უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურის უგოლოდ დასრულებული შეხვედრა "ლვოვთან" შეუცვლელად ჩაატარა "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, ნამატჩევს კი ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებას არ დაზარდა.
"პირველ რიგში მეტოქის კარგი თამაში უნდა აღვნიშნო. ეს კარგად დაკომპლექტებული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს. "ლვოვი" მაგრად იდგა დაცვაში. თუმცა, მხოლოდ ჩვენი ბრალია, რომ ვერ მოვიგეთ. კარი მშრალად შევინახეთ, გოლი კი ვერ გავიტანეთ. რომ გაგვეტანა, სამ ქულას ავიღებდით.
მომენტები კუთხურებისას? სხვადასხვა სტანდარტულებს ვამუშავებთ. დღეს სამი კარგი შესაძლებლობა გვქონდა, მეც შემეძლო გოლის გატანა. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ეს უნდა დავივიწყოთ.
წინ სერიოზული მატჩები გველის და ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ".
დონბასური გუნდი 41 ქულით პირველ ადგილზეა და კიევის "დინამოს" 9 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "შახტარი" ქვეყნის პირველობაზე 2 დეკემბერს "ოლიმპიკს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.