სოსო ფრუიძე: უმძიმესი სეზონი იქნება და წინ დიდი ინტრიგა გველის

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. სახეცვლილება ყველა გუნდმა განიცადა, მათ შორის - საჩხერის "ჩიხურამაც". ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადა.

როგორ აფასებს მოსამზადებელ ეტაპს, საკადრო ცვლილებებსა და შეცვლილი შემადგენლობის შესაძლებლობებს გუნდის მწვრთნელი სოსო ფრუიძე? "ლელომ" საჩხერელთა თავკაცთან ინტერვიუ ჩაწერა...

- დიდი ხანი არ არის, რაც თურქული შეკრებიდან დაბრუნდით. თქვენ სტადიონისა და ბაზის პრობლემა გაქვთ და ამიტომაც გვაინტერესებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სად ემზადებით?
- ჯერ საჩხერეში ვვარჯიშობდით, ბოლო დღეებში კი ზესტაფონში ვართ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე, სადაც "გაგრასთან" საკონტროლო შეხვედრა
გავმართეთ და 1:3 წავაგეთ. უშუალოდ ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის კი "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე მოვემზადებით.

- ვიცით, რომ "ჩიხურა" 2017 წლის ჩემპიონატის პირველ საშინაო თამაშებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. საჩხერესა და ივანწმინდაში მოედანი სავარჯიშოდაც არ ვარგა?
- ასეა და სწორედ ამიტომ თბილისში ვივარჯიშებთ. ივანწმინდაში საფარი არ ვარგოდა და ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა მას ეროვნული ლიცენზია არ მისცა. აქედან გამომდინარე, ივანწმინდასა და საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე საფარის შეცვლა გადაწყდა.

- სამუშაოები უკვე დაიწყო?
- დიახ, დაწყებულია. მინდორი ჯერ ივანწმინდაში დაიგება, რადგან სავარჯიშო მოედანი გვჭირდება. მერე კი საჩხერის ცენტრალურ მოედანზეც დასრულდება. რაც მთავარია, ორივეგან ბუნებრივი მინდორი იქნება.

- საკუთარ სტადიონზე როდის ივარჯიშებთ?
- იმედი გვაქვს, ივანწმინდაში მარტის ბოლოს მაინც დავბრუნდებით.

- სეზონის დაწყებამდე საკონტროლო შეხვედრებს აღარ გეგმავთ?
- ბოლო ამხანაგური "გაგრასთან" გვქონდა და სპარინგები ამით დავასრულეთ. ახლა ვემზადებით სეზონის პირველი მატჩისთვის, რომელიც 5 მარტს გორის "დილასთან" გვაქვს. "გაგრასთანაც" ტყუილად არ გვითამაშია - გვაინტერესებდა, ამ ეტაპზე ვინ უფრო იმსახურებდა ძირითად შემადგენლობაში თამაშს და მეც უნდა გადამეწყვიტა, რომელ ფეხბურთელებზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. ამავე დროს, გვინდა, ჩვენმა ახალწვეულებმა გუნდის სათამაშო სქემა და სტილი უკეთ აითვისონ. მეტი საკონტროლო შეხვედრა აღარ გვექნება და ამიტომ შედეგი ამჯერად ჩვენთვის უინტერესო იყო, აქცენტი სათამაშო რგოლების შეთამაშებაზე გადავიტანეთ.

- საერთოდ, მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ხართ?
- კარგი შეკრება გვქონდა და კმაყოფილი ვარ. ფიზიკური კონდიციების მოსამატებლად და ტექნიკურ-ტაქტიკური მხარის გასაუმჯობესებლად დიდი სამუშაო გავწიეთ. საკონტროლო შეხვედრებს კი გუნდის უკეთ შეთამაშებისთვის ვიყენებდით. სამწუხარო ისაა, რომ 4 მოთამაშე დაშავებულია. თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო შეხვედრა დანიის პირველი ლიგის გუნდ "ფრემად არმაგერთან" 0:0 რომ დავასრულეთ, სამმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო - ტატანაშვილმა, ჩიკვაიძემ და გრიგალაშვილმა. ამას გარდა, შეკრებაზე ამავე მიზეზით ვერ გამოგვყვა ლექვთაძე.

- მათი ტრავმები რამდენად სერიოზულია?
- ლექვთაძეს საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ჯერ არ დაბრუნებულა, გრიგალაშვილი, სავარაუდოდ, ვარჯიშს 5-6 მარტისთვის განაახლებს, ტატანაშვილი და ჩიკვაიძე კი უკვე ვარჯიშობენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, პირველ ტურში ითამაშებენ თუ არა.

- საკადრო ცვლილებებიც გაკმაყოფილებთ?
- არის პოზიციები, რომლებიც შარშანდელზე უკეთ არის დაკომპლექტებული. ისეთი პოზიციებიც გვაქვს, სადაც ფეხბურთელის დამატება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახალწვეულები გაგვაძლიერებენ. ეს ეხება როგორც შეტევის ხაზში დამატებულ მოთამაშეებს - გელაშვილსა და გეგეჭკორს, ასევე მცველებს - მირცხულავასა და ჭელიძეს.

მთავარია, რომ კონკურენცია გაიზარდა. თუმცა, სეზონი გამოაჩენს, როგორ მოვემზადეთ და დავაკომპლექტეთ გუნდი.

- სხვა გუნდებში მომხდარ ცვლილებებზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა გექნებათ. თქვენი აზრით, როგორი სეზონი გველის?
- მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ უმძიმესი სეზონი იქნება და წინ დიდი ინტრიგა გველის. მთავარია, ახალი სეზონის თავისებურებანი წინასწარ გავიაზროთ და კარგად გავთვალოთ. 36 ტური გაიმართება და ეს მწვრთნელებისგან ახლებურ მიდგომას მოითხოვს. პირველი, ეს არის კარგი ფიზიკური მომზადება, რომლის გარეშეც გუნდი ასეთ ხანგრძლივ და დამღლელ სეზონს სტაბილურად და წარმატებით ვერ ჩაატარებს.

- მეორე ფაქტორი?
- უნდა გაგვეთვალისწინებინა გრძელი სათადარიგოთა სკამის ფაქტორიც. ჩვენ კი, ჩემპიონატისა და თასის გარდა, ევროპის ლიგაზე გამოსვლაც გველის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში, ფაქტობრივად, ვერ დავისვენებთ. ამიტომ ვთქვი, რომ "გრძელი სკამია" საჭირო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საჩხერეში ბევრი რამ გააკეთა ბიძომ და ერთი კარგი მოედნის საფარი რომ დაეგო რა მოხდებოდა.
kika
02 მარტი 2017 14:30
0
უმძიმესი სეზონი არა თქვენი შეჩვენება:))) საქართველოს ჩემპიონატია, თამაშები გაყიდულია, ფეხბურთელები არ დარბიან, ფინანსები არ არის, ფედერაციას ძინავს. უმძიმესი იმ გაგებით ალბათ, რომ ერთი სული გექნებათ როდის დამთავდება:)
ქარ
02 მარტი 2017 10:49
0
ზესტაფონის მოედანს ქირაობთ სავარჯიშოდ სათამაშოდ ზესტაფონის ცენტრალურ მოედანს და რა ნამუსით ამბობ სწორ გზას ვადგავართო? (ეს ქველმოქმედ ფრუიდძეს) ბატონო ლევან ესაა ტქვენი დაპირება ინვესტორების მოზიდვა? სამტრედიას ჩიხურას ბათუმს ქობულეთს ფოთს ეს მხოლოდ დასავლეთიდან მოედნები არააქვთ და ფეხბურთი საქართველოში უმაგლეს დონეზეა არა? მეხვედფინალშია სამტრედია უკვე? (ჯგუფური ეტაპი დაძლია უკვე). სეზონში 10მილიონს დებდა ინვესტორი კლუბში და უარი უთხარით, მაგ საქციელით დინამოც დამარხეთ რადგან კონკურენტი არყავს რომანს და აგარც ფულს ხარჯავს. გაიხსენეთ რა შედეგები ქონდათ დილას დინამოს რუსთავს ზესტაფონს, უბრალოდ არმოსულა ეს შედეგები მაშინ დილას რუსთავს ზესტაფონს დინამოს ტორპედოს ბოლნისს ფული ქონდათ და კონკურენცია იყო. ეხლა კი მკვდარი უგებს მკვდარს. მკვდრები ხართ თქვენც და იმედია მალე ვნახავ ამ ფედერაციის დასაფლავებას, პატივისცემით ზესტაფონიდან. სხვა კლუბის ფანები თავს იკავებთ მაგრამ გავა დრო და პოლიტიკურ ომს თქვენი კლუბიც შეეწირება აი მერე მე გიყურებთ შორიდან. საქართველოს ვიცეჩემპიონი ქირაობს მოედანს კლუბისგან რომელიც განდევნილია ფეხბურთიდან ამფედერაციის მიერ და რომელ მოედანზეც სკზესტაფონის აკადემიის ბავშვები ვარჯიშობენ. ფუ რა ცუდია კოკაია ამ ბავშვებს ესეთი პირობები რო შეუქმნა ესეთ რამეს დინამოს და ლოკომოტივის გარდა ვინ იკადრებს (ზესტაფონის ბაზებთან ახლოსაც ვერ მივლენ)
qartuli fexburtis fani
02 მარტი 2017 02:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული