"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
მიქაუტაძემ გაიტანა ბრწყინვალე გოლი, რატომ არ არის კარგი ფეხბურთელი, ხვიჩას დიდი გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია რომ მარგალიტია, მაგრამ ამ თამაშში იმედები ვერ გაამართლა. უნდა სამართლიანები ვიყოთ.
დავით 67-ს
29 მარტი 2023 19:43
2
დავითაშვილმა რა გააკეთა როგორი პასი არ მისცა კვარაცხელიას თავის უახლოეს მეგობარს,ძალიან მიმბაძველი და ქერქეტა ბიჭია,ჩაკვეს რო ეთამაშა ამას იზავდა?!რა მოგწონს ამ დავითაშვილში სანიოლ???
ბექა
29 მარტი 2023 19:34
3
გუშინ დავრწმუნდი, რომ მწვრთნელი არ გვყავს შესაფერისი. არ შეიძლება სუსტი და ზანტი ფეხბურთელები ძირითადში დააყენო. ჩვენ აქ ვიხევით ხოლო სამწვრთნელო შტაბი და სანიოლი ხელფას-ბონუსებს იღებს. სასწრაფოდ გასაშვებია ბოლო კაცამდე ყველა, მოიწყვეს თბილი ადგილი და თუ მოაგებინებს ხვიჩა თამაშს მერე ბაქიბუქობენ
სიმართლე
29 მარტი 2023 19:27
6
იყო ძალიან არაკლექტიური და მოკლემხედველური თამაში, სად ვიღაც აბურჯანია და სად ჩაკვეტაძე, ნუ გვავიწყდება ვინ მიათრია საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩამდე. და იმ ფორმის ჩაკვეტაძე რომ ყოფილიყო იმ დღეს, კვარაცხელიას გარეშეც გავიმარჯვებდით, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-კიტეიშვილი, მხოლოდ ამ ბირთვით შეუძლია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზ მოხვედრა ამჟამინდელ პირობებში. ეს მატჩი კი უბრალო გამართლება იყო, რომელიც შანსებს გვიტოვებს.
irakli
29 მარტი 2023 19:21
2
დავითაშვილს თავი კვარაცხელია ჰგონია და რატო ეს არ ვიცი. სამი კაცის გარდა ნაკრებში თამაშს არავინ იმსახურებს. ბოჩოლეიშვილისნაირები უნდა მივუშვათ ღუმელთან და ბალასტს უნდა გადავუხადოთ მადლობა განვლილი უჟილკო თამაშებისთვის. ე.ი. ხვიჩა თუ ამოიკეტა გუნდი არ ვარგა, ამას ჰქვია ქვეყნის ნაკრები, ნაკრებში თამაში თუ არ გეამაყება და მიწას არ თხრი მონდომებით, მაშინ წადი რა ან ამდენ ხალხს რას უშლი ნერვებს........
გიო
29 მარტი 2023 19:21
4
არ არის და არც არასდროს ყოფილან დავითაშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი და ა.შ. ნაკრების სადარი ფეხბურთელები და ეს სანიოლი თუ ხიზანა მაინც ტენის და ტენის ნაკრებში. გაგნიძის ლობოტკას ტაპაჟად ჩამოყალიბება მიმაჩნია გუნდისთვის უპირველესს ამოცანად. თავდამსხმელს თუ ამოტანილ ბურთს ვერ მიაწვდი, გამოვა რამე ???
სიმართლე
29 მარტი 2023 19:08
0
კარგია ქულა რონავიღეთ, არაუშავს არ გამოგვივიდა თამაში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო არ შეგვიძლია თამა და ესაა ჩვენი მაქსიმუმი, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე იმედიანად ვარ.
buxrika
29 მარტი 2023 19:01
6
ჩემო კარგო ვაჟა ქუთელია, თუ არაა ჩვენი ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად მზად, მაშინ მითუმეტეს მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს სათადარიგოში და ისინი ვათამაშოთ და შევქმნათ მომავლის გუნდი, (რომელიც 1-2 წელიწადში ნამდვილად შედეგს დადებს) ვიდრე ეს არაფრისმაქნისი პენსიონერები ვათამაშოთ.
მეორე კიდე, ყველა რო ჩაკვეტაძის თამაშს ითხოვთ ჩემსავით, ტრიბუნების მიერ იძულებით მოთხოვნილი შეცვლები არ გინახიათ მსოფლიო სტადიონებზე თუ არ გაგიგიათ ჰა, ჰოდა თქვე ოჯახაშენებულებო იმ 20 000-ს სტადიონზე მჯდომ გულშემატკივრებს არ შეგეძლოთ ერთი ხუთი წუთი მაინც გეყვირათ აუცილებელ შეცვლებზე. ან იქნებადა ის ჩამოსული ფრანგი, სულაც ვერ ბედავს თავისთვის საჭირო შემადგელობის დაყენებას.
მალხაზ ჯობავა
29 მარტი 2023 18:59
4
უბრალოდ კარგი კი არა იდეალური სტატიაა. რაც არ უნდა იფილოსოფოსონ ფეხბურთელი გვყავს ერთი. ხვიჩა კვარაცხელია. მამარდაშვილი არაა მაღალი დონის მეკარე, ხშირად ხელიდან უვარდება ბურთი,რაც გუშინ მოუვიდა ორჯერ. გოლი ბრწყინვალე შესრულებული იყო, მაგრამ არც გააკეთა ნახტომი, ვერ მოახდინა რეაქცია. დანარჩენები ყველა ერთია. ერთ თამაშში შეიძლება ერთი სჯობდეს, მეორეში მეორე. საერთოდ მთელი ქვეყანა წარსულით ცხოვრობს, ილუზიები, ფანტაზიები სჭირს უმრავლესობას ყველაფერში. გუშინ ჩვენ კი არ ვეთამაშეთ ფრე, არამედ ნორვეგიამ ვერ მოგვიგო სასწაულად. ორჯერ ცარიელ კარში აცდენილი ბურთები იშვიათობაა. საერთოდ როცა რეალურად აფასებ ჩვენს ნაკრებს და მის შანსებს, გამოხტებიან ვიღაცეები და გეტყვიან ფეხბურთის აზრზე არ ხარო. თამაშის წინ სულ ოპტიმისტური კომენტარებია, თამაშის შემდეგ მიდის შეურაცხყოფა ფეხბურთელების მწვრთნელების მსაჯების. საკვირველი კიდევ ისაა რომ ყველამ იცის თუ როგორი შემადგენლობით უნდა ეთამაშა ნაკრებს. მოკლედ უახლოეს მომავალში ჩვენი ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერცერთ დიდ ტურნირზე, სიმართლე გითხრათ ასეთი ნაკრებით,არც მინდა, რადგან ვიცი რომ ძლიერ ნაკრებთან უბრალოდ გავნადგურდებით.
დავით 67
29 მარტი 2023 18:56
7
მაპატიეთ, მაგრამ ეს ფრე ნორდების დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ჩვენი ბიჭების. სწორედ მათ უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ დაცვაში არ ჩადგნენ და შენარჩუნებაზე არ ითამაშეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც, სწორედ შეტევაში გართულებს გამოეპარათ მიქაუტაძეზე გაკეთებული გადაცემა, რომელსაც გოლი მოჰყვა.
ჟორა
29 მარტი 2023 18:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული