14 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა გაიმართა, რომელმაც „კოლხეთი 1913“-ის ორი ფეხბურთელის სარჩელი განიხილა. გიორგი კილასონია და ლაშა გოგონაია სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის თანახმად, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა.
სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მოისმინა რა მხარეთა პრეტენზიები, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამასთანავე ტრიბუნალმა, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
საჩივრდება, გიორგი კილასონიას ნაწილში, მიიჩნია, რომ პირველივე შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება და დაადგინა: „დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა ჩაითვალოს მოხდილად, ხოლო დარჩენილი ვადა 2019 წლის 4 იანვრამდე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად“.
რაც შეეხება ლაშა გოგონაიას, ტრიბუნალმა მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით