"როდესაც მსაჯი შენ მხარესაა, ეს შესაძლებელია!" - სიმეონეს მეუღლემ ფინალის შემდეგ ლაუტარო მარტინესს უპასუხა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს მეუღლე ჯულია ჩოპინიმ "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

როგორც იცით, "ნერაძურიმ" "პარტენოპეის" იტალიის სუპერთასის ფინალში სწორედ არგენტინელის მიერ ზუსტად შესრულებული ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია.

ფინალამდე მილანელებს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე დასვენებისთვის ერთით ნაკლები დღე ჰქონდა, რაზეც შეხვედრის შემდეგ ლაუტარომ ყურადღება გაამახვილა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას გვესმოდა, რომ დღევანდელი დღე სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. იტალიის თასიდან გამოვვარდით და დღეს გამარჯვება ძალიან ფასობდა. 

ძალიან რთული იყო, რადგან დასასვენებლად 1 დღით ნაკლები გვქონდა. ვიბრძოლეთ და ახლა
მთავარი ისაა, რომ ზედიზედ 3 წელია ეს ტიტული ჩვენია", - უთხრა არგენტინელმა SportMediaset-ს.

მარტინესის ამ განცხადებას ჯულია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი მალევე წაშალა.

როგორც იცით, ჩოპინის მეუღლე ჯოვანი სიმეონე მსაჯმა ანტონიო რაპუანომ მე-60 წუთზე გააძევა და ზოგადად, "ნაპოლი" რეფერის გარჯით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"რა თქმა უნდა, მარტივი არ არის მოგება, როდესაც 1 დღით ნაკლებს ისვენებ, მაგრამ როდესაც მსაჯი შენს მხარესაა, ვიტყოდი დიახ, ეს შესაძლებელია!", - დაწერა ჯულიამ სოციალურ ქსელში.