შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი ნახევარი არც ისე სანახაობრივი გამოდგა, თამაშს ის მუხტი, ტემპი და დინამიკა აკლდა, რაც ფეხბურთს უხდება და ამშვენებს. ეს უფრო "შუქურაზე" ითქმის, რომელიც სრულად ჩაფლავებული პირველი წრის შემდეგ უნიათოდ და უიმედოდ გამოიყურება. ქობულეთელები, თითქოს, ნელ-ნელა მიიპარებიან პირველი ლიგისკენ...

გუნდი რომ კრიზისშია, ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ქობულეთელები შეტევების ორგანიზებასა და გამწვავებას ვერ ახერხებენ, დაცვაში კი ბავშვურ შეცდომებს უშვებენ და უყურადღებობას იჩენენ. სამტრედიელებმა მეტოქეს მტკივნეული დარტყმა პირველივე ტაიმში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაყენეს.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყეს. პაუზის შემდეგ გუნდს თავდამსხმელი
კობა შალამბერიძე
დაუბრუნდა. თუმცა, "შუქურას" ამან ვერაფერი უშველა. ქობულეთელთა მცდელობის მიუხედავად, გია ცეცაძის გუნდმა მშვიდად და აუღელვებლად მიიყვანა მატჩი სასურველ ფინიშამდე და 3 ქულა მოიპოვა.

დასანანია "შუქურას" დასუსტება, რადგან გარდამავალ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. წლეულსაც, სასტარტო ტურში, "სამტრედიას" პირველი ქულები სწორედ ქობულეთელებმა წაართვეს. ახლა კი გუნდს სერიოზული რეფორმა სჭირდება. სხვაგვარად, ეროვნულ ლიგას დაემშვიდობება.

ძალიან წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ქობულეთელთა მეკარე იური კამინსკის, რომელიც მეორე გოლის ეპიზოდში კარიდან წინ დაუკვირველად გამოვიდა, ხოლო მეორე ტაიმში ორჯერ ბურთი მეტოქეს ჩააბარა.

ამ გამარჯვებით "სამტრედია" ერთი დღით მე-3 ადგილზე აღზევდა. ცეცაძის კრებულს საინტერესო სტატისტიკა აქვს: 6 გასვლითი მატჩიდან 5-ში გაიმარჯვა, ხოლო შინ ერთი მატჩის მოგებაც ვერ მოახერხა.

მატჩის სტენოგრამა
10' - პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა! ჯემალ გოგიაშვილმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი დავით ჯიქიას გადააწოდა, რომელმაც მოედნის ცენტრში დავით ჩაგელიშვილს შეტევა ერთი შეხებით გაუგრძელა და საჯარიმოსკენ დაძრულმა მშვენიერი გადაცემა დაიბრუნა. ქობულეთელ მცველებს "ჩაეძინათ" და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჯიქიამ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.
21' - შეტევაში ჩაერთო ქობულეთელთა ცენტრალური მცველი ბექა მახარაძე და დაახლოებით 30 მეტრიდან კარში დაარტყა. ომარ მიგინეიშვილი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
25' - სამტრედიელებმა კუთხური გაითამაშეს, გიორგი დათუნაიშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ნიკა სანდოხაძემ მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და კარის აღების მცდელობა უზუსტო გამოდგა.
38' - ჟეფინიომ საჯარიმოსთან შეტევა გაუგრძელა ირაკლი კლიმიაშვილს, რომელმაც დაუხანებლად დაარტყა და მიზანს ოდნავ ააცილა.
45+1' - კურიოზული გოლი! გიორგი ბერიაშვილმა ბექა მახარაძეს საჯარიმოსთან აართვა ბურთი და დავით ჩაგელიშვილი მოძებნა, რომელმაც კარიდან გამოსულ იური კამინსკის ბურთი თავზე გადაუგდო - 0:2.
52' - თორნიკე დაგარგულიას გადაცემა სამტრედიელებმა მოიგერიეს, მაგრამ ბურთი კლიმიაშვილმა მოიგდო და ერთი შეხებით კარში გაგზავნა, თუმცა მიზანს ააცილა.
56' - კლიმიაშვილმა ისევ შორიდან "გაისროლა" და ბურთი მიგინეიშვილის ნადავლი გახდა.
57' - სახიფათო დისტანციიდან გურამ სამუშიას დარტყმას მცველი გადაეფარა, მისგან ასხლეტილ ბურთს კი მახვილი კუთხიდან ჯიქიამ დაარტყა და მიზანს ააცილა.
66' - ახლო მანძილიდან დარტყმა გიორგი დათუნაიშვილს სურდა, მაგრამ ბერიაშვილმა დაასწრო - ბურთი მეკარე კამინსკიმ მოიგერია. დამატებაზე მახვილი კუთხიდან კარის აღება გურამ სამუშიამ სცადა, თუმცა მიზანი ვერ გაასწორა.
74' - ქობულეთელთა მეკარე კამინსკი გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს. ბურთის მოგერიებისას საჯარიმოსთან მეტოქე ჯიქია "მოძებნა", რომელმაც თავზე გადაგდება წარუმატებლად სცადა. თამაშის განახლებისას კამინსკიმ ბურთი უნებლიეთ უკვე ლაშა კასრაძეს ჩააბარა. თუმცა, სტუმრებმა შეტევა ვერ განავითარეს.
85' - ქობულეთელთა კიდევ ერთი ელემენტარული შეცდომა: რომან ჩაჩუამ მეკარესთან პირისპირ დატოვა ბერიაშვილი, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა - ამჯერად, კამინსკიმ "შუქურა" აშკარა გოლისგან იხსნა!

ეროვნული ლიგა. X ტური
04.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-სამტრედია 0:2
გოლები: 0:1 ჯიქია (10. ჩაგელიშვილის პასით), 0:2 ჩაგელიშვილი (45+1. ბერიაშვილის პასით)
შუქურა (4-2-3-1): კამინსკი - ჩაჩუა, კალანდაძე, ბ. მახარაძე, მამულაშვილი - ჟეფინიო (60. შალამბერიძე), ჭეჭელაშვილი (89. საბაძე) - დაგარგულია (62. ართმელაძე), კლიმიაშვილი, ს. გურული - კუტალია.
სათადარიგოები: სტურუა, ცეცხლაძე, კლეცკოვი, რუდნიკი
მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე - დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი - ჯიქია, ჩაგელიშვილი (63. კასრაძე), სამუშია (86. მთივლიშვილი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ხაბეიშვილი, სუხომლინოვი, დ. მანჯგალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
gasvliti tamashidan 5-dan 5-ti moigo samtrediam,da ara 6-dan 5-tii
romandro
13:36 05-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული