როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
მე არ ვიცი ეს ფეხბურთში, როგორ ხდება, მე ჭიდაობას ვავარჯიშებდი და ყველა შეჯიბრზე საღამოს ვარჩევდით ვინ რა დროს რა შეცდომა დაუშვა და როგორ უნდა ემოქმედა იმ სიტუაციაში. თუ ამას ნაპოლი აკათებეს და განვლილ თამაშს არჩევენ, მაშინ რატომ არ მიუთითებენ ფეხბურთელებს იმას, რომ ხვიჩა თავისუფალი ზონისკენ გარბის და მცველი იმის ნაცვლად, რომ ბურთი იქ გაუგოროს ან უკან აბრუნებს, ან მარჯვენა ფრთაზე გადააქვს. სხვათაშორის ეს მარტო ხვიჩას მისამართით არ ხდება. ამაში ყველაზე მეტად ზელინსკი მყავს შემჩნეული.
ჟორა
10 დეკემბერი 2023 18:47
2
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 30 წლის მანძილზე ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდა ისე, როგორც წარმოგვედგინა. ყველაზე მეტად რისი იმედიც გვქონდა, შეტევის ხაზში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ამ მონაკვეთზე ერთადერთი სრულად შემდგარი ფეხბურთელი არველაძე გვახსენდება. ტალანტები მეტ-ნაკლები წარმატებით გვყავდა, ქინქლაძით დაწყებული... ჯაკობია, ალექსიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი. მათზე დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ვერ შეძლეს სრულად პოტენციალის რეალიზება. ჯერ კიდევ გვეიმედება ჭაკვესა და არაბიძის. ხვიჩა განსაკუთრებული შემთხვევაა. მისნაირი წარმატებისთვის არავის მიუღწევია. მაგრამ მის კარიერაში სწორედ ეხლა დგას განსაკუთრებული მომენტი: დაკმაყოფილდება მიღწეულით, თუ ისტორიაში შევა დიდი ფეხბურთელების გვერდით. ეს ურთულესი ამბავია და ბიჭები იმიტომ ვახსენე, რომ მხოლოდ ნიჭი და ტალანტი ამისათვის არაა საკმარისი. ყოველი წარმატება მეტ ბარიერს ქმნის. გარემოებები მუდმივად იცვლება და გონებას ბინდავს, დრო კი შეზღუდულია. თუ შეხედავ, როგორც ჩვეულებრივ სამუშაოს, მზად უნდა იყო ჩვეულებრივი სტატუსისთვის. დიდი ფეხბურთი გონებას და სხეულს სრულად მოითხოვს. რასაც ვამბობ, იმის ნათელი დემონსტრირებისათვის შეხედეთ ერთი წლის წინანდელ იუვესთან ხვიჩას და გასულ პარასკევს. შარშან დამშეული თვალები უელავდა, ნაპერწკლები სცვიოდა, მოხდენილად მოძრაობდა და უეცარ გადაწყვეტილებებს იღებდა. ნაპოლის კრიზისი გასაგებია, მაგრამ ბოლო თამაშებმა აჩვენა რომ ის არაა ხვიჩას მეტამორფოზას მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ლოკოდან დაწყებული მის თამაშებს მოუთმენლად ველი, ეხლა მგონია რომ უკეთესი იქნება თუ მაძარი დროდადრო სკამზე დასვამს. იქნება ამან მეტად დააფიქროს, დაასვენოს და დაულაგოს გონება.
ამატაკი
10 დეკემბერი 2023 13:09
5
ვისაც ფეხბურთი და რაც მთავარია ხვიჩა უყვარს,დიდი ხანია წერს კომენტარებში,რომ ხვიჩას კვალიფიციური ფსიქოლოგი ჭირდება ,,ვაი"-მედიის და ,,ვაი"-ქომაგების ხელში,ან მისი მოძღვარი. როდესაც ხვიჩა ,,თამაშობს",შედევრებს გქმნის,როდესაც ,,მუშაობს",გამოდის რაც გამოსდის. სოცქსელებში და მედიაში ამ ნიაღვრების ფონზე,კიდევ კარგად არის.დაეტყო კიდეც,მუდამ გაღიზიანებულია,ღიმილი წაუშალეს სახეზე
ადამიანი
10 დეკემბერი 2023 11:13
7
აბსოლუტურად გეთანხმები სპაინ!(ბევრი რომ არ ვწერო)ხვიჩა მხოლოდ წინ შვილო! შენ საუკეთესო ხარ! არაფერზე არ ინერვიულო!ყველაფერი კარგად იქნება ეჭვიც არ მეპარება!
გიორგი
11 დეკემბერი 2023 13:48
3
ჩამო კვარა ფოთის კოლხეთში თორე ცოტა ხანში ფოთის კოლხეთიც სანატრელი გაგიხდება...
skeleton
10 დეკემბერი 2023 18:56
29
საკუთარი სახელი არ აქვს და სხვისი სახელით დაიწყო წერა ამ უბადრუკმა
Skeleton
11 დეკემბერი 2023 17:04
1
კარგი სტატიაა. ხვიჩაზე მეც არაერთი კრიტიკულ კომენტარი დამიწერია, მაგრამ ზუსტად ხვიჩას დამსახურებაა სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი და ახალი თაობის ფეხბურთით მასობრივად დაინტერესება.
არ მახსოვს ერთი ქართველი ფეხბურთელიც კი, რომლის ხელფასიც ასე ზეპირად იცოდა ყველამ - მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, კვარას კარგმა ხელფასმაც თავის ქნა და ახალი თაობა უფრო მეტი მონდომებით ვარჯიშობს, ხვიჩა მათთვის სამაგალითო გახდა. წარმატებები ხვიჩას და სრულიად ვიზიარებ ამ სტატიაში ნათქვამს, რომ საჭიროა მუდმივი განახლება, მუდმივი სიახლე, ვარსკვლავობა ამას ნიშნავს
სად?
10 დეკემბერი 2023 16:26
1
ერთი წლის წინ ხვიჩას კვარადონას ეძახდა თითქმის ყველა იმიტომ რომ მასში მარადონას ტალანტის მომენტებს ხედავდნენ.ახლა ასე არავინ ეძახის.მიზეზი, ფეხბურთზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა.ეს აშკარად გამოჩნდა როდესაც გატანილი გოლის შემდეგ/ რომელიც ნახევარი წელიწადი გატანილი არ ქონდა/ ბეჭედს აკოცა.ერთადერთი საშუალება რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო საჭიროა თავდაუზოგავი ვარჯიში.ამის თვალსაჩინო მაგალითია კრიშტიანო რომელსაც მარტო თავით 160 ბურთი აქვს გატანილი.
ამაშია საქმე
10 დეკემბერი 2023 13:07
14
გულშემატკივარს გვეშლება ნერვები ბრბოს რეაქციაზე თორე ხვიჩას ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ბევრჯერ გაუძლო და კიდე გაუძლებს. მისი მენტალიტეტი გვაძლევს იმედს მის ნამდვილ გულშემატკივარს, რომ ეს ბოროტი და გამწარებული ადამიანები, ვინც აქ აკომენტარებს მასზე გავლენას ვერ იქონიებს.
როგორც ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, შუა თითის მაჩვენებლებს კოცნა გაუგზავნა, ზუსტად ისე იქნება. ხვიჩაც ასეთია, არასოდეს უპასუხია აგრესიული ბრბოსთვის.
შუა თითის მაჩვენებელ ველურს ყოველთვის კოცნა უნდა გაუგზავნო და ყოველგვარი აგრესიის გარეშე აგრძნობინო, სად ხოხავს თვითონ და სად ხარ შენ, მენტალურად!
წინ ხვიჩა
Skeleton
11 დეკემბერი 2023 15:15
2
აი ეს პოსტი, ნამდვილი სკელეტონისაა და როგორ განსხვავდება,იმ ვირთხისაგან დაწერილი პოსტებისაგან,მის სახელს ამოფარებული,სიბინძურეებს რომ ანთხევს.
სოსო
11 დეკემბერი 2023 18:17
1
კარგი სტატიაა. კვარამ ფეხბურთს დაუბრუნა საქართველო.
რაც შეეხება კვარას, მას ფიზიკურ მომზადებაზე სჭირდება მეტი დროის დათმობა. ბურთის მიღებაზე პერსონალური ვარჯიშია საჭირო. მისკენ გაგზავნილი ბურთი ხშირად იკარგება. არ მიყვარს შედარება, მაგრამ ოსიმჰენი მისკენ წამოსულ ბურთს არავის უთმობს, არც ზემოთ და არც ქვემოთ. კიდევ, ვისურვებდი რომ თვითონაც ებრძოლა ბურთის მოსაპოვებლად. გაქცეულ ბურთსაც ბოლომდე უნდა სდიოს. მოკლედ ინდივიდუალური მწვრთნელი სჭირდება, ერთი წლით მაინც. რაც შეეხება დრიბლინგს და პასს, მას ამაში ბადალი არა ჰყავს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არაა.
რაც შეეხება ნაპოლის, გამთამაშებლები არა ჰყავთ, რომლებიც მეტოქის პრესსინგს გაუძლებენ. მეკარეც სუსტი ჰყავთ.
ლევანი
10 დეკემბერი 2023 20:13
7
ვიღაც შურიანი და ჩასაფრებული რომ ამინუსებს, ისიც დაწეროს, რატომ?
ვაკო
10 დეკემბერი 2023 13:39
4

სიახლეები პოპულარული