ევრო 2016. D ჯგუფი. ჩეხეთი-ხორვატია: არ არის ლუკა, არ არის ჰრვატსკა [VIDEO]

AutoSharing Option
* ვედრან ჩორლუკამ ხორვატიის ნაკრების მაისურით უკვე 7,5 ათასი წუთი ჩაატარა.
* ივან პერიშიჩის გოლი მე-8 გოლია ევრო 2016-ზე, რომელიც მარცხენა ფეხით გაიტანეს.
* ჩეხთა კარის უკნიდან ხორვატმა ფანებმა პეტარდები ისროლეს მოედანზე, რის გამოც ერთი სტიუარდი დაშავდა. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.
* ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც 3-ზე მეტი გოლი გავიდა.

ევრო 2016-ის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რომელიც ხორვატი ფანების უმსგავსო საქციელმა კინაღამ ჩაშალა. ჩეხეთის ნაკრებმა ორ-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა ძალიან კარგი ხორვატიის წინააღმდეგ და პირველი ქულა მოიპოვა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ანტე
ჩაჩიჩმა ზუსტად ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომლითაც ხორვატიამ თურქეთი 1:0 დაამარცხა. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, მაგრამ ასევე საკვირველიც - ჩაჩიჩს აქამდე არც ზაგრების "დინამოში" და არც ეროვნულ ნაკრებში არ გამოუყვანია ზუსტად ის შემადგენლობა, რომლითაც წინა მატჩი ითამაშა. საყრდენ ზონას ისევ ბადელი და მოდრიჩი ამაგრებდნენ, წინ წაწეულ მანჯუკიჩს კი ბროზოვიჩის, რაკიტიჩისა და პერიშიჩის ტრიო ეხმარებოდა.

ჩეხებმა კი ესპანეთთან 0:1 წაგების შემდეგ შემადგენლობა შეცვალეს. შეტევაში ნეციდს მწვრთნელმა ლაფატა არჩია, დიდ ტურნირებზე დებიუტი ჰქონდა ირჟი სკალაკს, ტრავმის გამო გუნდს კვლავ დააკლდა დოჩკალი. ჩეხთა საყრდენ ზონას იაროსლავ პლაშილი ამაგრებდა. ტომაშ როსიცკი უფრო წინ თამაშობდა, ვიდრე ესპანეთთან მატჩში. მეორე ტაიმში პლაშილის მოხსნა და მის ნაცვლად შემტევის შემოყვანა, ვრბას მხრიდან თამამი და სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

გოლები
0:1 - 37-ე წუთზე პლაშილს ბადელიმ აართვა ბურთი და ივან პერიშიჩი მოძებნა, შემტევმაც კარგი რეიდი გოლით დააგვირგვინა.

0:2 - 57-ე წუთზე ჰუბნიკის შეცდომის შემდეგ ბროზოვიჩმა ჩეხთან პირისპირ რაკიტიჩი გაიყვანა, ვინც ბურთი თავზე გადაუგდო მეკარეს.

1:2 - 76-ე წუთზე როსიცკის ჩამოწოდებულს თავურით მილან შკოდა გამოეხმაურა.

2:2 - 93-ე წუთზე ვიდა საჯარიმოში დაჯარიმდა და ტომაშ ნეციდმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "ჩეხეთის ნაკრები კარგი გუნდია. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი ვითამაშეთ, რაც მე ვარ ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ეს ევროა - მათ ორი გოლი გაგვიტანეს, სხვა რა ვთქვა? უნდა მოგვეგო, 2:1-მდე ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. იმედია, ეს უფრო გაგვაძლიერებს".

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ფრთხილად უნდა გამოვიყენო სიტყვა სასწაული. ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს საამისოდ, ძალიან გაგვიმართლეს შეცვლაზე შემოსულებმაც. ვამაყობ ბიჭებით, რომლებიც არ დანებდნენ. ლუკა მოდრიჩი კი ხორვატიის ნაკრებისთვის ძალზე ბევრს ნიშნავს".

მატჩის გმირი
უეფას ოფიციალურმა საიტმა ივან რაკიტიჩი დაასახელა. რომ არა 62-ე წუთი ჩვენი არჩევანი სხვა იქნებოდა - სანამ მოედანზე ლუკა მოდრიჩი იყო, მას ვერავინ შეედრებოდა, მაგრამ ლიდერმა ტრავმა მიიღო. ამიტომაც, ჩვენც "ბარსელონას" ვარსკვლავს ვასახელებთ, ბოლოს და ბოლოს, მისი გოლი რად ღირს!

მსაჯი
ინგლისელ მარკ კლატენბურგს აუცილებლად უნდა დაენიშნა სახიფათო ჯარიმა ხორვატთა კარში პირველ ტაიმში, როცა ვიდამ იუხეშა. პენალტის დანიშვნამაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინგლისელი მართალი იყო.

ანალიზი
ხორვატიის ნაკრებმა ამ ევროზე საუკეთესო პირველი ტაიმი შემოგვთავაზა, გუნდის უპირატესობა არნახული იყო, შუახაზში ლუკა მოდრიჩი ციბრუტივით ტრიალებდა, წინ კი ძალიან აქტიურობდა შემტევი ოთხეული. მეორე ტაიმში ჩეხებმა თამაში გაათანაბრეს, მაგრამ კონტრშეტევაზე დაისაჯნენ. თითქოს, აქ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 62-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა შეცვლა მოითხოვა. კოვაჩიჩმა კი მოდრიჩობა ვერ იკისრა, ჩეხებმა ჯერ ერთი გაქვითეს, შემდეგ კი ხორვატები მათი ფანების უმსგავსო საქციელით რიტმიდან ამოვარდნილები სულ წახდნენ.

დასკვნა
ხორვატიის ნაკრები დიდებული გუნდია, მაგრამ მისი ფასი ლუკა მოდრიჩის გარეშე თითქმის ნახევრდება, რაც ამ შეხვედრაში ძალიან ნათლად გამოჩნდა. ჩეხეთის ნაკრებმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხა 0:2-ის ამოქაჩვა. აქვე შეგახსენებთ, რომ მწვრთნელმა მასთან კონფლიქტის გამო, დეიან ლოვრენი არ წაიყვანა. არადა, როგორ აკლია კარგი მეწყვილე ჩორლუკას...

whoscored.com-ის ტოპ-5
ივან რაკიტიჩი ხორ. 8,4
ივან სტრინიჩი ხორ. 7,8
ივან პერიშიჩი ხორ. 7,6
მილან შკოდა ჩეხ. 7,4
მარსელო ბროზოვიჩი ხორ. 7,4

17 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
ჩეხეთი-ხორვატია 2:2
გოლები: 0:1 პერიშიჩი (37. ბადელი), 0:2 რაკიტიჩი (59. ბროზოვიჩი), 1:2 შკოდა (76. როსიცკი), 2:2 ნეციდი (94-პენ)
ჩეხეთი (4-1-4-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, ჰუბნიკი, სივოკი, ლიმბერსკი - პლაშილი (86. ნეციდი) - სკალაკი (67. შურალი), როსიცკი, დარიდა, კრეიჩი - ლაფატა (67. შკოდა)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი (98. ვრსალიკო) - ბადელი, მოდრიჩი (62. კოვაჩიჩი) - ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (97. შილდენფელდი), პერიშიჩი - მანჯუკიჩი
გაფრთხილება: სივოკი - ბადელი, ბროზოვიჩი, ვიდა
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7-19 (4-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 38 376

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული