ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩები: "აიაქსი", "იანგ ბოიზი" და აეკი ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
28 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი ჩატარდა და ჯგუფური ეტაპის სამი მონაწილე გაირკვა.

ზაგრების "დინამომ" პირველ შეხვედრაში ბერნში ფრეს (1:1) მიაღწია და საკუთარ მოედანზე ჰაიროვიჩის გოლით დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ოარომ ორი გოლი გაუტანა და ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიული "იანგ ბოიზი" გავიდა.


უნგრეთში გამარჯვების (2:1) შემდეგ აეკ-მა ათენში ცუდად ითამაშა. ბერძნული გუნდი შესვენების შემდეგ მანდალოსის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა, მაგრამ "ვიდეოტონმა" მალე გაათანაბრა ანგარიში, მე-80 წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი ლოპესი
გააძევა, თუმცა კაცნაკლულად დარჩენილებმა გაუძლეს მადიართა შეტევებს და ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს.

კიევის "დინამოს" პირველი მატჩი ამსტერდამში 1:3 ჰქონდა წაგებული, სახლში თავიდანვე შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და თერთმეტმეტრიანი მოინადირეს, მაგრამ ტადიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. ამას გარდა, "აიაქსმა" ანგარიშის გახსნის არაერთი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმშიც ჰოლანდიური გუნდი უკეთ თამაშობდა, გოლი კი ვერ გაიტანა, მაგრამ მიზანს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში ეს გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს და ჯგუფურ ეტაპზეც შეიძლება სიურპრიზები შემოგვთავაზოს.


ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები
დინამო (ზ) - იანგ ბოიზი 1:2 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 ჰაიროვიჩი (7), 1:1 ოარო (64, პენ), 1:2 ოარო (66)

აეკი - ვიდეოტონი 1:1 (1:2)

გოლები: 1:0 მანდალოსი (47, პენ), 1:1 ნეგო (57)
გაძევება: ლოპესი (აეკი, 80)

დინამო (კ) - აიაქსი 0:0 (1:3)
გამოუყენებელი პენალტი: ტადიჩი (აიაქსი, 14)

29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კიდევ სამი საპასუხო მატჩი ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს მონაკოში გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: "აიაქსმა" ჯგუფური ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული