"უმცროსი ბორჯღალოსნები" | რაზმი ინგლისთან ისტორიული ტესტისთვის

AutoSharing Option
27 მაისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე ისტორიულ თამაშს გამართავენ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ ინგლისი პირველი გუნდით ჩამოვიდა!

აქამდე საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებს ინგლისის საგრაფოების, ან რომელიმე კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის უმასპინძლია. საქართველოს სტუმრობდნენ ბრიტანული სამოყვარულო კლუბები და 2017 წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მასპინძლებთან თამაშმა არ მოუწია.

ზოგადად, ინგლისელ 20-წლამდელებს ჩემპიონატზე თუ ამხანაგურ მატჩში არასდროს შევხვედრილვართ და ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება, რომელსაც 4 დღეში, 1 ივნისს მეორე მოჰყვება.

როგორც საქართველოს,
ასევე ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გასამართი ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება და ეს თამაშები ორივე მათგანისთვის ბოლო საკონტროლო მატჩები იქნება.

ინგლისი საქართველოში სიახლით მოდის. მას შემდეგ, რაც 2023 წლის 20-წლამდელთა ექვს ერზე ინგლისმა მე-4 ადგილი დაიკავა, რაგბის კავშირმა მთავარი მწვრთნელის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და სულ რამდენიმე დღის წინ ეს თანამდებობა მარკ მეიპლტოფტმა დაიკავა, რომელიც აქამდე 18-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა. მან საქართველოში 29 მოთამაშე ჩამოიყვანა. გაფართოებულ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერშიფის 11-ვე კლუბის მოთამაშეა წარმოდგენილი.

ყველაზე მეტი, 7 მორაგბე "ჰარლექუინსიდანაა", "სეილ შარქსიდან" – 5, "ლესთერ თაიგერსიდან" – 4, სხვა კლუბებს კი 20-წლამდელებში ერთი, ან ორი მოთამაშე ჰყავთ მივლენილი.

„ყველას ვულოცავ 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრას. საქართველოში ფიზიკური, რთული თამაშები გველოდება, ისეთი, როგორსაც სამხრეთ აფრიკაში ველით. 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, საქართველოსთან თამაშები ფასდაუდებელ გამოცდილებას შეგვძენს“ – განაცხადა მეიპლტოფტმა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ინგლისის წინააღმდეგ

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორიოდე დღე დაისვენეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ. გაფართოებულ რაზმში 40 მოთამაშეა. სამწუხაროდ, ლეგიონერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა კლუბებს საფრანგეთში ფლეი ოფების ელის, ჯერ ვერ შეძლეს შეკრებაზე ჩამოსვლა.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, 27 მაისს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მარქაფაში 8-ის ნაცვლად 15 მოთამაშე იქნება. სასტარტო შემადგენლობაში 4 ლეგიონერია – ცენტრი გიორგი შველიძე, კვაჭი ბასა ხონელიძე, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი ნიკოლოზ საყვარელიძე, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერი – ლუკა კობაური მარქაფაშია.

ცენტრში თამაშს იწყებს თორნიკე კახოიძე "შავი ლომიდან", რომლის ანგარიშზე 3 სანაკრებო კეპია. დამწყებებს შორის ხუთი მოთამაშე "ლელოდანაა", ორი "ხვამლიდან", რუსთავის "ხარებიდან", ქუთაისის "აიადან" და თბილისის "ლოკომოტივიდან" კი თითო-თითო.

„ავჭალაზე“ საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების პირველი შეხვედრა 27 მაისს, 19 საათზე დაიწყება.

თბილისი. ავჭალა. 19:00
საქართველო U20 – ინგლისი U20

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლუკა უნგიაძე (არწივები), 18. ბექა ბერიძე (ბათუმი), 19. დავით ვარდანიძე (აია), 20. ანდრო დვალი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. გიორგი ხაინდრავა (ლელო); 24. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 25. ლუკა კობაური (პერპინიანი), 26. ლუკა კეშელავა (არმია), 27. მურთაზ ცხადაძე (არესი), 28. ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), 29. დავით ბერიძე (ლელო), 30. საბა არჩვაძე (ლელო).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
1 ივნისს რომე საათზე იწყება?
გიორგი
15:32 29-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.