ამსტერდამის "აიაქსის" განაპირა მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ ლონდონის "არსენალის" მხრიდან მისდამი არსებულ ინტერესსა და ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.
"ზაფხულში წინსვლისთვის ხელსაყრელი დრო იქნება, მაგრამ მე ვცდილობ, ჯერ ამაზე არ ვიფიქრო, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა.
ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესი მსიამოვნებს, რადგან, ჩემი აზრით, ეს მსოფლიოში ყველაზე კონკურენტული ლიგაა.
ბავშვობაში ევროპაში თამაშსა და ტოპ-ჩემპიონატში მოხვედრაზე ვოცნებობდი. "აიაქსში" ამ კლუბის ფილოსოფიის, სათამაშო სტილისა და კლუბის ისტორიის გამო გადმოვედი.
შემეძლო "ბეტისში" გადასვლა, მაგრამ ვიცოდი, რომ "აიაქსში" უფრო მეტს ვისწავლიდი - ყველაფერი
სწორედ ასე მოხდა.
ევროპაში ძალიან გვიან, 25 წლის ასაკში გადმოვედი. ფეხბურთელისთვის ეს ძალიან გვიანია. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უნდა გამერისკა.
"აიაქსიდან" წამყვანი ფეხბურთელები ყოველ წელს მიდიან, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ და მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული გუნდი ჩამოყალიბდა. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრები ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ.
"იუვენტუსის" წინააღმდეგ ისეთივე მონდომებით ვითამაშებთ, როგორც ეს მადრიდის "რეალთან" მოხდა. ვიცით, რომ რთული იქნება - ტურინელებს დიდებული გუნდი ჰყავთ, ფანტასტიკური ფეხბურთელებით, მათ შორის, კრიშტიანო რონალდოს სახით.
ჩვენი თამაშის სტილი ყველამ შეისწავლა. ამიტომ შეგვიძლია უშიშრად ვითამაშოთ, რათა "იუვენტუსთან" მორიგ სენსაციურ შედეგს მივაღწიოთ.
არაფრის გვეშინია. მადრიდში საკუთარი თამაშისგან სიამოვნების მისაღებად ჩავედით და ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. შესანიშნავი იყო. პირველი მატჩიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ არადაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ, მაგრამ მეორე მატჩი უბრალოდ ფანტასტიკური იყო.
"იუვენტუსის" წინააღმდეგაც იდეალური მატჩის ჩატარება დაგვჭირდება, მაგრამ რატომაც არა?" - განაცხადა არგენტინელმა მცველმა.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით