მექსიკელებმა გებელსი მოიშველიეს - ახლა ბოდიშს იხდიან [PHOTO]

AutoSharing Option
მექსიკურმა კლუბმა "ატლასმა" ლიგის თასზე "ნიუ იორკ სიტისთან" შეხვედრის დროს მსაჯის მიერ არდაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობა უცნაური ფორმით გააპროტესტა. კლუბის "ტვიტერზე" დადეს მომენტის სქრინი და ტექსტში იოზეფ გებელსის სიტყვები ჩაწერეს. 

ანგარიში 0:0 იყო, როცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ამერიკული გუნდის მოთამაშეზე თამაშგარე არ დააფიქსირა, რამაც მექსიკელები გააბრაზა. 

"ნათელია, აქ ოფსაიდი იყო, მაგრამ "ინფლუენსერები" და "ანალიტიკოსები" მანიპულაციას აგრძელებენ და გასამართლებლად სხვადასხვა იდეას იფიქრებენ. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რა თქვა გებელსმა, პროპაგანდის ნაცისტმა მინისტრმა (ჰიტლერის მარჯვენა ხელმა) და მისი სიტყვები ამ სიტუაციას ზუსტად შეეფერება: "რაც
უფრო საშინელია ტყუილი, ადამიანები მას უფრო დიდი ენთუზიაზმით იჯერებენ!"

Sportall.Ge

შემდეგ "ატლასმა" პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ სრულად ეწინააღმდეგებიან იმ რეჟიმის ღირებულებებს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდი შექმნა. 

ისე კი, აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები გებელსს არ უთქვამს, მათ სხვა ფორმით ადოლფ ჰიტლერი იყენებდა. "ატლასმა" კი შეხვედრა 1:0 მოიგო და მომდევნო მატჩს 30 ივლისს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს. 

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით