ევროტურნირები

ევროპის ლიგა

გავიცნოთ თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში - სალონიკის პაოკ-ი

AutoSharing Option
წილისყრამ თბილისის "დინამოს" ევროპალიგის პლეი ოფში მეტოქედ ბერძნული პაოკ-ი არგუნა.

პირველ მატჩს საქართველოს ჩემპიონი 18 აგვისტოს, თბილისში გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი სალონიკიში 25 აგვისტოს გაიმართება.

გასულ სეზონში პაოკ-მა ბერძნულ სუპერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 4-გუნდიანი პლეი ოფი მოიგო.

ისევე, როგორც "დინამო", პაოკ-იც ჩემპიონთა ლიგას III საკვალიფიკაციო წრეში დაემშვიდობა და ევროპალიგის პლეი ოფში გადმოვიდა.

ბერძნები სტუმრად 1:1 ეთამაშნენ "აიაქსს" (გოლი ჯალმამ გაიტანა), მაგრამ შინ ჰოლანდიურ გრანდთან 1:2 დამარცხდნენ (გოლი - ათანასიადისი).

პაოკ-ი 1926 წელს დააარსეს საბერძნეთი-თურქეთის ომის
შემდეგ სტამბოლიდან სალონიკიში გადმოხვეწილმა ბერძნებმა. კლუბს ასეც ეწოდება - პან-თესალონიკის კონსტანტინოპოლელ ათლეტთა კლუბი (პაოკ).

პაოკ-მა ორჯერ მოიგო საბერძნეთის ჩემპიონატი (1976, 1985), ოთხჯერ თასი. ევროპულ ასპარეზზე გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში გასვლაა (1974). როგორც ხედავთ, თბილისის "დინამო" გაცილებით ტიტულოვანი კლუბია.

უეფას საკლუბო რეიტინგში პაოკ-ს ახლა 37,4 ქულა აქვს, თბილისის "დინამოს" კი - 5,8.

პაოკ-ის პრეზიდენტი... წარსულში ცნობილი სლოვაკი მსაჯი ლიუბოშ მიხელია, რომელმაც 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსაჯა "მანჩესტერსა" და "ჩელსის" შორის.

გუნდს 39 წლის სერბი სპეციალისტი ვლადიმირ ივიჩი წვრთნის, რომელმაც კარიერა 2012 წელს სწორედ პაოკ-ში დაასრულა. მწვრთნელობაც ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და აი, 2016 წლის მარტში გაგდებული იგორ ტუდორის ნაცვლად მთავარ გუნდშიც დაინიშნა.

გუნდის ლიდერი, კაპიტანი და ბომბარდირია 27 წლის ბერძენი ფორვარდი სტეფანოს ათანასიადისი (ფოტოზე). საბერძნეთის ნაკრებში მას სულ 12 მატჩი აქვს ნათამაშები.

გუნდის სლოვაკი ვარსკვლავი რობერს მაკი ევრო 2016-ის მერე რუსულმა "ზენიტმა" წაიყვანა. ბოლო სეზონში გუნდში თამაშობდა ცნობილი ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი, მაგრამ ის პაოკ-მა გაუშვა და ახლა უგუნდოდაა.

სახიფათო ფეხბურთელია კაბოვერდელი გარი როდრიგესი, რომელიც პრიმერას "ელჩეში" თამაშიდან გემახსოვრებათ. არის ასევე ჰოლანდიელი დიეგო ბისესვარი ("ფეიენოორდში" უთამაშია).

ანასტასიადისთან და როდრიგესთან ერთად შეტევის ტრიოს მესამე წევრია ანგოლელი ჯალმა, რომელიც შესაძლოა, "პორტუდან" გახსოვდეთ.

შუახაზში თამაშობენ უკრაინელი ევგენი შახოვი ("დნიპროში" ჯაბა კანკავას გუნდელი იყო), ბოსნიელი გოიკო ციმიროტი, ბერძენი არის არისისი, ესპანელი ხოსე კანიასი ("ბეტისის", "სუონსისა" და "ესპანიოლის" ყოფილი ფეხბურთელი).

აგრეთვე, შეგვიძლია ვახსენოთ გამოცდილი ბერძნები - ალექსანდროს ციოლისი და გეორგიოს ცაველასი, ერთ დროს "სევილიას" მცველი ხოსე კრესპო და ბრაზილიელი ლეო მატოსი.

როგორც ხედავთ, გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ ნაკლებად ვარსკვლავურია.