ლიგა 1. VIII ტური: ბევრი გოლი პარიზში, ტრაგედია ამიენში [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-მა აიწყვიტა, ჩემპიონი გასაჭირშია, ამიენში ტრიბუნა ჩამოიშალა, ხოლო რენში ვიდეორეფერი აიჭრა...

"ბაიერნის" 3:0 დამცირების (რასაც კარლო ანჩელოტის სკამი შეეწირა) შემდეგ პსჟ-ს "კერკეტი კაკალი" "ბორდო" ელოდა, თუმცა, ვისთვის როგორ... თამაშის წინ უნაი ემერიმ ორი რამ მოიფიქრა - პენალტს ნეიმარი და ედინსონ კავანი მორიგეობით დაარტყამენ (ახლა ბრაზილიელის ჯერი იყო და გაიტანა კიდევაც), მეორე კი უფრო მნიშვნელოვანია: რატომ ტრიო, როცა სკამზე უქმად ცდება გერმანელი ტალანტი იულიან დრაქსლერი? დრაქსლერმა შემტევი ტრიოს შუაში ითამაშა, კავანის უკან და შედეგიც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე - "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატში
პირველად შეძლო მეტოქის კარის ხუთჯერ აღება და ეს მაშინ, როცა სტუმრებიც არ ჩერდებოდნენ და საკმაოდ ბევრს უტევდნენ. დრაქსლერმა ოდენ ნეიმარის თამაში ვერ დაჩრდილა, სხვა მხრივ კი მოედანზე საუკეთესო იყო - 6:2 პსჟ-ის სასარგებლოდ და სუპერკვარტეტის ოთხივე წევრმა გოლი მიითვალა!

ტრაგედია დატრიალდა ამიენში, სადაც "ლილი" სტუმრობდა. მე-16 წუთზე სტუმართა ფანები "ლა ლიკორნზე" ფოდე ტურეს გოლს ზეიმობდნენ, ჯებირმა ვერ გაძლო და ტრიბუნა ჩამოიშალა. სულ მცირე, 27 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. მატჩი შეწყდა.

ჩემპიონმა მკვეთრად დაამუხრუჭა, ეს უკვე ფაქტია - ბოლო ოთხ ტურში 7 ქულა სხვისთვის კარგი შედეგია, მაგრამ არა "მონაკოსთვის", რომელმაც "მონპელიეს" ვერ მოუგო. სამთავროს გუნდმა კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს მე-12 გასროლას (გოლი ვიდეორეფერის წყალობით ჩაითვალა) ვეღარაფერი შემატა, მეორე კომპენსირებულ წუთზე კი სულეიმან კამარასგან თავური გაუშვა. ასე დააკარგვინა "მონპელიემ" ჩემპიონატში ქულები ზედიზედ ორ გრანდს.

"რენისა" და "კაენის" მატჩში ვიდეორეფერიმ შეცდომით ჩათვალა გოლი სტუმართა კარში. არბიტრ ამაური დელერუს მიუთითეს, რომ გოლი ჩაეთვალა. ის ასეც მოიქცა, მაგრამ "კაენის" ფეხბურთელთა პროტესტის შემდეგ გოლის გაუქმება გადაწყვიტა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ "კაენის" ფეხბურთელები მართლები იყვნენ, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

ფაქტები
  • "მონაკომ" ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო. არადა, მანამდე ზედიზედ 16 მოგება ჰქონდა.
  • ამ სეზონში რადამელ ფალკაომ (მონაკო) კარში 13 დარტყმიდან 12 გოლი გაიტანა.
  • "მონაკომ" გოლების გატანა ჩემპიონატის ბოლო 55 მატჩიდან 53-ში შეძლო.
  • "მონაკოს" არ წაუგია ბოლო 31 დაპირისპირება "მონპელიესთან".
  • ნეიმარმა ამ სეზონში უკვე 4-ჯერ მოახერხა ერთ თამაშში გატანაც და საგოლე პასის გადაცემაც. იგი ამ მაჩვენებლით ტოპ-5 ლიგაში პირველობს.
  • პსჟ-მა "ბორდოს" პირველი სამი დარტყმით სამი გოლი გაუტანა.
  • პსჟ-მა პირველ ტაიმში ხუთი გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა ლიგა 1-ში.
  • ნეიმარი პსჟ-ის პირველი ფეხბურთელია 2012 წლის მერე, ვინც ერთ თამაშში პენალტი და საჯარიმო გაიტანა.
  • "კაენმა" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
  • +22 გოლების შეფარდება (პსჟ) ლიგა 1-ში 1952/53 წლების სეზონის შემდეგ არავის ჰქონია (მაშინ "რეიმსს" ჰქონდა +25).
  • "ლიონს" უკვე 5 თამაშია, არ მოუგია.

მონაკო-მონპელიე 1:1
გოლები
: 1:0 ფალკაო (38), 1:1 ს. კამარა (92)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - რონი ლოპეში (71. ღეზალი), ტილემანსი, ფაბინიო, ლემარი (89. ბ. კეიტა) - იოვეტიჩი (81. ჟოაო მოუტინიო), ფალკაო

პსჟ-ბორდო 6:2
გოლები
: 1:0 ნეიმარი (5), 2:0 კავანი (12), 3:0 მუნიე (21), 3:1 სანქარე (31), 4:1 ნეიმარი (40-პენ), 5:1 დრაქსლერი (45), 6:1 მბაპე (58), 6:2 მალკომი (90-პენ)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (79. ნკულუ), რაბიო (70. ლო სელსო) - მბაპე, დრაქსლერი, ნეიმარი - კავანი (61. დი მარია)

Sportall.Ge

დიჟონი-სტრასბური 1:1
გოლები
: 1:0 კვონი (78), 1:1 ტერიე (91)
გაძევება: იამბერე (85. დიჟონი)

გენგამი-ტულუზი 1:1
გოლები
: 1:0 ტურამი (1), 1:1 სომალია (40)

ნანტი-მეცი 1:0
გოლი
: 1:0 სალა (3)
გაძევება: ასუ-ეკოტო (52. მეცი)
გამოუყენებელი პენალტი: რუ (94. მეცი)

რენი-კაენი 0:1
გოლი
: 0:1 ბენსებაინი (34-საკ. კარში)

ტრუა-სტ. ეტიენი 2:1
გოლები
: 1:0 პელე (41), 1:1 ერნანი (53), 2:1 კაუი (57)
გაძევება: ერნანი (84. სენტ ეტიენი)

ანჟერი-ლიონი 3:3
გოლები
: 0:1 მარიანო დიასი (5), 1:1 რაფაელი (30 ს.კ.), 1:2 დიაქაბი (38), 1:3 დეპაი (41), 2:3 ეკამბი (58), 3:3 ი. ტრაორე (67)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, დიაქაბი, მენდი - ნდომბელე (84. ფერი), ტუსარი - ბ. ტრაორე (54. კორნე), ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი (55. მორელი)
გაძევება: მარსელო (50)

ნიცა-მარსელი 2:4
გოლები
: 1:0 ბალოტელი (4), 2:0 სერი (16), 2:1 ოკამპოსი (26), 2:2 ლე მელუ (41 ს.კ.), 2:3 ოკამპოსი (45), 2:4 ლუის გუსტავო (48)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (70. სერტიჩი), პაიე (84. სარი), ოკამპოსი - ნ"ჟიე (78. ჟერმენი)
გაძევება: ლუის გუსტავო (66)
გამოუყენებელი პენალტი: პლეა (82. ნიცა)

ამიენი-ლილი შეწყდა

ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მარიანო დიასი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი: ლიონი-მონაკო;
14 ოქტომბერი: დიჟონი-პსჟ, კაენი-ანჟერი, გენგამი-რენი, ლილი-ტრუა, სენტ ეტიენი-მეცი, ტულუზი-ამიენი;
15 ოქტომბერი: ბორდო-ნანტი, მონპელიე-ნიცა, სტრასბური-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული