"ოლიმპიაკოსმა" არგენტინელების გოლებით მოიგო, "ანდერლეხტმა" აშშ-ის ნაკრების წევრის ბურთით გაათანაბრა, პსჟ ურუგვაელმა დააწინაურა; "ბენფიკადან" კი, ბრაზილიელმა და არგენტინელმა რომ გაიტანეს, აბა, რა გასაკვირია...
უკანასკნელი ტურის წინ "პარი სენ ჟერმენს" პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ლორან ბლანმაც ლისაბონში რამდენიმე ლიდერი არ ათამაშა. ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა 22 წლის კალიფა ტრაორე, რომელსაც აქამდე მხოლოდ პარიზელთა დუბლებში ჰქონდა ნათამაშები. სწორედ ტრაორემ დაარღვია პირველი ტაიმის ბოლოს წესები საკუთარ საჯარიმოში,
შეხვედრის პირველი გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს - ედინსონ კავანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნით ისარგებლა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმის შემდეგ ჯგუფის ორივე შეხვედრაში თანაბარი ანგარიში იყო, რაც "ბენფიკას" საკმაოდ კარგ შანსს უტოვებდა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე პორტუგალიელები შეტევაში გადავიდნენ და იხეირეს კიდეც - გოლი ნიკო გაიტანმა გაიტანა, მაგრამ ჟორჟე ჟესუსის შეგირდთა სამწუხაროდ, ზუსტად იმავე წამს "ოლიმპიაკოსიც" დაწინაურდა.
საბოლოოდ, პორტუგალიაში გამართული შეხვედრა ასეც დასრულდა - 2:1 "ბენფიკას" სასარგებლოდ.
ბენფიკა-პსჟ 2:1
გოლები: 0:1 კავანი (37), 1:1 ლიმა (45-პენ), 2:1 გაიტანი (58)
ბენფიკა (4-4-2): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, სილვიო - ე. პერესი (90. ანდრე გომეში), ფეისა, მატიჩი, გაიტანი (77. სულეიმანი) - ლიმა, ლ. მარკოვიჩი (69. კავალეირო)
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - კ. ტრაორე, მარკინიოსი, ზ. კამარა, დინი - ტიაგო მოტა (61. მატუიდი), რაბიო - ლუკას მოურა, პასტორე, მენეზი - კავანი (61. ლავეცი)
გაფრთხილება: მაქსი პერეირა, სილვიო - ტიაგო მოტა, მენეზი, რაბიო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-8 (12-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 30 089
* * *
პირეოსში კი ემოციები დუღდა. ზოგადად, "გეორგიოს კარაისკაკიზე" ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა და სტუმარი გუნდისთვის ამ სტადიონზე თამაში ორმაგად რთულია.
როგორც ჩანს, "ანდერლეხტის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ცალკე გულშემატკივართა და ცალკე მეტოქის ზეწოლას ვერ გაუძლეს. შედეგად: სამი გაძევება და მათ კარში დანიშნული სამი პენალტი!
"ოლიმპიაკოსს" მერვედფინალში გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდა და ბერძნები პირველივე წუთებიდან წინ წავიდნენ. რამდენიმე რეალური მომენტის განიავების შემდეგ მასპინძლები ხავიერ სავიოლამ დააწინაურა, რომელმაც იმ დღეს შესანიშნავად მოთამაშე სილვიო პროტოს შორეულ კუთხეში გაუტანა. მიჩელის შეგირდები ამაზე არ გაჩერებულან და შეტევებს აგრძელებდნენ.
39-ე წუთზე პირეოსელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მიიღეს. მასპინძლებმა აშკარად ვერ გათვალეს და სტანდარტულის დროს წინ იმდენად დიდი ძალებით წავიდნენ, რომ რამდენიმე წამში სტუმართა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, რობერტოს წინ ორი ბელგიელი ფეხბურთელი აღმოჩნდა - 19 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა დენის პრეტმა საშა კლიესტანს ცარიელ კართან გადააწოდა და აშშ-ის ნაკრების წევრმაც ბურთი კარში შეაგორა - 1:1.
მეორე ტაიმში კი მართლაც საოცრებები მოხდა. ჯერ იყო და, ხავიერ სავიოლამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა (მეკარე), თუმცა "ბაჭიამ" შეცდომა მალე გამოასწორა და დუბლი გაიფორმა. 72-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში უკვე ვლადიმერ ვაისი წააქციეს. სლოვაკმა პენალტი თავად შეასრულა, მაგრამ პროტომ მასაც აუღო.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მეორე ბერძნული გუნდის, პაოკ-ის და მისი სლოვაკი ლეგიონერის, მიროსლავ შტოხის "გმირობა". შტოხმა ევროპალიგის ერთ-ერთ შეხვედრაში ("მაკაბისთან") ორი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა.
პაოკ-ის მსგავსად, მოიგო "ოლიმპიაკოსმაც", თანაც, შეხვედრის ბოლო გოლი მაინც პენალტით გაიტანა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, 9-კაცით მოთამაშე "ანდერლეხტის" კარში (არბიტრმა კუაიტე და ნსაკალა გააძევა) მესამე 11-მეტრიანი დაინიშნა, რასაც პროტოს გაძევებაც მოჰყვა.
ცვლილებაზე შემოსულმა ალეხანდრო "ჩორი" დომინგესმა კარში ჩამდგარ მიტროვიჩს, რა თქმა უნდა, აჯობა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ასე რომ, პსჟ და "ოლიმპიაკოსი" მერვედფინალში არიან. "ბენფიკა" ევროპალიგაზე ითამაშებს, "ანდერლეხტმა" კი ჯგუფური ეტაპი კვლავ ბოლო პოზიციაზე დაასრულა.
ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი 3:1
გოლები: 1:0 სავიოლა (33), 1:1 კლიესტანი (39), 2:1 სავიოლა (58), 3:1 ა. დომინგესი (90-პენ)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - ლეანდრო სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - სამარისი, პაულო მაჩადო (53. ვაისი) - დ. ფუსტერი (89. ნდინგა), სავიოლა (61. ა. დომინგესი), ჯ. კემპბელი - ოლაიტანი
ანდერლეხტი (4-1-4-1): პროტო - ვანდენ ბორე (73. აჩეამპონგი), კუიატე, მბემბა, ნსაკალა - მილივოიევიჩი (53. ნუიტინკი) - ნახარი, ჟილე, კლიესტანი, პრეტი (83. ტიელემანსი) - მიტროვიჩი
გამოუყენებელი პენალტები: სავიოლა (50. ოლიმპიაკოსი), ვაისი (72. ოლიმპიაკოსი)
გაფრთხილება: დ. ფუსტერი - კუიატე, მილივოიევიჩი, კლიესტანი, ლ. მიტროვიჩი, ნსაკალა
გაძევება: კუიატე (49. ანდერლეხტი), ნსაკალა (88. ანდერლეხტი), პროტო (90. ანდერლეხტი)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-6 (16-4); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 31 444
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. C ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 6 4 1 1 16-5 13
2. ოლიმპიაკოსი 6 3 1 2 10-8 10
3. ბენფიკა 6 3 1 2 8-8 10
4. ანდერლეხტი 6 0 1 5 4-17 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"