კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0 - საიუბილეო მილოცვას "კოლხეთი" და ბესელია სფფ-ისგან ელიან

AutoSharing Option
შაბათს ფოთელებმა საკუთარ მოედანზე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ და რომ არა ჩაგდებული პირველი ეტაპი, "კოლხეთი-1913"-ს საიუბილეო წელს ელიტლიგის დატოვება არ მოუწევდა.

ნამდვილად ცოდოა ეს გუნდი ქვედა ლიგაში დასაქვეითებლად. სოსო ფილიას შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ეტაპზე უმოტივაციოდ დარჩენილებმა სეზონი მხოლოდ "ფორმალურად" არ ჩაამთავრეს და ყველას რომ ეგონა, იოლი გასეირნება ექნებოდათ, ქულები ქვედა ექვსეულის ყველა გუნდს დააკარგვინეს.

მათი მორიგი "მსხვერპლი" "ვიტ ჯორჯია" აღმოჩნდა - ფოთელებმა მეტოქე თითქმის პირწმინდად დაჩაგრეს; ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქელებზე გაცილებით მეტი ხიფათი შექმნეს და მათთვის
3 ქულა ალალიც იყო.

მართალია, მასპინძლების უპირატესობა დასაწყისიდანვე გამოიკვეთა, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. თუ სტუმრებს ამის შანსი, ფაქტობრივად, არც ჰქონიათ, კოლხებს ტაიმის შუაში ორჯერვე შეეძლოთ ეხეირათ და ორივეჯერ ალექსანდრე ქორჩილავას აქტიურობის ხარჯზე.

Sportall.Geპირველად 22-ე წუთზე ფოთელთა 22-ე ნომერი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჩინებულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, ნიკა დაუშვილს აუღებელი კი დაურტყა, მაგრამ ბურთი ხარიხის გავლით კარს გადასცდა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში კოლხთა მარცხენაფლანგელი მეკარეს პირისპირ შეჰყარეს, მაგრამ ბოლო მომენტში დასწრებაზე ჩინებული თამაშით დაუშვილმა თავისიანები გადაარჩინა.

თუმცა ვეტერინარები მატჩის უდავოდ გამორჩეული მობურთალის გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ - მეორე ტაიმი ორიოდ წუთის დაწყებული იყო, როცა ამირან წაბრიამ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ზედიზედ მეორე ტურში საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა - თუ ბათუმის "დინამოსთან" შალვა კვანტალიანს გაატანინა, ამჯერად მის გამჭოლ გადაცემას ცენტრფორვარდი ვერ გამოეხმაურა, თუმცა მარცხნიდან შემოჭრილ ქორჩილავას გატანა არ გასჭირვებია, 1:0.

აქვე სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მასპინძელთა მარჯვენაფლანგელმა გიორგი მჭედლიშვილი, დიდი ალბათობით, წესების დარღვევით ჩამოიტოვა, რის გამოც მსაჯებმა სტუმრების რისხვა დაიმსახურეს.

ხუთიოდ წუთში "თემიდელები" კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, როცა კვლავ წაბრიას პასის შემდეგ ნიკა სიჭინავა კარგად გადიოდა, მაგრამ მცველთან ბრძოლაში დაეცა - მასპინძლები პენალტს რომ ითხოვდნენ, ლაინსმენმა შემტევი დააჯარიმა.

თუმცა სიჭინავამ თავისი მაინც გაიტანა, როცა ვიტელთა მეკარე, ალბათ, შეცდა - საჯარიმოს მიღმა თამაშში ჩართვა რომ გადაწყვიტა. პირველად თავით კი მოიგერია, მაგრამ შეცვლაზე შესულმა კოლხმა ბურთი დაუცველი კარისკენ გაგზავნა - ბადრი ტეტუნაშვილს "მეკარეობა" არ გამოუვიდა, გოლიც გავიდა და ხელით თამაშისთვის ყვითელიც დაიმსახურა.

ამ გოლამდე წამებით ადრე თბილისელებს შეხვედრაში საუკეთესო შანსი მიეცათ, როცა ანდრო სოფრომაძის მოწოდებულს ირაკლი ღიბრაძემ თავი თითქმის აუღებლად დაჰკრა, მაგრამ კოლხმა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ბოლოსკენ ვეტერინარები ერთი ბურთის გაქვითვას მაინც ეცადნენ, მაგრამ ამისგან ხეირი ვერ მიიღეს. მეტიც, ერთხელ საკუთარ მეკარეს კინაღამ გაუტანეს - გიორგი გეთიაშვილის დარტყმა კარს მიღმა რომ არ წასულიყო, დაუშვილი რეაგირების მომხდენი ვერ იყო.

საბოლოოდ, 2:0 და პირველ ლიგაში დაქვეითებულმა "კოლხეთმა" კარი ასე გაიჯახუნა. თუმცა ფოთელებს იმედი აქვთ, სფფ პრემიერლიგაში გუნდების რაოდენობას გაზრდის. ამასვე იმედოვნებს მათი მაჟორიტარი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას დაესწრო და "კოლხეთს" მხურვალედ უქომაგა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული