიზის შესაძლო ჩართვა სამხრეთაფრიკულ ჩემპიონატში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი მსოფლიო რაგბია".

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ბაფანა ნჰლეკო (Bafana Nhleko) მოხარულია, რომ მის გუნდს მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების საშუალება აქვს:

"მოხარულები ვართ, რომ 2019 წლის შემდეგ მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა გვექნება. ეს იყო ურთულესი პერიოდი და ახლა გვექნება შესაძლებლობა, ვაჩვენოთ ჩვენი უნარები მაღალი დონის გუნდებთან. მადლობა მსოფლიო რაგბის, რადგან მათ გარეშე ეს ტურნირი ვერ ჩატარდებოდა. მოთამაშეთა განვითარების კუთხით, ის უმნიშვნელოვანესია".

"თავდაუზოგავად ვშრომობდით და ეს თამაშები ჩვენთვის დამსახურებული ჯილდოა. სამწუხაროდ, წინა თაობას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. უკანასკნელ წლებში არგენტინა და საქართველო მუდამ დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა და მათგან ახლაც იმავეს ველით. ისინი ფიზიკურ ბრძოლაში გამოირჩევიან, ურუგვაი კი სწრაფი გუნდია. მოუთმენლად ველოდებით მათთან თამაშებს".

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტმა განაცხადა:

"მოუთმენლად ველოდებით 20-წლამდელთა ტურნირების აღდგენას, რომლებიც პანდემიის გამო ორი წელია ვერ ტარდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ტურნირები არაერთი ვარსკვლავის აღმოჩენის შესაძლებლობას მოგვცემს".

U20 საერთაშორისო სერია 2021, სამხრეთი აფრიკა, სტელენბოში

18 ივნისი

საქართველო – არგენტინა

სამხრეთი აფრიკა – ურუგვაი

23 ივნისი

ურუგვაი – საქართველო

სამხრეთი აფრიკა – არგენტინა

28 ივნისი

სამხრეთი აფრიკა – საქართველო

ურუგვაი – არგენტინა

3 ივლისი

მესამე ადგილისთვის

ფინალი

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მას შემდეგ რაც 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში,6 ერის ქვეყნებმა ,ნაკრებების გაგზავნა შეაჩერეს,ეს ტურნირები,აფრიკის და კიდევ რომელიმე ბობოლა გუნდის მონაწილეობით,საუკეთესო კომპენსაციაა,ჩვენი ნაკრებისათვის.თუმცა ოფიციალურ ტურნირს,მაინც სხვა დატვირთვა აქვს და სხვა თვითრწმენას აძლევდა ჩვენს ბიჭებს.ევროპის ჩემპიონატის ფინალში,საფრანგეთის ნაკრების დამარცხება,მაინც სულ სხვანაირად ჟღერს და სხვა ემოციებს იძენს.თუმცა რაცაა,ესაა.სხვა გზა არ გვაქვს და ამაზეც დიდი მადლობა.
სოსო
10:24 25-05-2021
0