პარუნაშვილის თაობაში ბევრი ნიჭიერია, თუნდაც არნემის "ვიტესში" მოთამაშე გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. შესაძლოა, პარუნაშვილი ასე ეფექტურად არ ჩანს მოედანზე, მაგრამ დაკვირვებულ თვალს ამ ფეხბურთელის დიდი დიაპაზონი არ გამოეპარება.
პარუნაშვილი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის, განათხოვრებით კი ბოლნისის "სიონში" თამაშობს. დინამოელთა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა პარუნაშვილის ასაკის შუახაზელი გიორგი პაპავა პირველი გუნდის ფეხბურთელად აქცია. ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს ამა თუ
თქმა რად უნდა, "სიონი", სხვა რამის გარდა, ვერც სავარჯიშო და მოსამზადებელი პირობებით შეედრება "დინამოს", თუმცა პარუნაშვილმა გვითხრა, რომ:
"დინამოში" მხოლოდ ვარჯიშს აზრი აღარ ჰქონდა, უკვე ისეთ ასაკში ვარ, აუცილებლად უნდა ვითამაშო.
"სიონი" საკმაოდ კარგი გუნდია, სავარჯიში პირობებიც ნორმალური გვაქვს, ამხანაგური თამაშის მერეც კი არის იმის საშუალება, რომ საუნაში წავიდეთ.
ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ვვარჯიშობთ, საშინაო მატჩებს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვატარებთ".
ლაშამ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ორივე შეხვედრა "სიონის" სასტარტოში ითამაშა. მეორე ტურში გიორგი კიკნაძის გუნდმა ცხინვალის "სპარტაკს" რომ მოუგო, პარუნაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
"ძალიან ძნელი სათამაშო არ არის ჩვენი უმაღლესი ლიგა. გამიმართლა იმაშიც, რომ კიკნაძე ისეთი მწვრთნელია, ბურთის გაგორება და შენარჩუნება რომ უყვარს და უარს ამბობს მეორე ნომრად თამაშზე. "სიონიც" ისეთი გუნდია, ასეთ სტილს რომ ესადაგება...
ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ "დინამოში" დავბრუნდე და პირველ გუნდში მოვხვდე, მაგრამ თუ იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდები, კვლავ სხვა გუნდში გადასვლას ვეცდები, თუნდაც ისევ "სიონში".
ბოლნისური გუნდის მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრაა და მჯერა, ამას შევძლებთ", - ამბობს პარუნაშვილი.
ლაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, გუნდის დამრიგებელი ალექსანდრე ჩივაძე მას კარგი თვალით უყურებს. საერთოდაც, ჩივაძემ იცის ფეხბურთელის ფასი...
21-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ციკლი სექტემბრიდან დაეწყება, მანამდე კი 14 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიელ თანატოლებს 4:0 მოუგო და იმ მატჩში პარუნაშვილმაც ითამაშა.
"ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბურთი ვინმემ უმისამართოდ რომ გადააგდოს, ჩივაძე ეგრევე სკამზე დასვამს. ლატვიაში მეტოქეს ბურთი თითქმის არ ჰქონია და ეს უპირატესობა კარგადაც გამოვიყენეთ. ყველა მეტოქესთან ასეთნაირად ვაპირებთ თამაშს", - გვპირდება პარუნაშვილი.
ჩივაძის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. მათი უმეტესობა 1993 წელსაა დაბადებული. ჭანტურია, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, დავით სხირტლაძე, არჩილ ტვილდიანი...
"ჩვენ არა მხოლოდ გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოვდივართ ერთად, უმეტესობა მანამდეც ერთ გუნდში ვთამაშობდით გია ცეცაძესა და თემურ ფოცხვერიასთან.
რა თქმა უნდა, შეთამაშების პრობლემა არ გვაქვს, სხვა კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ ამ ახალგაზრდულ ნაკრებში.
შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მთავარი კონკურენტი ალბათ ჰოლანდია იქნება, თუმცა შოტლანდიას, სლოვაკეთსა და ლუქსემბურგსაც უნდა გავუწიოთ ანგარიში", - ამბობს პარუნაშვილი.
ტრივიალურია ხოლმე, როცა შესარჩევის ჯგუფიდან გასვლის შანსებზე ჩამოვარდება სიტყვა. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო იზრდება ასაკი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისთვის უფრო რთულდება ამოცანა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს დაოსტატების ფაზაში აუცილებლად სჭირდება კარგ და სტაბილურ კლუბში, კარგ მწვრთნელთან, კარგ პირობებში, კარგ ჩემპიონატში ყოფნა, საქართველოში კი ეს ყველაფერი ერთად ძვირი სანახავია.
"მგონია, რომ ჯგუფიდან გასვლა ძნელი იქნება, მაგრამ ამას მოვახერხებთ, გუნდში ყველას გვჯერა ამის. ჩივაძემაც გვითხრა, ამ გუნდით ჯგუფიდან გასვლის რომ არ მჯეროდეს, თქვენი მწვრთნელი არ ვიქნებიო", - გვითხრა პარუნაშვილმა და ვნახოთ...
პირველი მატჩები საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 5 და 9 სექტემბერს აქვს სტუმრად ლუქსემბურგსა და სლოვაკეთთან....
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. ლატვია-საქართველო 0:4 - ალექსანდრე ჩივაძე შესარჩევს იშტაზე დაიწყებს [VIDEO]