დაგვირეკა კახა კალაძის ყოფილმა აგენტმა და გვითხრა... - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ში თამაშობს

AutoSharing Option
16 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკა ქუთათელაძე პსჟ-ის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს. როგორც თავად გვითხრა, მას ხუთი ვარჯიში პარიზელთა ძირითად გუნდშიც აქვს ჩატარებული.

ქუთათელაძისვე თქმით, მისით ტურინის "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული, თუმცა ყველაფერ ამის შესახებ ძალიან საინტერესო ინტერვიუში შეიტყობთ, რომელიც Sportall.ge-მ ახალგაზრდა ტალანტთან ჩაწერა.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები პსჟ-ში, რომელ ასაკობრივ გუნდში იმყოფებით ამჟამად და რას გეგმავთ შემდგომში?
- ამჟამად პსჟ-ის 17-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ. ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც ფეხბურთელის ცხოვრებაში ხდება. მომავალზე ახლა საუბარი ნაადრევი იქნება. აქ ვარ და ჯერ იმაზე ვფიქრობ,
როგორ განვვითარდე, როგორ მოვუმატო ამა თუ იმ კომპონენტში და ვიმუშაო საკუთარ თავზე. რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

- რას იტყოდით უშუალოდ წვრთნის პროცესზე, ვინ არიან თქვენი მწვრთნელები, რა შეხება გაქვთ პსჟ-ის ძირითად გუნდთან და თუ იღებთ მათგან რჩევებს?
- 17-წლამდელთა გუნდს 5 მწვრთნელი ჰყავს. ჩემი მთავარი მწვრთნელი ლორენ ჰუარდია, დამხმარე მწვრთნელები კი ბაფოდე დიაკაბი, მიშელ პიზო, მიშელ სიმაო და ზუმანა კამარა არიან.

მინდა აღვნიშნო, რომ ზუმანა კამარა, წარსულში ცნობილი პსჟ-ის ფეხბურთელი და კაპიტანი, ახლა უნაი ემერის პირველი დამხმარეა. კამარა კვირაში 3-4-ჯერ ჩვენს ვარჯიშებს ესწრება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გვიხსნიან ვარჯიშს თეორიულად და შემდეგ უკვე პრაქტიკულად.

ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი უშუალო დავალება და ამოცანა, რასაც თავი უნდა გაართვას. ეს აუცილებელია, რადგან შემდეგში ყველაფერი თამაშებში გადაგაქვს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გვკრებს ერთად და განვიხილავთ ვარჯიშს.

ხუთჯერ ვივარჯიშე პირველი გუნდის ფეხბურთელებთან. ყოველ სამშაბათს 17 და 19-წლამდელთა გუნდიდან არჩევენ ერთ ფეხბურთელს და უფლებას აძლევენ, ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშოს.

- თქვენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშიათ. რას გეგმავთ მომავალში, თუ გაქვთ ურთიერთობა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებთან და ფედერაციასთან?
- დიახ, მითამაშია, მაგრამ არცთუ ისე ბევრჯერ. მე ფეხბურთელი ვარ და ფედერაციასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რაც შეეხება მწვრთნელებს, ისეთი ურთიერთობა მაქვს, რაც ფეხბურთელს და მწვრთნელს უნდა ჰქონდეთ.

- ინტერნეტში გავრცელდა თქვენი და პსჟ-ის სუპერვარსკვლავ ნეიმარის შეხვედრის ფოტო. როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს მომენტი?
- ნეიმარი ბაზაზე შემხვდა და ფოტოს გადაღება ვთხოვე. ახალი გადმოსული იყო გუნდში და ის ჩემი კუმირია.

- პსჟ-ის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი ასპარეზობს. რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ ქალაქზე? როდესაც პარიზში პსჟ თამაშობს, როგორია იმ დღეს ატმოსფერო?
- პსჟ დიდი გუნდია გამორჩეული მოთამაშეებით, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებით ბაზაზე. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სადილზე და თუ დრო გვაქვს, მათ ვარჯიშებს ვუყურებთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

პარიზს რაც შეეხება, ეს არის დიდი, ხმაურიანი ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს. აქ უყვართ სიცოცხლე, მოდა და ფეხბურთი. პარიზზე ბევრი შეიძლება ითქვას... პსჟ-ის თამაშებზე სტადიონი ყოველთვის სავსეა. ბილეთები დიდი ხნით ადრე იყიდება და გასაგებია, თუ როგორ ელოდებიან გულშემატკივრები გუნდის თამაშს.

- პსჟ "რეალთან" 3:1 დამარცხდა, რაც დიდი იმედგაცრუება იყო პარიზელთათვის. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ? თქვენ უფრო ახლო შეხება გექნებათ ამ თემასთან...
- ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ შეხვედრას წააგებ... მით უმეტეს, პსჟ-მა კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც. განმეორებითი თამაში წინ არის და ალბათ, კარგად გახსოვთ, რა გაუკეთა პსჟ-მა გასულ სეზონში საკუთარ მოედანზე "ბარსელონას". მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.

- რომელია ნიკა ქუთათელაძის ოცნების გუნდი?
- ვფიქრობ, ჩემი ოცნების გუნდში უკვე ვიმყოფები.

- თუ გაქვთ შემოთავაზებები, რომ სხვა გუნდში გადახვიდეთ?
- ამით მე არ ვინტერესდები, რადგან კონკრეტული მიზანი მაქვს - პსჟ-ის პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ დღევანდელი ქართული ფეხბურთის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობთ?
- ევროსარბიელზე ქართული გუნდების შედეგი ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას ცხადყოფს. ეროვნულ ჩემპიონატს კი აქტიურად თვალყურს ვერ ვადევნებ. არც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ სახარბიელო შედეგი. ზოგადად ვადევნებ თვალს და იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- რა იციან საფრანგეთში ქართულ ფეხბურთზე, თუ არის მათთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელები?
- საფრანგეთში ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი არაფერი იციან. მხოლოდ კახა კალაძეს და შოთა არველაძეს იცნობენ, კლუბებიდან კი - თბილისის "დინამოს".

- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი, რას აპირებს ნიკა ქუთათელაძე?
- ჩემი სამომავლო მიზანი ერთია - ვითამაშო ფეხბურთი. ფეხბურთის ლეგენდა პატრიკ კლუივერტმა ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მე საქართველოს და მსოფლიოს გაოცება შემიძლია.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს და თუნდაც მას იმედები გავუცრუო. ამისთვის ყოველდღიურად უფრო მეტს მოვინდომებ.

ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა მაგრა გეჭყანება პუტინოიდურ ინტრიგანულ კოკოითის ჯიშის ტვინი შიბლაკაცო, 11 კომენტარი რა ამბავია?
შიბლატროლის
14:16 20-02-2018
3
momavali messi...kai reklama gaiketa. magitomac brcyinavs saqartvelos nakrebshi...
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული