ბუნდესლიგა. I ტური. ფავორიტებმა მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბაიერნი-ლევერკუზენი
ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩში, ტრადიციულად, ქვეყნის ჩემპიონმა ითამაშა: მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და უპრობლემოდ, 3:1 მოიგო.

მასპინძლების მხრიდან პირველი ორი გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს: ნიკლას ზიულემ თავით შეუცვალა მიმართულება კიდევ ერთი დებიუტანტის, კრისტიან რუდის ჩაწოდებულ ჯარიმას, შემდეგ კი კორენტენ ტოლისომ გამოიყენა არტურო ვიდალის პასი.

მესამე გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა პენალტი გაიტანა, რასაც წინ უძღოდა ისტორიული მომენტი - ამ 11-მეტრიანის დანიშვნისთვის, ბუნდესლიგაში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერის სისტემა.

"ლევერკუზენმა" 65-ე წუთზე ადმირ მეჰმედის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მარცხს ვერ
გადაურჩა. "ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის სვლა მოგებით დაიწყო.

გამორჩეული  მოთამაშე - კორენტენ ტოლისო (ბაიერნი)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა კორენტენ ტოლისო, რომელიც "ბაიერნმა" ამ ზაფხულს "ლიონიდან" შეიძინა. ფრანგმა არა მარტო სადებიუტო გოლი გაიტანა, არამედ ყველაზე მეტი ირბინა ორივე გუნდში, ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა, ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს და ყველაზე მეტი პასი შეასრულა.

ფაქტები
  • "ბაიერნი" შინ 23 მატჩია არ მარცხდება - 2016 წლის მარტიდან მოყოლებული, "რეკორდმაისტერმა" 18 მატჩი მოიგო და 5 ფრედ დაასრულა
  • მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგის ახალ სეზონს მოქმედი ჩემპიონი ხსნის, მას არასოდეს წაუგია გახსნის შეხვედრა - 13 მოგება და 3 ფრე, ხოლო ბოლო 9 სეზონში 9 გამარჯვება დაფიქსირდა
  • ნიკლას ზიულემ თავისი პირველი გოლი "ბაიერნში" მესამე შეხებით გაიტანა
  • რობერტ ლევანდოვსკის 2017 წელს 19 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგის 18 მატჩში
  • "ლევერკუზენმა" 20 ზუსტი დარტყმა მიიღო მეტოქისგან. ეს არის "ალიანც არენაზე" სტუმრად ჩასული გუნდებისთვის ანტირეკორდი
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსედ მოიგო სეზონის პირველი მატჩი და ამით "კაიზერსლაუტერნის" რეკორდი (1989-94) გაიმეორა
  • "ბაიერნს" ბურთის ფლობის 51 პროცენტი ჰქონდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას
  • პირველად 2007 წლის შემდეგ, "ბაიერნის" ორმა ფეხბურთელმა ერთდროულად აღნიშნა დებიუტი გოლით - 10 წლის წინ ეს გააკეთეს მიროსლავ კლოზემ და ლუკა ტონიმ "ჰანზასთან" (3:0) მატჩში
  • რობერტ ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ შვიდჯერ შეძლო ჩემპიონატის პირველ ტურში გატანა

ვოლფსბურგი-დორტმუნდი
ამ მატჩის მთავარი მომენტი ის იყო, რომ პირველად დეკემბრის შემდეგ "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში ვნახეთ მარიო გიოტცე. დაბრუნება შთამბეჭდავი გამოვიდა, თითქოს მარიოს არც ჰქონია 202-დღიანი პაუზა. ის აქტიურად მონაწილეობდა "დორტმუნდის" შეტევების უმეტეს ნაწილში და საგოლე პასიც გაუკეთა პულიშიჩს.

"ამდენი ხანი უთამაშებელი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომაც დაბრუნება და ისევ თამაში საკმაოდ რთული გამოდგა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და სტუმრად 3:0 მოვიგეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ გიოტცემ.

ცნობისთვის, "ბორუსიაში" ისევ ბევრი ტრავმირებულია: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანდრე შიურლე ოთხი კვირით გამოვიდა მწყობრიდან. ამას ემატება მარკო როისის, რაფაელ გერეიროსა და იულიან ვაიგლის ტრავმები. ასე რომ, გიოტცეს დაბრუნება მისწრება იყო "დორტმუნდისთვის".

აღვნიშნოთ ესპანელი ბარტრაც, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ჩაახვია ბურთი შორეულ ცხრიანში. მცველმა, რომელიც აპრილში კლუბის ავტობუსთან მომხდარი აფეთქებისას დაზარალდა, თავისი გოლი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტისას დაზარალებულებს მიუძღვნა.

გამორჩეული მოთამაშე - უსმან დემბელე (დორტმუნდი)
"დორტმუნდის" განაცხადში არ იყო უსმან დემბელე, რომელიც კლუბის მიერ ისევ დისკვალიფიცირებულია ვარჯიშების თვითნებურად მიტოვების გამო. თუმცა, პულიშიჩმა, რომელმაც ობამეიანგის მესამე გოლისას შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ასეთი კითხვა დაისვა: საერთოდ სჭირდება თუ არა "დორტმუნდს" ჭირვეული და მოღალატე დემბელე?

ფაქტები
  • პულიშიჩს ბუნდესლიგის 39 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა - 18 წლის ასაკში ასეთი შედეგი არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია
  • ბარტრამ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა (მე-20 ცდიდან).
  • 2015 წელს გერმანიის თასის ფინალში "ვოლფსბურგთან" წაგების შემდეგ, "დორტმუნდმა" ხუთიდან ხუთჯერ მოუგო "მგლებს", გაუტანა 18 გოლი და გაუშვა მხოლოდ 3
  • ობამეიანგმა "ვოლფსბურგს" 11 მატჩში მე-8 გოლი გაუტანა
  • ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდათ დორტმუნდელ დენ-აქსელ ზაგადუს და ვოლფსბურგელებს - ლანდრი დამატას, იგნასიო კამაჩოს, კეილენ ჰინდსს და ფელიქს უდუოხაის

შარშანდელი სენსაციები
გასული სეზონის ორმა სენსაციამ - "ჰოფენჰაიმმა" და "ლაიპციგმა", რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ჯამში ერთი თამაში მოიგეს

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ და მეორე მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ამის გამო კარგა ხანი ვერაფერი მოუხერხა "ვერდერს". მასპინძლებს შარშანდელმა ბომბარდირმა კრამარიჩმა უშველა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ხორვატი 50-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში და ეს მისი მეექვსე გოლი იყო შეცვლაზე შესვლის შემდეგ. "ჰოფენჰაიმი" 18 მატჩია ბუნდესლიგაში შინ არ მარცხდება (12 მოგება, 6 ფრე).

რაც შეეხება "ლაიპციგს", ის პრაქტიკულად უშანსოდ იყო სტუმრად "შალკეს" წინააღმდეგ. გელზენკირხენულმა გუნდმა ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას დაანახვა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ევროთასებზე.


ბაიერნი-ლევერკუზენი 3:1
გოლები
: 1:0 ზიულე (9), 2:0 ტოლისო (18), 3:0 ლევანდოვსკი (53-პენ), 3:1 მეჰმედი (65)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი (62. რაფინია), ალაბა - რუდი - ტოლისო, ვიდალი - მიულერი (61. რობენი), რიბერი (77. კომანი) - ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტაჰი, ს. ბენდერი (46. დრაგოვიჩი), ვენდელი - კორი, არანგისი (61. კამპლი) - ბეილი (46. ბრანდტი), მეჰმედი - ბელარაბი - ფოლანდი.



ვოლფსბურგი-დორტმუნდი 0:3
გოლები
: 0:1 პულიშიჩი (22), 0:2 ბარტრა (27), 0:3 ობამეიანგი (60)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, ზაგადუ (78. პასლაკი) - შაჰინი - გონსალო კასტრო, გიოტცე (61. დაუდი) - პულიშიჩი (86. კაგავა), ფილიპი - ობამეიანგი.



შალკე-ლაიპციგი 2:0
გოლები
: 1:0 ბენტალები (44-პენ), 2:0 კონოპლიანკა (73)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - ბენტალები - დ. კალიჯური, ოშჩიკპა - გორეტცკა - ჰარიტი (78. მაკენი), კონოპლიანკა (89. მ. მაიერი) - დი სანტო (63. რეესე).
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი (46. ფორსბერგი) - ლემერი (76. ოგუსტენი), ილსანკერი - ზაბიტცერი, კეიტა - ი. პოულსენი (75. ბრუმა), ტიმ. ვერნერი.



ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:0
გოლი
: 1:0 კრამარიჩი (84)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, ჰიუბნერი - ტოლიანი, გაიგერი (74. პოლანსკი), ცუბერი - დემირბაი, ამირი (64. კრამარიჩი) - უტი (67. გნაბრი), შალაი.

ჰერტა-შტუტგარტი 2:0
გოლები
: 1:0 ლეკი (46), 2:0 ლეკი (62)

ჰამბურგი-აუგსბურგი 1:0
გოლი
: 1:0 ნ. მიულერი (8)

მაინცი-ჰანოვერი 0:1
გოლი
: 0:1 ჰარნიკი (73)

გლადბახი-კიოლნი 1:0
გოლი
: 1:0 ელვედი (49)

ფრაიბურგი-აინტრახტი 0:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული