შეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა - ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" სენსაციურად, 0:4 დამარცხდა. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე - მასპინძლებმა ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, გოლი არ ჩაუთვალეს, შემადგენლობის როტაციამაც იმოქმედა, სტუმრებმა კი შანსები სრულად გამოიყენეს. ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი თასზე ბოლოს ნეაპოლურმა გუნდმა 65 წლის წინ "ლაციოსთან" განიცადა. "ფროზინონეს" გულშემატკივრები გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა. ისინი გუნდს ზარ-ზეიმით დახვდნენ, ხოლო "ნაპოლიში" განსხვავებული განწყობაა.

მარცხით შეშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დღეს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს და მწვრთნელ
ვალტერ მაცარის შეხვდა. ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო იტყობინება, რომ საუბარი გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას შეეხო და დე ლაურენტისმა მაცარისგან ჩემპიონატზე თუნდაც მეოთხე ადგილზე გასვლის გარანტია მოითხოვა.

თავის მხრივ, მაცარიმ მას იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და შეიძლება გუნდი სამმცველიანი ტაქტიკით ათამაშოს. დილით ანგისამ და ზელინსკიმ საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს, ოლივეირა სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა, ხოლო ელმასი თერაპიის კურსს გადის.

"ნაპოლის" 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში, "რომასთან" მძიმე გასვლა ელის და დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს.

ასევე დაგაინტერესებთ