ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბ თანატოლებთან დამარცხდა

AutoSharing Option
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა.

გია ცეცაძის შეგირდები სერბ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

სერბმა 19-წლამდელებმა გატანა მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. ქართველთა კარის დარაჯმა გაბრიელ თებიძემ პირისპირ გასული მელეგის დარტყმულს ხელი კი შეაგება, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა.

მატჩის ბოლო წუთები ქართველი 19-წლამდელების იერიშებში წარიმართა. ერთ ეპიზოდში ბაჩანა არაბულის დარტყმამ სერბთა კარის ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებს ამ შეხვედრაში გატანა, როგორც ჩანს, არ ეწერათ.

სერბებმა ამ გამარჯვებით 6 ქულას მოუყარეს თავი
და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს.

რაც შეეხება ქართველ 19-წლამდელებს, მათ ჯგუფის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თურქებთან 26 ივლისს გამართავენ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. თან ისე, რომ სხვა შეხვედრებში მათთვის სასურველი შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

23 ივლისს B ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით გაიმართება. ამ მატჩში ჩვენთვის მისაღები თურქთა გამარჯვება ან ფრე იქნება, ბოლო ტურში კი - სერბთა მოგება ფრანგებთან.