ოსიმენმა ნეაპოლში ჩააღწია - მბაპემ პსჟ-დან წასვლის თაობაზე განაცხადა და მის ნაცვლად ვიქტორს უხმობენ

AutoSharing Option
ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუშინ, თბილისის დროით 20:55 საათზე, ნეაპოლში ჩაფრინდა. მას აეროპორტში რამდენიმე გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ჰკითხეს, აპირებს თუ არა "ჯენოასთან" თამაშს. ნიგერიელმა პასუხი არ გასცა, ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა.

ოსიმენი აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლის" შეუერთდება, დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, გუნდთან ერთად ივარჯიშებს და როგორც იტალიური მედია იტყობინება, "ჯენოასთან" მატჩში სათადარიგო იქნება.

კილიან მბაპემ პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის განუცხადა, რომ კონტრაქტს არ გააგრძელებს და სხვა გუნდში
გადადის. ის "რეალთან" გააფორმებს ხელშეკრულებას და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "სამეფო კლუბი" იმაზე ნაკლებს გადაუხდის, ვიდრე გასულ წელს სთავაზობდა და ისეთი გასამრჯელო არ ექნება, როგორიც პარიზულ კლუბში აქვს.

ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ ჟერმენში" მბაპეს შემცვლელად ოსიმენს მიიაზრებენ. ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ჟერომ როტენი თვლის, რომ ვიქტორი ოსიმენზე დაბალი კლასის მოთამაშეა. "თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. მბაპეს წასვლით პსჟ დასუსტდება. ჰოლანი არ მოვა. შეიძლება ოსიმენზე ვისაუბროთ, მაგრამ ის მბაპეზე დაბალი დონისაა. მათ გასულ ზაფხულს ოსიმენის კლასის კოლო-მუანი და რამუში აიყვანეს, რამაც შედეგი არ გამოიღო. სახელფასო განაკვეთს განტვირთავენ, თუმცა შეცდომები არ უნდა დაუშვან. პსჟ-ს შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.

ასევე დაგაინტერესებთ