ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბოლნისის "სიონმა" სფფ-ს წერილობით მიმართა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა ბოლნისის "სიონმა" სფფ-ს წერილობით მიმართა.

ბოლნისის "სიონმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის პირველი წრე დაასრულა. გასულმა ცხრა ტურმა ცხადყო, რომ მსაჯთა კორპუსში ხშირად კომპეტენციის პრობლემებს ვაწყდებით. უნებლიე თუ გამიზნული შეცდომა - ამის მტკიცება რთულია, თუმცა რიგ შემთხვევებში, მსაჯების უხეშმა შეცდომებმა მატჩის შედეგებზე გავლენა იქონია. თქვენს ყურადღებას კონკრეტულად სამ მატჩზე გავამახვილებთ:

1: "დილა“-"სიონის“ დაპირისპირება - ნინუამ ვერ დააფიქსირა მოედნის ხაზს გარეთ აშკარად გადასული ბურთი, რომელსაც "სიონის“ კარში გოლი მოჰყვა. ხაზთან იმყოფებოდა გვერდითი არბიტრი, რომელსაც ასევე კარგად უნდა დაენახა ეპიზოდი,
თუმცა მან რეაგირება არ მოაყოლა. აღნიშნული თამაში 3-2 დასრულდა.

2: "სიონი“-“რუსთავის” დაპირისპირებისას, როდესაც ანგარიში 0-1 იყო, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა “სიონის” სასარგებლოდ არ დანიშნა 11-მეტრიანი, როდესაც მცველი ხელით იჭერდა “სიონის” შემტევს.

3: "სიონსა“ და "ჩიხურას“ შორის პაპუნა მაჭარაძემ 11-მეტრიანი დანიშნა, როცა ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი საჯარიმო მოედნის მიღმა მოხდა, რაც ვიდეოშიც ნათლად ჩანს. ამავე მატჩის მეორე ტაიმში “ჩიხურას” კარში არ იქნა 11-მეტრანი დანიშნული, სადაც თვალნათლივ ჩანს, 59-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კაკუბავას ხელზე ხვდება.

აღსანიშნავია, რომ პაპუნა მაჭარაძის უხეში შეცდომები მიმდინარე ჩემპიონატში "სიონის" მატჩებში პირველი არ იყო. მან “სამტრედია”-“სიონის” შეხვედრაც იმსაჯა, სადაც პენალტი “სიონის” კარში დანიშნა და ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა არა წესების დამრღვევი ფეხბურთელი, არამედ გულვერდ თომაშვილი, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა აღნიშნულ ეპიზოდში.

მსაჯობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მხოლოდ ბოლნისის "სიონს“ არ აქვს. მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი უკმაყოფილება გამოითქვა მათ მიმართ. ბოლნისის "სიონი“ შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი მსაჯი არაკომპეტენტურია და არც იმის დაჯერება გვსურს, რომ სამსაჯო კორპუსი კონკრეტული გუნდების მისამართით განზრახ უშვებს შეცდომებს.

ბოლნისის "სიონი“ ადასტურებს თავის პატივისცემას სამსაჯო კორპუსის მიმართ, თუმცა, აქვე ვითხოვთ, რომ მათი მხრიდან მეტი ყურადღება, მეტი პროფესიონალიზმი და მეტი კომპეტენცია იქნეს გამოვლენილი. "სიონის“ თვითმიზანი არ არის მსაჯების დისკრედიტაცია, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მათი მხრიდან იქნება ისეთი შეცდომები გამორიცხული, რომელიც შეხვედრის შედეგზე გავლენას იქონიებს!", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მომზადებულია Fcsionibolnisi.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ