კაცი გვინეა-ბისაუდან - "სამტრედიამ" 25 წლის მცველი ბაკარ ბალდე დაიმატა

AutoSharing Option
"სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას ბაკარ ბალდე დაიცავს.

25 წლის მარცხენა მცველი 1-ლი იანვრიდან ირიცხებოდა პორტუგალიურ "მირანდელაში", რომელთანაც კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და საქართველოში თამაში გადაწყვიტა.

ბალდე საქართველოში მოთამაშე მეორე ლეგიონერია (პირველი იყო "კოლხეთის" მარცხენა მცველი, კენიის ნაკრების წევრი ერიკ უმა ოტიენო), ვინც საკუთარი ქვეყნის, გვინეა-ბისაუს ეროვნული ნაკრების მოქმედი მოთამაშეა, სადაც 2010 წლიდან 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" შეელია მეკარე ნიკა დაუშვილს, დავით ჩაგელიშვილსა და კონსტანტინ ბელოვს. ბოლო ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" მატჩამდე "სამტრედია" კიდევ 3 ლეგიონერის დამატებას გეგმავს.

ბალდემ ახალი გუნდის ფორმა პირველად 1-ელ ივლისს, "სამტრედიისა" და "დილას" ამხანაგურ თამაშში (1:1) მოირგო და, როგორც შევიტყვეთ, სამწვრთნელო შტაბის მოწონებაც დაიმსახურა - ბალდე საკმაოდ ტექნიკური და ძალიან სწრაფი მცველია.

25 წლის აფრიკელმა კარიერა "პორტუს" 19-წლამდელთა გუნდში დაიწყო, საიდანაც პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ "პაკუშ ფერეირაში" გადავიდა. უთამაშია სეგუნდა ლიგის "აროუკაში", "ტონდელაში", მხოლოდ ორი თვე გაჩერდა პოლონურ "ზავიშაში", საიდანაც თავი პორტუგალიის დაბალი ლიგის კლუბ ლისაბონის "ატლეტიკოში" ამოყო. შემდეგ გადავიდა ასევე პორტუგალიურ "ბეირა მარში", მცირე ხნით მოსინჯა ძალები სამხრეთაფრიკულ "ვასკო და გამასა" და სერბულ "ბორაცში". გასული სეზონი კი პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის გუნდ "მირანდელაში" გაატარა.

ცნობისთვის, გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" ბალდეს ტრანსფერს 340 ათას ევროდ აფასებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"