მადრიდის "რეალის" ყოფილი შემტევი რონალდო ნაზარიო არ ფიქრობს, რომ "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას მარტივად მოიგებს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ფრანგულ გუნდში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გადავიდა.
"ვალიადოლიდის" ამჟამინდელი პრეზიდენტი თვლის, რომ ფურცელზე ჩამოთვლილი სახელები წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის.
"ძალიან ადრეა იმის სათქმელად, თუ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას" - ციტირებს რონალდოს სიტყვებს DAZN.
"სურათი ფორმირებას მეოთხედფინალიდან იწყებს. პსჟ ფავორიტია, თუმცა სხვა გუნდებიც თამაშობენ. მოედანზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს. მე "ბლანკოსის" შემადგენლობაში "გალაქტიკოს" დროს ვთამაშობდი, სადაც 5
სეზონი ჩავატარე, ჩემპიონთა ლიგა კი ვერც ერთხელ მოვიგე. გამარჯვება ავტომატურად არასდროს ხდება, მიუხედავად იმისა, გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი გყავს თუ არა. სწორედ ასეა "პარი სენ ჟერმენის" საკითხიც".
კითხვაზე, ხედავს თუ არა მსგავსებას მასსა და კილიან მბაპეს შორის, ბრაზილიელმა გულახდილად უპასუხა:
"დიახ, მას ჩემი მსგავსი მახასიათებლები აქვს, კილიანი შესანიშნავი შესაძლებლობებით გამოირჩევა, ტექნიკის დემონსტრირებას კი მაღალი სისწრაფით აკეთებს. მას შეუძლია მცველებისა და მეკარეების ჩამოტოვება. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე ბევრს მიაღწია... მე მბაპე ძალიან მომწონს".
მომზადებულია marca-ს მიხედვით