მეტალურგი-ზესტაფონი 0:0 - შთამბეჭდავი კაპიტანი

AutoSharing Option
საიუბილეო ჩემპიონატის საწყისი ორი ტურის ჩატარება "მეტალურგს" გასვლაზე მოუწია, თუმცა ახალი მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთაველთა გუნდმა "იმერული ვოიაჟი" 4 ქულით დაასრულა.

ანუ, ბევრის აზრით, 26 აგვისტოს მატჩში ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა ჰქონოდათ, მით უფრო, რომ ახალი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში "მეტალურგი" ცხრილის სათავეშიც მოექცეოდა და, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში ერთპიროვნული ლიდერიც იქნებოდა.

თუმცა სტუმრების სატურნირო მდგომარეობაც "გასათვალისწინებელი" იყო: მიუხედავად არცთუ ურიგო ფეხბურთის ჩვენებისა, სერბი სპეციალისტის, რატკო დოსტანიჩის "ზესტაფონმა" ხომ წინა ორივე მატჩი წააგო და ბოლო
წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კლუბისათვის ზედიზედ მესამე უქულო მატჩი მართლაც მეტისმეტი იქნებოდა.

Sportall.Geმოკლედ, ორშაბათს მოტივაცია არც ერთ გუნდს აკლდა და, ვინ იცის, აუტანელი სიცხე (ჰაერის ტემპერატურა რუსთავში 40 გრადუსზე ნაკლები არ იქნებოდა) რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ბევრად უფრო სანახაობრივ თამაშსაც ვიხილავდით.

...მატჩის დასაწყისი სტუმართა აქტიურობით აღინიშნა, ბურთს უმეტესად "ზესტაფონის" ფეხბურთელები ფლობდნენ, თუმცა სასტარტო წუთებში მასპინძელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი ქავთარაძემ საშუალო მანძილიდან ორჯერ დაარტყა მეტ-ნაკლებად სახიფათოდ.

ამის მერე თამაში ოდნავ დაწყნარდა იმ მომენტამდე, ვიდრე სტუმართა ახალწვეული, ნაემეკა აჯურუ შორი მანძილიდან ბურთს ხარიხას არ გაარტყამდა.

სტუმრები სწრაფად გადმოდიოდნენ "მეტალურგის" ნახევარზე და ერთ ეპიზოდში თორნიკე გრიგალაშვილის გამჭოლ გადაცემას პარტნიორებმა ვერ მიუსწრეს, თორემ ხიფათი გარდაუვალი იქნებოდა.

რაც შეეხება "მეტალურგის" შეტევებს, პირველ ტაიმში მხოლოდ და მხოლოდ ორი ეპიზოდი თუ იქნებოდა სახიფათო: მიხეილ მახვილაძის შორეული პასის მერე დავით კირკიტაძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ როინ კვასხვაძემ პოზიცია ზუსტად შეასრულა და ვითარება განმუხტა.

"ზესტაფონის" მეკარემ და კაპიტანმა საერთოდაც ჩინებული მატჩი ჩაატარა და კვასხვაძის დიდი დამსახურებაც არის, მისმა გუნდმა ჩემპიონატში პირველი ქულა რომ მოიპოვა.

კვასხვაძემ მეორე ტაიმში გაიბრწყინა, თუმცა მანამდე ის ეპიზოდიც უნდა ვახსენოთ, კირკიტაძის აქტიურობის შედეგად ირაკლი სიხარულიძე ხელსაყრელი პოზიციიდან რომ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

...მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია შეიცვალა: მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მალევე მოიპოვეს და რეალური მომენტიც ეგრევე შექმნეს: ქავთარაძის პასით კირკიტაძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ კვასხვაძემ ამ ეპიზოდშიც იყოჩაღა.

რამდენიმი წუთში სიტუაცია კვლავ განმეორდა: მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურებული კირკიტაძე ისევ ერთი-ერთზე დარჩა მეტოქის მეკარესთან და ამ "დუელშიც" გამარჯვებული კვასხვაძე გამოვიდა!

მესამე და ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს მაშინ ჰქონდათ, როცა რევაზ გეწაძემ თავის "საფირმო ცაციათი" ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ კვასხვაძემ არანაკლებ ბრწყინვალე რეაქციით თავისი გუნდი უეჭველ გოლს გადაარჩინა!

"ზესტაფონმა" მეორე ტაიმში კონტრშეტევებზე თამაში არჩია, თუმცა მასპინძლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ისე, ამ შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტი მაინც სტუმრებს ჰქონდათ: "ზესტაფონმა" სტანდარტული ორიგინალურად გაითამაშა და ბრაზილიელმა რენე ფერეირამაც "გემრიელად დააქუხა", მაგრამ თავის ახალგაზრდა კოლეგას არც გამოცდილი გრიგოლ ბედიაშვილი ჩამორჩა და ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია.

მოკლედ, გოლები ვერ ვიხილეთ, მაგრამ მონდომებას ვერც ერთ გუნდს ვერ დავუკარგავდით, მით უფრო, ასეთ აუტანელ სიცხეში...

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული