U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველო ჩემპიონია - ზედიზედ მეოთხედ

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიელი თანატოლები 34:10 დაამარცხეს და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ პირველად უმასპინძლა და თამაშები თბილისსა (რაგბი პლატო) და რუსთავში გაიმართა. გადამწყვეტი თამაში „ხარები არენაზე“ გაიმართა, საქართველომ მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა და თასი დამსახურებულად შემართა.

უამინდობის მიუხედავად "უმცროსი ბორჯღალოსნების" საქომაგოდ გულშემატკივარი რუსთავის სტადიონზე მრავლად მივიდა და ბიჭებმაც მათ თავდადებული თამაშით გადაუხადეს მადლობა. ქარმა და წვიმამ ხარისხს თავისი ხელი
დაატყო, თუმცა ჩვენი გუნდის დომინაცია წამითაც არ დამდგარა ეჭვს ქვეშ. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ და 5 ლელო გაიტანეს. პორტუგალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ორი წლის განმავლობაში საქართველოს პირველი ლელო გაუტანეს.

თამაში თავიდანვე საქართველოს შეტევებით დაიწყო. ფორვარდები ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას, მე-3 წუთზე მეტოქე დააჯარიმეს და ლუკა ცირეკიძემ 38 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მე-11 წუთზე პორტუგალიამ ჩვენი შეცდომით ისარგებლა, ლუკა ჭინჭარაულს ბოჭვისას ბურთი დაუვარდა, სტუმრებმა მას ფეხი მიკრეს და ლელო გარდასახვით დაწინაურდნენ. ამან მასპინძლები არ დააბნია, მე-15 წუთზე ჯარიმა უკვე აუტში გადავიტანეთ, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და მიხეილ ხახუბიამ ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

23-ე წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო გაიტანეს. თითქმის კარის წინ დანიშნული შერკინებიდან ალექსანდრე ჯიღაურმა შეუტია, გრძელი გადაცემით ლუკა ხორბალაძე მოძებნა და მანაც სისწრაფეში ლელო ალამთან გაიტანა. ტაიმის მიწურულს საქართველომ ლამაზი ხელდახელ შეტევა განახორციელა, ტატო ბურთიკაშვილმა ხაზი გაჭრა და ფინტებით დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, ამას ფორვარდების დარტყმები მოყვა, მერე გიორგი ხაინდრავა შევიდა კარის წინ, რაქიდან ბურთი ხაზზე სწრაფად გაიშალა და ცირეკიძემ ალამთან ლელო გაიტანა – 20:7.

მეორე ტაიმი საქართველოს შეტევებით დაიწყო, თუმცა მერე კარის წინ დავჯარიმდით და მეტოქემ 40 მეტრიდან ჩამორჩენა შეამცირა. ამას სტუმართა სახიფათო, სწრაფი შეტევა მოჰყვა და თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ცირეკიძემ მეტოქე ალამთან აუტში გადაიყვანა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ხელთ იგდეს უპირატესობა და 49-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანეს. ამჯერადაც ჯიღაური-ხორბალაძის დუეტმა იმუშავა. შერკინების შემდეგ ალექსანდრემ მოკლე ფრთაზე შეუტია, მცველი აიყვანა და ბურთი კიდით ხაზთან ლუკას გადააწოდა, რომელიც მბოჭავთან კონტაქტში შევიდა და დუბლი შეასრულა. ცირეკიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. შეხვედრის მიწურულს საქართველომ ფაზები აკინძა, ცენტრიდან 22-ში შევიდა, იქ ლადო ტყაბლაძემ სივრცე შენიშნა, რაქის გვერდით ხაზი გაჭრა და მეხუთე ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 34:10.

ევროპის ჩემპიონ საქართველოს, მეორეადგილოსან პორტუგალიას და მესამეადგილოსან ესპანეთს კუთვნილი მედლები საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ გადასცეს. "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანმა გიორგი გერგედავამ თასი იოსებ ტყემალაძისგან ჩაიბარა.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ფინალი
9 ოქტომბერი. რუსთავი. „ხარები არენა“
საქართველო – პორტუგალია 34:10 (20:7)
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. ლუკა ხორბალაძე, 13. ლუკა კობაური, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. ლუკა ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ჯიღაური;

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. მიხეილ ხახუბია, 3. დავით მჭედლიძე, 4. კახა შეყილაძე, 5. გიორგი გერგედავა (კაპ.), 6. ანდრო დვალი, 7. ნიკა ლომიძე, 8. თამაზ ჭამიაშვილი.

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. გიგა თუთისანი, 19. თორნიკე ღანიაშვილი, 20. ჯაბა ოდიშარია; 21. ლადო ტყაბლაძე, 22. გელა ხელაძე, 23. ლუკა კეშელავა, 24. ნუგზარ ქევხიშვილი, 25. ზურა ნინიძე, 26. ნიკა აბესაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ უფრო უძლიერესი თაობა მოდის! ძალიან კარგი...
ლაშა
10 ოქტომბერი 2022 20:51
0
კვლავ გამარჯვება
ფიქრია
10 ოქტომბერი 2022 12:09
0
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!
კახა
10 ოქტომბერი 2022 07:25
0
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ. გაგიჭირდებოდათ.
G.LA
10 ოქტომბერი 2022 00:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.