U19. საქართველო-ესპანეთი 0:3 - ყიფიანი პროგრესს ვერ ხედავს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ჩვენი 19-წლამდელები პირველ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველივე წუთზე ჩვენებმა მეტოქეს სივრცე დაუთმეს და "ბარსელონა B"-ს საყრდენმა ნახევარმცველმა და სტუმართა კაპიტანმა კარლეს ალენიამ ესპანელები ზუსტი დარტყმით დააწინაურა - 0:1.

28-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ და "ბარსელონა ჟუვენილ A"-ს 17 წლის ფლანგის თავდამსხმელმა ჟორდი მბულამ ესპანელთა უპირატესობა გაზარდა - 0:2.

გიორგი ყიფიანის გაწვრთნილების მცდელობა, სხვაობა შეემცირებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. გიორგი არაბიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის შეტევების შემდეგ სტუმართა კართან
პრობლემები შეიქმნა, მაგრამ აქედან მეტი ვერაფერი გამოდნა.

ქართველები შეტევების ორგანიზებასა და სხვაობის შემცირებას მეორე ნახევარშიც ცდილობდნენ, მაგრამ ესპანელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. თვალშისაცემი იყო სტუმრების სათამაშო კლასი და ორგანიზაცია. მათ მესამე გოლიც გაიტანეს და რეალურად, მატჩს წერტილი დაუსვეს: ალენიამ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა მბულა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარჩენილ წუთებში ყიფიანის გუნდი პრესტიჟის გოლის გატანას შეეცადა, მაგრამ სტუმართა კარს რეალურად მხოლოდ არაბიძე დაემუქრა - დონეცკის "შახტარის" შემტევი ნახევარმცველის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ესპანელთა კარის ძელს მოხვდა. ეს იყო და ეს.

მატჩის შემდეგ
გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"შედეგითაც უკმაყოფილო ვარ და თამაშის ხარისხითაც. ამ ფორმაციის ნაკრებმა მაღალი დონის გუნდთან პირველად ითამაშა და გამოჩნდა ის უარყოფითი მხარეები, რომლებზეც ყურადღებას გავამახვილებთ.

შემდეგ ორ მატჩში გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენებას, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოგებას შევეცდებით.

ვთქვი, რომ დაცვაში პრობლემები გვქონდა - 5 მოთამაშე ტრავმის გამო ვერ გვეხმარება და მარცხი ამანაც განაპირობა. ესპანეთთან თამაში გასაანალიზებელია. თუმცა ტურნირამდე სერბეთთან ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ჯერ პროგრესს ვერ ვხედავ".

ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია და დღეს კარგი გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ტურნირი 3 ქულით დავიწყეთ. ვფიქრობ, შედეგი თამაშის სურათს ასახავს".

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრა ჰოლანდიასა და საფრანგეთს შორის 1:1 დასრულდა. თავიდან უპირტესობას ჰოლანდიელები ფლობდნენ და ლოგიკურიც იყო, ანგარიში რომ გახსნეს: მეტოქის კარში ლამაზი გოლი შეაგდო "აიაქსის" 19-წლამდელთა გუნდის ბომბარდირმა კაი სიერჰუისმა - 1:0.

მეორე ნახევარში ფრანგები გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. მალე წონასწორობაც აღდგა - ჰოლანდიელთა მცველისა და მეკარის შეუთანხმებლობით "რენის" 19-წლამდელთა გუნდის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ნიკოლა ჟავნიემ ისარგებლა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოთხთა ტურნირი. I ტური
09.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ესპანეთი 0:3
გოლები: 0:1 ალენია (1), 0:2 მბულა (28), 0:3 მბულა (54)
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ხუბაშვილი, კობოური, ფოჩხუა (60. ქოჩორაშვილი), კუცია (77. ვარძელაშვილი), ხარაბაძე (80. ბულუხაძე), არაბიძე (77. არველაძე), ჩაკვეტაძე (77. სამურკასოვი), კვანტალიანი (46. ჩოგაძე), ქავთარაძე (60. საღრიშვილი).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ბულისკერია
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ესპანეთი: ლორენტე, მარტინი, ალენია (68. პეინადო), ბუნუელი (80. კუკუ), მბულა (59. გარსია), ოსკარი (59. ნსანგი), ნავარო (68. გომესი), გალარდონი, გორდონი, პოსო (59. დიასი), ხენარო (75. პეპე ლუ)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
გაფრთხილებები: კუცია (70), ჯენარო (74), არველაძე (90)
არბიტრი: ნ. დაბანოვიჩი (ჩერნოგორია).

09.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ჰოლანდია-საფრანგეთი 1:1
გოლები: 1:0 სიერჰუისი (21), 1:1 ჟავნიე (63)
ჰოლანდია: ბილოუ, ზეეფუიკი, კნუსტერი, კაროლინა, დე ვიტი, დილორსუნი (90. ვან როოიენი), კოოპმეინერსი, სიერჰუისი (59. დუინი), ბეილევდი (81. ველანასი), ჩონგი (71. კლუივერტი), ფლორანუსი
მწვრთნელი: მაარტენ სტელეკენბურგი
საფრანგეთი: მიზონიალი, დუნჟერი, მუსა, სუისი (90. ფიშერი), სისაკო (60. ჟანვიე), ბუტობა, რუისი (70. მაკენგო), მბაპე (70. კლოდ-მორისი), რეინე-ადელაიდე (81. ოსეი), ედუარდი (60. იკონე), ადუ.
მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჟეტინი
გაფრთხილებები: რუისი (36), კნუსტერი (90)
არბიტრი: ხ. კალოგეროპულოსი (საბერძნეთი).

მომდევნო მატჩები
11 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 12:00
ესპანეთი-ჰოლანდია

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
საქართველო-საფრანგეთი

14 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 15:00
ესპანეთი-საფრანგეთი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო-ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
Mარტო ორი გვარია საკმარისი @რველაძე და ვარძელაშვილი დანარჩენი კიდე ვიცი საბურთალო და დინამოა სულ.ნაცნობობით არაა ხო.მაისურაძე ლოკომოტივის თხუთმეტწლიანებიშია დA ფორთხავს იქაც იმიტომ რომ იქაც ნაცნობობითაა ყველაფერი.ისე რა სიმბოლურია რომ ნაც ურევია ამ სიტყვაში.სამწუხაროA რომ კობიაშვილსაც ფეხზე კიდია ჩვენი ფეხბურთი.არა და როგორი იმედი მქონდა.
zviad
17:08 11-11-2016
0
დააბრუნეთ მაისურაზე, ავსაჯანასვილი ტუ არ იქნება სედეგი მერე ნახეთ, გვეყოფა ეს ყოველივე.
kote
12:13 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული